ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჯარისკაცებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მან საოკუპაციო ძალების ჯარისკაცებს დანებება ურჩია და პირობა მისცა, რომ მათ მიმართ უკრაინა ჰუმანური იქნება.
,,მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მათ, ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე და მათ, ვინც უნდა გამოგზავნონ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსო წვევამდელებო - მომისმინეთ ძალიან ყურადღებით, რუსო ოფიცრებო! თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. თქვენ ვერაფერს წაიღებთ უკრაინიდან. თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს. ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ. მაგრამ რატომ უნდა მოკვდეთ, რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები, გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს სახელმწიფოზე. თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში, თქვენს ოჯახთან. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს. ჩვენ ვიცით, ვინ ხართ, ამიტომ მე გთავაზობთ არჩევანს, უკრაინელი ხალხის სახელით, გაძლევთ შანსს, გადარჩენის შანსს. თუ ჩვენს ძალებს დანებდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან. ისე, როგორც არ გექცევიან თქვენს არმიაში და ისე, როგორც არ ექცევიან ჩვენს არმიას“, -განაცხადა ზელენსკიმ.