დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ ბრემენის „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელი თომას შააფი თანამდებობიდან გადადგა.
53 წლის ფეხბურთის სპეციალისტი ბრემენულ კლუბს ბოლო 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის ხელში „ვერდერმა“ 2004 წელს გერმანიის პირველობის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გუნდს მძიმე დროება დაუდგა და მაჩანჩალათა რიგებში ჩაეწერა. მიმდინარე სეზონში „ვერდერმა“ ბუნდესლიგიდან დაქვეითებას თავი მხოლოდ წინა ტურში დააღწია.
ქალაქ ბრემენში თომას შააფის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ. გამოცდილმა მწვრთნელმა სამსახურიდან დათხოვნას საკუთარი სურვილით წასვლა არჩია.
„გუშინ „ვერდერის“ ხელმძღვანელობას შევხვდი და გადადგომის შესახებ ვაცნობე. „ვერდერში“ ბოლო 14 წელი გავატარე და ეს ნაბიჯი ჩემთვის მძიმე აღმოჩნდა. ფაქტია, რომ გუნდს წარმატებით ვეღარ ვუძღვები და დროა ჩემი ადგილი სხვა სპეციალისტს დავუთმო“. - განაცხადა თომას შააფმა.