რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 34 წლის მცველმა რიო ფერდინანდმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინგლისის ეროვნულ გუნდში ჩემი ადგილი ახალგაზრდა მოთამაშეებს დავუთმო. ნაკრებში 1997 წლიდან ვთამაშობ. ალბათ დადგა დრო რომ ქვეყნის უპირველეს გუნდს გამოვემშვიდობო.
ნაკრებში მაიკლ ოუენის, ემილ ჰესკისა და ფრენკ ლამპარდის გვერდით მითამაშია. როდესაც ამ გუნდის მაისური მოვირგე მხოლოდ 19 წლის გახლდით. თავის დროზე სამ მსოფლიო პირველობაზე ვიასპარეზე.
მომავალი სეზონიდან მხოლოდ კლუბში ვითამაშებ. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ურთულესი წელი ელოდება და ჩემი მოვალეობაა ახალ მწვრთნელ დავიდ მოიესს გვერდში დავუდგე“. - განაცხადა რიო ფერდინანდმა.
დღესვე ბრიტანულ მას-მედიას ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ესაუბრა.
„უახლოეს მომავალში რიო ფერდინანდს ნაკრებიდან ოფიციალურად გავაცილებთ. სიმართლე გითხრათ და მისი გადაწყვეტილება ცოტა ნაჩქარევი მომეჩვენა. ფერდინანდის მდიდარი გამოცდილება ნაკრებს კიდევ გამოადგება, მაგრამ ფეხბურთელის აზრს პატივი უნდა ვცეთ.“ - განაცხადა როი ჰოჯსონმა.