მიხეილ სარჯველაძე:  ხიდჩატეხილობის და ყველაფერი უბედურების სათავედ ხელისუფლების გამოცხადება აბსურდია - პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით ასპარეზობაში პირველი ნომერი არის ოპოზიცია

მიხეილ სარჯველაძე: ხიდჩატეხილობის და ყველაფერი უბედურების სათავედ ხელისუფლების გამოცხადება აბსურდია - პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით ასპარეზობაში პირველი ნომერი არის ოპოზიცია

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხიდჩატეხილობის და ყველაფერი უბედურების სათავედ, რომ ხელისუფლებას გამოაცხადებენ, მართლაც აბსურდია - სპორტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, პოლარიზაციის გაღრმავება არ არის ის ასპარეზი და სფერო, სადაც ხელისუფლება პირველ ნომრად შეგვიძლია მოვიაზროთ, პირველი ნომერი, რასაკვირველია, არის ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მათ ისეთ იარლიყს აკერებენ, რომელსაც არ იმსახურებენ, ამაში არც უკრაინის და არც საქართველოს გულშემატკივრობა არ დევს.

„ოპოზიცია დაკავებულია ერთადერთი საქმით, რომ რამენაირად იარლიყი მიაკეროს ხელისუფლებას, რომ ის არის პრორუსი, მაშინ როდესაც ყველა ევროპულ ტრიბუნაზე საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხიდჩატეხილობის და ყველაფერი უბედურების სათავედ რომ ხელისუფლებას გამოაცხადებენ, მართლაც აბსურდია. მოვნახოთ მიზეზი, რატომ ვერ მიდის პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებისკენ, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ამოვხსნათ და გავაშიშვლოთ პრობლემა. სპორტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, პოლარიზაციის გაღრმავება არ არის ის ასპარეზი და სფერო, სადაც ხელისუფლება პირველ ნომრად შეგვიძლია მოვიაზროთ, ნამდვილად არ არის ასე. პირველი ნომერი, რასაკვირველია, არის ოპოზიცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა იყო, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე მკაფიო პოზიცია გამოეხატა და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ეს პასუხი პრემიერ-მინისტრმა თქვა.

„როდესაც პირველად მოვისმინეთ განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს, იქვე, იმავე ინტერვიუს დროს, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ოკუპაცია, სამართლებრივი შეფასებაც მიეცა და ა.შ. - ეს არ დაგვავიწყდეს, ეს ასე იყო და უდავოდ ასეა და შემდგომ განცხადებებში ის ამას აკეთებს ყოველთვის ხაზგასმით. საკმაოდ აგრესიული კამპანია დაიწყო იმის თაობაზე, რომ დიახ, საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციებს და ამაზე მოსაზრებები გაჩნდა. ამან ბუნებრივია, ბევრი ფაქტორი გააჩინა, მათ შორის, ნეგატიური ფაქტორები, თუნდაც ეკონომიკის მიმართულებით და დიახ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის ეს იყო პასუხისმგებლობა, რომ მკაფიოდ ამ საკითხზე პასუხი ეთქვა და ეს მკაფიოდ, გადაჭრით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე პრემიერ-მინისტრმა თქვა და ეს ასეც უნდა გაკეთებულიყო. ყალბი ემოცია იქნება ის, რომ ჩვენ მივიღოთ სანქციაზე გადაწყვეტილება მარტო იმიტომ, რომ ითქვას, საქართველომ რაღაც სანქციაზე გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც ამით შეიძლება უფრო მეტი ზიანი თვითონ საქართველოს მიადგეს, ვიდრე რუსეთს - ეს ნორმალური იქნება?!.

მაგალითად, საქართველოს ოკუპაცია არ არის ის საკითხი, რომელსაც მე პარტიული გადმოსახედიდან ვუყურებ. ეს არის ჩემი სამშობლო, რომელიც მარადიულია და პირადად ჩემთვის, ყველაფერზე მაღლა დგას და თუ მე არ მჯერა ამ შემთხვევაში სწორი პოზიციისა, ვერაფრით მივცემ თავს უფლებას, რომ დავდგე და რაღაცები „გავაპრავო“, მე ამას ვერავინ მომთხოვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.