ჩავი:

ჩავი: "ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც "ბარსელონაში" ვმუშაობ"

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ პამპლონას „ოსასუნა“ 4:0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ჩავიმ, როგორც აღნიშნულ შეხვედრაზე, ისე „გალათასარაისთან“ და „რეალთან“ მომავალ დაპირისპირებებზეც ისაუბრა.

„გალათასარაისთან“ მატჩის წინ კონცენტრირებულები არ ვიყავით და აქამდეც ვთქვი, როცა მოდუნდები, თამაშს ვერ მოიგებ. „ოსასუნასთან“ შესანიშნავად ვითამაშეთ და ბევრი გოლი გავიტანეთ. ჩემთვის, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც აქ მწვრთნელად ვმუშაობ. ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს და ეს მორალს ამაღლებს. ჩვენი კონკურენტებიდან მხოლოდ „სევილიამ“ დაკარგა ქულები და ამიტომ, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი კვირა შესანიშნავად დავიწყეთ. ახლა, ვეცდებით, თურქეთში საბრძოლო შემადგენლობით ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ, მაგრამ ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. „ბარსელონა“ პირველ თამაშში უკეთესი იყო, გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და ახლა თურქეთში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წავალთ.

ლა ლიგაში პირველი ადგილისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგების შემთხვევაშიც, რადგან „რეალს“ კომფორტული უპირატესობას აქვს. მათ რამდენიმე მატჩი რომ წააგონ, შანსი გვექნება, მაგრამ ამ დროისთვის მათ მხოლოდ ორი თამაში წააგეს. რეალისტები უნდა ვიყოთ, თუმცა „ბარსელონაც“ არ უნდა დავაკნინოთ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში 27 თამაშში მოპოვებული 51 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგაზე „გალათასარაისთან“ ჩაატარებს, ხოლო 20 მარტს, სტუმრად „ელ კლასიკოში“ „რეალს“ დაუპირისპირდება.