ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი არ იქნება გამოყენებული რუსებისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლის გზად

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი არ იქნება გამოყენებული რუსებისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლის გზად

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელი არ იქნება გამოყენებული რუსებისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლის გზად. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სლოვაკეთში გამოსვლისას ლაპიდმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და დასძინა, რომ ისრაელი „ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს მედიაციის მცდელობებს“.

„ისრაელი არ იქნება აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემოვლითი გზა.

ამ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ისრაელის ბანკთან, ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროებთან, აეროპორტების ადმინისტრაციასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და სხვებთან”, - განაცხადა ისრაელის პირველმა დიპლომატმა.

ლაპიდმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ორი დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ისრაელს სანქციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

„ყველა დემოკრატია შემოგვიერთდეს ფინანსური და ექსპორტის კონტროლის სანქციებში, რომლებიც ჩვენ პუტინს დავუწესეთ. ჩვენ ამას ვითხოვთ ისრაელისგანაც. სხვა საკითხებთან ერთად, თქვენ არ გსურთ გახდეთ ბინძური ფულის ბოლო თავშესაფარი, რომელიც პუტინის ომებს ამწვავებს“, - განუცხადა ნულანდმა, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ერთ-ერთ ტელეარხს.