მიუნჰენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე პირველობის გამარჯვებულის წოდება დიდი ხნის წინ მოიპოვა. ეს წარმატება მოთამაშეებმა „აუგსბურგთან“ ჩატარებული საშინაო შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს.
დღეს ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა რომ საზეიმო ცერემონიალის შემდეგ „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა გუნდის გასახდელში ერთმანეთი გაასილაქეს.
ამ კონფლიქტის მთავარი „დამნაშავე“ ჯერომ ბოატენგი აღმოჩნდა, რომელმაც გერმანული ტრადიციები დაიცვა და თანაკლუბელ ფრანკ რიბერის თავზე რამდენიმე კათხა ლუდი გადაასხა. რიბერი მუსულმანია და რელიგია ალკოჰოლური სასმელების მიღებას სასტიკად უკრძალავს.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის მოთამაშემ „დამნაშავე“ ბოატენგს საფეხბურთო მინდორზე პასუხი არ გასცა, მაგრამ გასახდელში რამდენჯერმე წამოარტყა. რასაკვირველია ჯერომი ვალში არ დარჩა და განრისხებულ თანაგუნდელს ხურდა დაუბრუნა.
საქმეში „ბაიერნის“ სხვა ფეხბურთელები ჩაერთვნენ და რიბერი-ბოატენგის წყვილი ერთმანეთს დააშორეს. კონფლიქტი ამით არ დასრულებულა, რადგან რიბერიმ დაიფიცა რომ ბოატენგს ხმას აღარასოდეს გასცემს.
საინტერესოა რომ ფრანკ რიბერიმ თავი გასულ წელსაც „გამოიჩინა“, როდესაც ჰოლანდიელ არიენ რობენს სრულიად უმიზეზოდ აუხირდა.