ბრიტანულმა სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერმა Three UK, რომელიც ლონდონის „ჩელსის“ სატიტულე სპონსორია, გადაწყვიტა საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტოს.
გადაწყვეტილება რომან აბრამოვიჩისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
„მთავრობის ბოლოდროინდელი სანქციების გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ვთხოვეთ დროებით შევაჩეროთ სპონსორობა კლუბის მიმართ და მათ შორის, ჩვენი ბრენდის სახელი ამოვიღოთ მაისურებიდან და სტადიონის სარეკლამო ბანერებიდან. გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს „ჩელსის“ ბევრ გულშემატკივარზე, რომლებიც თავიანთი გუნდით გატაცებულნი არიან. თუმცა მიგვაჩნია, რომ არსებული გარემოებებისა და მთავრობის სანქციების გათვალისწინებით, ეს სწორი ნაბიჯია“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Three UK ლონდონის „ჩელსის“ მთავარი სპონსორი 2020 წლიდან გახდა.