წინა ხელისუფლებამ არამიზნობრივად 923,7 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე მიაწოდეს.
პროექტების ჩამონათვალში, რომლებიც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული არ არის და არც სოციალური დატვირთვის მატარებელია, ქუთაისის პარლამენტი მოხვდა, რომელზეც 344 მლნ ლარია დახარჯული. თბილისში, რიყეზე, ახალი თეატრის მშენებლობაზე 70 მილიონი, ბათუმში ანბანის კოშკისა და „ბათუმი თაუერის“ მშენებლობაზე - 60-60 მილიონი, ანაკლიის აქვა-პარკის მშენებლობაზე 25,3 მილიონი ლარია დახარჯული. ანაკლიის საფეხმავლო ხიდი 11,5 მლნ ლარი დაჯდა, ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნა - 800 ათას ლარამდე, ხოლო დაბა მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმა კი 1,2 მლნ ლარი დაჯდა.
აღნიშნული პროექტების გარდა, არამიზნობრივად შემდეგი პროექტები სახელდება: ქუთაისში მე-2 სატელევიზიო არხის ამოქმედება (9,5 მლნ ლარი), კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა (53 მლნ ლარი), ლაზიკას მშენებლობის გახსნა (11,2 მლნ ლარი), ანაკლიაში კაფე-რესტორნის მშენებლობა (2 მლნ ლარი), ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა (7,5 მლნ ლარი), გოდერძის კურორტის მშენებლობა (39,7 მლნ ლარი), მესტიაში აეროპორტის მშენებლობა (9,2 მლნ ლარი), პირველი კავკასიური არხის დაფინანსება (34,6 მლნ ლარი), სურსათის და ელექტროენერგიის ვაუჩერი (88,2 მლნ ლარი), სამუშაო ადგილებზე პროფესიული გადამზადების პროგრამა (2007-2008 წლების ხარჯი - 66,7 მლნ ლარი) სტუდენტური დასაქმების პროგრამა (12,4 მლნ ლარი), „ქეთო და კოტე“-ს დადგმა (2,1 მლნ ლარი), ბათუმში ანდრეა ბოჩელის (2,3, მლნ ლარი), ასევე, კრის ბოტისა და სტინგის (1,3 მლნ), პლასიდო დომინგოს (737 ათასი ლარი) კონცერტების ორგანიზება, ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნა (793 ათასი ლარი) და ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებასთან და დასწრებასთან დაკავშირებული ხარჯები (656 ათასი ლარი). გასულ ორ წელიწადში, მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებებზე 13,5 მლნ ლარია დახარჯული.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 923,7 მილიონი ლარი მართლაც ძალიან დიდი თანხაა. თუმცა მისი განმარტებით, არამიზნობრივი აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს, კერძოდ, - იმ თანხას, რაც კანონით არ არის განსაზღვრული და, რომელიც მარცხენა მიზნებს ემსახურება. ამ თვალსაზრისით კი, ნაციონალების მიერ გახარჯული თანხები კანონმდებლობის შესაბამისად იყო გახარჯული, თუმცა ეს თანხა არაეფექტურად გახლდათ ბიუჯეტიდან გახარჯული.
ექსპერტის თქმით, ეს თანხები პრიორიტეტულ საზოგადოებრივ საჭიროებას უნდა მოხმარებოდა, კერძოდ, სოციალურ პროექტებს, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, როგორც სოფლად, ისე ქალაქად, რაც უკეთ აისახებოდა თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე.
„ნაციონალებმა შეიძლება იდაონ და თქვან, რომ „ქეთო და კოტე“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე კი მიმაჩნია, რომ სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ავადმყოფების მკურნალობა, გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, სოფლებში გაზის გაყვანა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ბიზნესისთვის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ანბანის ძეგლის დადგმა თუ ჭაჭის შადრევნის გაკეთება“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისივე თქმით, სადაო საკითხია პრიორიტეტული ხარჯები, რადგან ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება მოიტანოს ერთმა მხარემაც და მეორემაც, მაგრამ ექსპეტს მაინც მიაჩნია, რომ საქართველოსნაირი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებას ეს თანხა უფრო მიზანმიმარულად უნდა გამოეყენებინა.
„ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ბიუჯეტის თანხების ასეთი არამომჭირნე ხარჯვისა და სხვა ქმედებების გამო ხალხმა თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ვერ დაიმსახურეს ხალხის ნდობა. ამიტომაც პირწმინდად წააგეს არჩევნები“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
ეკონომიკური ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ თანხების ხარჯვისას სახელმწიფოს ფუნქციები შეზღუდული უნდა იყოს. ნებისმიერი ხარჯები, რომლებიც სცდება თავდაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მისი აზრით, ზედმეტია.
ამიტომ, ექსპერტის თქმით, ნაციონალების მიერ ამ საჭიროებებისთვის გაწეული ხარჯები, შესაძლოა, კერძო სექტორის მიერ განხორციელებულიყო.
„რაც შეეხება რიყეზე გაკეთებულ ე.წ. „ტრუბებს“, თუ არ ვცდები, ეს თბილისის ბიუჯეტით დაფინანსდა. ჩემი აზრით, ცენტრალური მთავრობის ფუნქცია ასეთი ღონისძებების ჩატარება არ არის. ეჭვი მეპარება, რომ ეს საჭირო ყოფილიყო, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ, ვის ვაკრიტიკებთ. ლაზიკას რაც შეეხება, ლაზიკის ჩანაფიქრი შეიძლება სხვადასხვანაირი ყოფილიყო, ეს იქნებოდა სპეციალური ადგილი, სადაც განსხვავებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ადმინისტრაციული წესები დამკვიდრდებოდა. შესაბამისად, მთავრობას იქ არ უნდა აეშენებინა არცერთი შადრევანიც კი. ამიტომ წამოწყება, რომელიც გულისხმობდა საბიუჯეტო ხარჯებს, ჩემთვის მიუღებელი იყო. თუმცა წამოწყება, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზონას, სადაც შესაბამისი ინტერესისა და რისკის ადამიანები საინვესტიციო რესურსებს ჩადებდნენ და იქ რამეს ააშენებდნენ, ეს მათი საქმე იქნებოდა“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
ნაციონალების მიერ ანდრეა ბოჩელის, კრის ბოტის, სტინგის, პლასიდო დომინგოს კონცერტებთან დაკავშირებით გაღებულ თანხებთან მიმართებით კი ექსპერტი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სპეციალური ფონდიდან ფინანსდებოდა. თუმცა ერთიცაა, ეს ფონდი მიზანმიმარული უნდა იყოს იმისკენ, თუ რაზე შეიძლება დაიხარჯოს თანხები და რაზე არა.
ამიტომ პაატა შეშლიძის თქმით, ბევრად უკეთესი პროექტების განხორციელება შეეძლო კერძო სექტორს და ბევრი ტვირთი დააწვა სახელმწიფოს მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ხოლო, თუკი ნაციონალებმა ჯერ დახარჯეს თანხები და შემდეგ, პოსტ-ფაქტუმ, ეს თანხები „გააპრავეს“, ეს უკვე სხვა ინსტანციის პრეროგატივაა.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმის დადგენა, თუ რა არის არამიზნობრივი, ამ პირობებში იოლი არ არის და ბუნდოვანია. მაგალითად, წინა მთავრობისთვის პრიორიტეტული იყო კონცერტების ჩატარება, ახალი მთავრობისთვის კი პრიორიტეტია უფასო წიგნების დარიგება და ვერავინ შეედავება, რატომ მიიჩნევენ ასე.
„ნაციონალები თავს იმართლებდნენ, უფასო კონცერტი ჩავატარე და სოციალურად გაჭირვებულს მოვასმენინე კრის ბოტის სიმღერაო. ამ დროს კი ახალი ხელისუფლება იტყვის, გაჭირვებულს დავეხმარეთ, დავურიგეთ წიგნებიო. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ როცა ნაციონალების მიერ დახარჯული თანხები განასაჯაროვა, ალბათ, ამით იმის თქმა სურდათ, რომ წინა მთავრობა ხარჯავდა თანხებს ისეთ პროექტებში, რაზეც ჩვენ არ დავხარჯავდითო, მაგრამ, ვფიქრობ, ახალი მთავრობაც ფლანგავს თანხებს, როცა უფასო ჯანდაცვაზე და სხვადასხვა პროექტებზე ლაპარაკობს. ამიტომ, ჩემი აზრით, ორივე შემთხვევა მცდარია“, - აცხადებს ექსპერტი.