ჯავახეთში მცხოვრები სომხები რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ

ჯავახეთში მცხოვრები სომხები რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები და ქართველები ეწინააღმდეგებიან რეგიონში თურქი-მესხების ჩასახლებას. ისინი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ, რითაც გადაწყდება, უნდა დაბრუნდნენ თუ არა თურქი-მესხები საქართველოში.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, „ერეკლე მეორის საზოგადოება“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიმდინარე კვირის ბოლოს თურქი-მესხების ჩასახლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს.

მათი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეგიონის მოსახლეობის 100% თურქი-მესხების ჩასახლებას ეწინააღმდეგება. მათი უკმაყოფილების მიზეზი კი ისაა, რომ, სადაც მათი ჩასახლება სურთ, 60–70 % სომხური მოსახლეობაა, რომლებსაც თურქეთთან არ აქვთ კარგი ურთიერთობა და ისინი თურქ-მესხებს, როგორც თურქებს, ისე აღიქვამენ.

თბილისელ სომეხთა ასამბლეის თავმჯდომარე დავით მანესაჯოვი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თურქი-მესხების ჩასახლებამ შესაძლებელია, ეთნოდაპირისპირება გამოიწვიოს. იგი ეჭვობს, რომ ამ ადამიანების ჯავახეთში ჩასახლებას ჰუმანიტარული ხასიათი არ აქვს და ეს უფრო პოლიტიკური ამოცანაა, რათა აქ პლაცდარმი შეიქმნას. კერძოდ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შენდება და მათ სურთ, თავიანთი ხალხი დაასახლონ ჯავახეთში.

უფრო მეტიც, დავით მანესაჯოვის თქმით, თურქი-მესხების ორგანიზაციის საიტზე პირდაპირ წერია, რომ 1918 წლის 26 მაისს, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მათ მაშინვე გამოაცხადეს ახალციხისა და ახალქალაქის ნაწილის დამოუკიდებლობა და ამ ტერიტორიების მიერთება თურქეთთან.

გარდა ამისა, თბილისელ სომეხთა ასამბლეის თავმჯდომარე ისტორიულ მეხსიერებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდებოდა თურქების შემოსევისას, ეს ყველაფერი კი ამძაფრებს სიტუაციას.

„ადამიანებს რომ ასახლებენ, იქაურ ხალხს არაფერს ეკითხებიან. მოგვიწოდებენ, ასე გვჭირდება და გაჩუმდითო. რატომ არ ტარდება მოსახლეობისთვის რაიმეს განმარტება? ევროპის წინაშე ვალდებულება მართლაც არსებობს, მაგრამ თუკი რეფერენდუმი გადაწყვეტს, რომ მათი ჩამოსახლება არ გვინდა, ეს გააჩერებს ყველა ლაპარაკს. ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიაში მინარეთების შესახებ ჩაატარეს რეფერენდუმი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ სჭირდებოდათ მინარეთები. ეს არის დემოკრატია. თუ ეს შვეიცარიაში შეიძლება, ჩვენთან რატომ არ შეიძლება?! თავის საიტზე თურქი-მესხები ამბობენ, ჩვენ ვართ თურქები, არავითარი ქართველები, მაშინ რატომ უნდათ დაბრუნება იმ რეგიონში, სადაც ქართველ მასწავლებელს რომ უშვებენ, მერე იმასაც ავიწყდება ქართული და სომხურს სწავლობენ. ვისგან უნდა ისწავლონ თურქმა-მესხებმა ქართული? ამას წინათ ისინი ოზურგეთში დასახლდნენ, მათი ბავშვები უკვე ლაპარაკობენ ქართულად, მაგრამ უფროსმა თაობამ არ იცის ქართული“, - აცხადებს დავით მანესაჯოვი.

როცა დავინტერესდით, თუ როგორი განწყობაა ჯავახეთის ძირძველ ქართულ მიწაზე ქართველების დაბრუნების მხრივ, დავით მანესაჯოვმა აღნიშნა, რომ ეს არ ეხება ქართველებს, პირიქით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სურთ, მუდამ ქრისტიანებით იყოს დასახლებული ეს რეგიონი.

„კი ბატონო, ეს ქართული მიწაა და ქართველი უნდა ცხოვრობდეს. ამიტომ, თურქ-მესხებთან მიმართებით ქართველიც და სომეხიც ერთ აზრზე არიან. ეს ჩვენთვის თურქიზაციის საშიშროებაა. ყველაზე დეპრესიული რეგიონია, არც ბუნება არ არის საიმისოდ, რომ მოსავალი იყოს. რატომ ბრუნდებიან მაინცდამაინც ჯავახეთში, რომლის მოსახლეობაც თავადაც ტოვებს იმ ტერიტორიას?!“ - აინტერესებს დავით მანესაჯოვს.

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ გვითხრა, რომ პრემიერ-მინისტრისადმი მათი მიმართვა სულაც არ გულისხმობს, რომ თურქი-მესხების შესახებ საუბარი დამთავრდეს. ეს შეუძლებელია, რადგან საქართველომ ევროპისგან აიღო აღნიშნული ვალდებულება და ჩვენი ქვეყანა უნდა ეცადოს, ეს ვალდებულება შეასრულოს. თუმცა, გააჩნია, რა დონეზე შეასრულებს ამ ვალდებულებას და რა დროში. ამიტომ შეიძლება, ეს ვალდებულება შევასრულოთ 30 წელიწადში და ეს უმტკივნეულო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ხოლო, თუ ამ ვალდებულებას ერთ წელიწადში შევასრულებთ და 10 ათას ადამიანს ჩამოვასახლებთ, შესაძლოა, ეს დიდ პრობლემად დააწვეს ქვეყანას. მით უფრო, რომ ისედაც 300 ათასზე მეტი ლტოლვილი გვყავს და უმუშევრობის დონე მაღალია.

„არაერთი მრგვალი მაგიდა ეწყობა არა მარტო თბილისში, არამედ ევროპაშიც თურქი-მესხების ჩამოსახლების შესახებ. ამ შეხვედრებზე თურქეთის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან დაპატიჟებულნი არიან პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები. თუმცა ჯავახეთიდან არავინაა მიწვეული. რეგიონალური არასამთავრობოები არ არიან ჩართულნი ამ საკითხში. ეს კი იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, სადაც თურქი-მესხების ჩასახლება სურთ. ახალქალაქში 90%-ზე მეტი სომხური მოსახლეობაა, ხოლო ახალციხეში ბევრი ქართველი და სომეხი ცხოვრობს, ისინი ეწინააღმდეგებიან მათ ჩასახლებას. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ვინმეს მიმართ ვალდებულებას კი არ უნდა უყურებდეს, არამედ - თავისი მოსახლეობის ნებას. ამიტომ, მინიმუმ, რეფერენდუმი მაინც უნდა ჩატარდეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და გავიგოთ, მოსახლეობას რა აზრი აქვს“, - აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

მისი თქმით, სომხები აცხადებენ, რომ მათი გენოციდი მოხდა 1915 წელს და თურქებთან მათი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. ამიტომ სადაც არ უნდა ჩაასახლონ თურქი-მესხები, იქ არ არის სახნავ-სათესები, საძოვრები და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ადგილობრივები, რომლებსაც თავადაც არ ჰყოფნით ეს მიწები, რაც კონფლიქტის მესამე კერას წარმოშობს.

მეტიც, არჩილ ჭყოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ თურქი-მესხები დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვასახლოთ და მათ მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მივცეთ, ნიშნავს, რომ დაზარალდება საქართველოს სახელმწიფო, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა და შეიძლება, ყველაზე მეტად დაზარალდეს თავად ჩამოსახლებული ხალხი. ასე რომ, თურქი-მესხების წინააღმდეგ მოსახლეობის აგრესია გარდაუვალია.