საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიამ“ ოფიციალურად წარადგინა. ქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, ბედნიერი ვიყავი, როდესაც შემომთავაზეს აქ გადმოსვლა. მინდოდა კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. ვიცი, რომ გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონობა, ევროლიგაზე გასვლა და თასის მოგებაა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ძანეტის იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომცა.
მიზნები? მე იგივე მიზნები მაქვს, რაც კლუბს. მინდა, ერთად ვიმუშაოთ გამარჯვებისთვის პირად მიზნებზე ფიქრის გარეშე. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, მივიდე ისეთ კლუბში, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია და გამარჯვებისთვისაა აშენებული.
დარწმუნებული ვარ, ეს სწორი არჩევანია, ძალიან გამიხარდა, რომ აქ ვარ. ევროთასის დონე? ყველამ იცის, რომ მაღალი დონის ტურნირია, იქ არიან გუნდები, რომლებსაც ევროლიგაშიც კარგად გამოსვლა შეუძლია. „ვირტუსი“ ერთ-ერთი მათგანია. რამდენიმე მატჩი ვნახე და აშკარაა, რომ გუნდს შეუძლია უფრო მაღალ დონეზე თამაში. ივნისამდე კონტრაქტი? ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
ჰაკეტს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ამ კლუბში შესანიშნავი ორგანიზაციაა, ცსკა-ს არ ჩამოუვარდება და ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ კალათბურთელებმა თავი კარგად იგრძნონ. სკარიოლოსაც ვესაუბრე, მანაც შეიტანა წვლილი ჩემს არჩევანში. ვიცი გუნდის ამბიციები და შეგვიძლია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. გუშინ დერბის ვუყურე და მსგავსი რამ ჩემს კარიერაში ძალიან ცოტაჯერ მინახავს. ისეთი მატჩი იყო, რომ თამაში ძალიან მომინდა. ფიზიკური მდგომარეობა? გარკვეული პერიოდი გამიცდა, მაგრამ ვმუშაობ, რომ რაც შეიძლება მალე მზად ვიყო. ოთხშაბათს მოედანზე ვიქნები.
სანიკიძეს ხშირად ვესაუბრები და მითხრა, რომ ბედნიერი უნდა იყო ჩემს გამო. მომიყვა გარემოსა და ხალხზე. მანაც თავისი წვლილი შეიტანა ამ არჩევანში, რადგან ვიქტორს ნამდვილად უყვარს ეს გუნდი. იმ კლუბში მოვხვდი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი და გამარჯვება მოიპოვოს“, - თქვა თორნიკემ წარდგენისას.
შენგელიას ტრანსფერი „ვირტუს ბოლონიამ“ ერთი კვირის წინ დაადასტურა და ჯერ მისი დებიუტი არ შემდგარა. მხარეებმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმეს.
„ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონობისთვის და ევროთასის ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის. გუნდში მარკო ბელინელი, დანიელ ჰაკეტი და მილოშ ტეოდოსიჩი თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი სერჯო სკარიოლოა. ამდენად, „ვირტუსს“ მიმდინარე სეზონში დიდი ამბიციები აქვს.