გუშინ ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ „Billboard” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის 19 მაისს, ქალაქ ლას-ვეგასში ჩატარდება ტრადიციული „Billboard Music Awards”-ის ნომინანტების დაჯილდოების მორიგი საზეიმო ცერემონიალი.
ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძიებაზე ერთ-ერთი საპატიო ჯილდო პოპულარულ მომღერალ მადონას გადაეცემა.
54 წლის ლუიზა ჩიკონეს (მადონას ქალიშვილობის გვარი), პრიზი გადაეცემა გასულ წელს ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური გასტროლების გამო.
შარშან უბერებელმა მომღერალმა საზოგადოებას ახალი ალბომი „M.D.N.A.” წარუდგინა. დისკის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ წარმოშობით იტალიელი ქალბატონი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრა.
დაახლოებით რვა თვის განმავლობაში მადონამ 88 კონცერტი ჩაატარა. ამ ღონისძიებებს 2,2 მილიონი ადამიანი დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ამ საგასტროლო მოგზაურობამ მომღერლის საბანკო ანგარიში 305 მილიონი დოლარით გაამდიდრა. გასულ წელს ამ მაჩვენებლით მადონამ არაერთ პოპულარულ ჯგუფსა და მუსიკოსს გადაასწრო.