დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კარიერას ალბათ ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.
პარიზული კლუბის წარმომადგენლები ახალგაზრდა პორტუგალიელს გუშინ შეხვდნენ და „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის სახით წელიწადში 18 მილიონი ევრო შესთავაზეს.
ფრანგული გუნდი თანახმაა რომ მადრიდის „რეალს“ წამყვან ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ჯერჯერობით როგორც „პარი სენ ჟერმენისა“ ასევე მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ერთი თვის წინ, ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჟოზე მოურინიოს „სამეფო გუნდიდან“ წასვლის შემთხვევაში, მის გზას კრიშტიანო რონალდოც დაადგებოდა. რუსი ლამაზმანი ირინა შეიკის შეყვარებულს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „რეალში“ მხოლოდ მოურინიოს გამო ჩერდებოდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თურმე კრიშტიანო „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის გადადგომის შემდეგ ამ განზრახვაზე უარის თქმა მოუწია.