რუსთაველის გამზირზე ხვალ ორი ტიპის ღონისძიების გამართვა იგეგმება - მამათმავლები და სხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მატარებელი ჯგუფი პარლამენტის შენობის წინ თავისი ორიენტაციის დემონსტრირებას მოახდენს, რასაც ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა გარყვნილების პროპაგანდად მიიჩნევს და ეცდება პარლამენტის წინ მყოფთა ღონისძიება კონცერტით გადაფაროს. პარლამენტისა და პირველი სკოლის შენობებს შუა პოლიციის ცოცხალი კორდონი იქნება აღმართული. ცნობილია ისიც, რომ ხვალ რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეკლესიის წევრებიც მრავლად იქნებიან. ამასობაში, ორდერებმომარჯვებული ადვოკატები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქართული საზოგადოების ტრადიციების, რელიგიის და მენტალიტეტისთვის მიუღებლად მიიჩნევენ მამათმავლობის და სხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებასა და პროპაგანდას.
„17 მაისს, 11 საათზე ადვოკატები ორდერის ბლანკებით და ადვოკატის მოწმობებით ვიკრიბებით ფილარმონიასთან, სკოლის წინ. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები ჰომოსექსუალების და სხვა ელგებეტეების პროვოკაციისგან და მხარი დავუჭიროთ ეკლესიის მოთხოვნას, გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ხვალ გამოჩნდება შავი და თეთრი“, - ამგვარი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ადვოკატებმა ერთმანეთს გაუგზავნეს. იგივე შინაარსის ტექსტი სოციალური ქსელითაც გავრცელდა. მიმართვის ამგვარი ფორმის ინიციატორი ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილია. მას ტელეფონით დავუკავშირდი და კომენტარი ჩავწერე.
ბესარიონ ბოჭორიშვილის განმარტებით, მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რადგან მსგავსი ტიპის ხიფათის დროს ადვოკატები ყოველთვის ასე იქცევიან. ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილისგან შევიტყვე ისიც, რომ ახალგაზრდების ჯგუფი კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
„მამა თეოდორე გიგნაძემ თავის ქადაგებაში თქვა, რომ უზნეობას ქრისტიანული მორალით წინ უნდა აღვუდგეთ. ვიცი, რომ ხვალ მრევლი ქუჩაში გამოდის. ჩვენი კანონმდებლობა საზოგადოების მორალს უნდა შეესაბამებოდეს. ის, რასაც საზოგადოება გასაკიცხ ქმედებად თვლის, უნდა აიკრძალოს. რადგან კანონის უპირველესი წყარო საზოგადოება და მისი ზნეობრივი ნორმებია, ამიტომ, კანონში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს, მასში საზოგადოების პოზიცია უნდა აისახოს“, - ამბობს ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი.
მისივე განმარტებით, მამათმავლობას, ლესბოსელობას, პედოფილიას და მის პროპაგანდას ჩვენი საზოგადოება გარყვნილებად აფასებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობა ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ კანონმა აკრძალვით და კიდევ სხვა ფორმით დაარეგულიროს, გაიზიაროს საზოგადოების უარყოფითი პოზიცია გარყვნილების პროპაგანდისადმი.
„კანონმდებლები ჩვენ ავირჩიეთ. შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან საზოგადოების პოზიცია კანონში ასახონ და შესაბამისად, კანონით აკრძალონ გარყვნილების პროპაგანდა“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის მიზნით, პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდები ხელმოწრეების შეგროვებას იწყებენ - „ჩვენ, ადვოკატები ვალდებულები ვართ მათ გვერდში დავუდგეთ“.