ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებულ ტერორისტული თავდასხმასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები აქვთ სამხედრო ექსპერტებს, ხომ არ იყო შესუსტებული უსაფრთხოების ნორმები. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თვითმკვლელი ტერორისტისთვის ბაზის ტერიტორიაზე შესვლა და იქ სატვირთო ავტომანქანის აფეთქება, იოლი არ უნდა ყოფილიყო.
შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების ზომები შესუსტებული ყოფილიყო? ეს კითხვა დაისვა სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ...
- სავსებით ლეგიტიმურია ის კითხვები, რომელიც გააჩნია გიორგი თავდგირიძეს. რამდენადაც, ანალოგიური კითხვა დასვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, როდესაც თქვა, რომ მართალია ომის ვითარებაა ავღანეთში, თუმცა შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების გაცილებით მეტი მექანიზმები ყოფილიყო. ამ შემთხვევაში არ შეიძლება კითხვა არ გაგიჩნდეს ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია ავღანეთის ოპერაციაზე, რა თქმა უნდა, იქ 100%-ანი გარანტიები არ არსებობს, რომ არ მოხდება შესაძლო მსხვერპლი, მაგრამ, რაც 13 მაისს მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული სცენარი.
განსხვავებულ სცენარში რას გულისხმობთ, ტერაქტის მასშტაბებს?
- ქართული სამშვიდობო კონტიგენტიდან 22 ჯარისკაცი არის დაღუპული ამ ოპერაციაში და ყველაზე დიდი დაოდენობა დაფიქსირდა 2010 წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც 4 ჯარისკაცი გარდაიცვალა. უმეტესობა ნაღმზე აფეთქებით იყო გარდაცვლილი. ამ შემთვევაში, ჩვენ გვაქვს ფაქტი იმისა, როდესაც სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში თალიბებმა. დაიღუპა 3 სამხედრო და დაშავდა 20-მდე სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, სრულიად ლეგიტიმურია კითხვა - ხომ არ იყო შესუსტებული უსაფრთხოების ნორმები? რამდენადაც, ტერორისტებისთვის ბაზაზე შეღწვა ასე ადვილი არაა. იქ არის საგუშაგო, არის ბლოკპოსტები და შესაბამისად, თვითმკვლელი ტერორისტისთვის შესვლა ბაზის ტერიტორიაზე და იქ სატვირთო ავტომანქანის აფეთქება, არ უნდა ყოფილიყო იოლი. როდესაც საუბარია იმაზე, რამდენად ძლიერი იყო უსაფრთხოების ნორმები, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, იგივე, ბოლო სამხედრო ჯარისკაცი, რომელიც მოკლეს ავღანეთში, როდესაც მან თვითნებურად მიატოვა ავღანეთში სამხედრო ბაზა. გამოცხადებული იყო ძებნა, შემდეგ უკვე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნაპოვნი იქნა ნაწამები. როგორ მოხდა ამ ადამიანის მიერ სამხედრო ბაზის დატოვება, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები. ვფიქრობ, რომ იდეალური ვარიანტია, მოხდეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ამ მიმართულებით წინა და მოქმედი ხელისუფლების სტრატეგია განსხვავდება თუნდაც იმ კუთხით, რომ ყოფილი ხელისუფლება მალავდა მსგავს ფაქტს...
- გეთანხმებით, ჩვენ თუ შევაფასებთ სტრატეგიას, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და სტრატეგია, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის რადიკალურად განსხვავებული. წინა ხელისუფლების პირობებში როდესაც ხდებოდა ინციდენტები ავღანეთში, ამის შესახებ რამდენიმე კვირის შემდეგ იგებდა საზოგადოება. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია იმალებოდა. ყველაზე მძიმე იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი დაღუპულები ჩუმად ჩამოყავდათ საქართველოში, არ იყო ნებადართული მედიის დასწრება. ამ შემთხვევაში ვითარება გამჭვირვალეობის კუთხით შეცვლილია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვები საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს.
თავდაცვის სამინისტროში შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციას და თავდაცვის უწყებას აქვს საშუალება, რომ ისაუბროს სხვადასხვა საკითხებზე და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი იყო ნატოსთან ურთიერთობა, როდესაც დასახელდა ეს ჯგუფი, შემდგომ ამ ჯგუფთან შეხვედრა არ მომხდარა. მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ჯგუფის მუშაობის კითხვა-პასუხის რეჟიმში პასუხების მიღება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პროცესები მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში. რა თქმა უნდა, თავდაცვის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს პირადად თავდაცვის მინისტრი, საკმაოდ გამჭვირვალეა. მაგრამ ინფორმაცია, რამდენად არის მზადყოფნა შეიარაღებულ ძალებში და რა პრობლემებია, ეს, რა თქმა უნდა, არაა გამჭვირვალე. ალბათ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ თემაზე მსჯელობა.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფს, ამ დრომდე პარლამენტა ვერ შეძლო ნდობის ჯგუფის შექმნა. ეს რამდენად პრობლემურია?
- ძალიან საჭიროა ნდობის ჯგუფის შექმნა. აქ არის ის საკითხები, რომელიც აუცილებელია იყოს უზრუნველყოფილი. საპარლამენტო კონტროლის რეალური განხორციელება, ეს არის მთავარი მექანიზმი. ნდობის ჯგუფის წევრები განიხილავენ საიდუმლოებას მიკუთვნილ ინფორმაციას, როგორიც არის თავდაცვის უწყების საიდუმლო ხარჯები, საიდუმლოებასთან მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს განსაზღვრავს. თუ ქვეყანაში ხდება კრიზისული ვითარება და ეს ინფორმაცია არის საიდუმლო, ამ ინფორმაციის განხილვის საშუალება აქვს ნდობის ჯგუფს. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტი განიხილებოდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ნდობის ჯგუფი და საიდუმლოებას მიკუთვნებული ბიუჯეტის მუხლების განხილვა მომხდარიყო, კანონი ავალდებულებს ამას ნდობის ჯგუფს.
როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონპროექტში ცვლილებები, თავდაცვისა და ნდობის ჯგუფის შესახებ...
- ნამდვილად ასეა. თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ აიღო ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ 4 მილიონზე მეტი იქნება შესყიდვა საიდუმლო ნაწილში, ამ ინფორმაციას მიაწვდიან ნდობის ჯგუფს. მე ვსვამ კითხვას, სადაა ეს ნდობის ჯგუფი და როდის აპირებს უმრავლესობა ნდობის ჯგუფის შექმნას? გასაგებია მიზეზი, რომ გივი თარგამაძეს ისინი არ ენდობიან, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს უნდობლობა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე ხანი.
რამდენად საფუძვლიანია უმრავლესობის ეს არგუმენტი?
- რა თქმა უნდა, ეს არაა არგუმენტი იმისა, რომ ნდობის ჯგუფი ამიტომ არ უნდა შეიქმნას. მესმის, რომ არის პრობლემა, მაგრამ არსებობს აქაც გამოსავალი და ის, რომ თარგამაძეს არ ენდობიან, მაგრამ მათ შეუძლიათ ის სცენარი გამოიყენონ, რა სცენარიც იყო გამოყენებული სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გივი თარგამაძის მიერ, როდესაც მათ უნდობლობა გამოუცხადეს დავით გამყრელიძის კანდიდატურას.
უმცირესობა გივი თარგამაძის კანდიდატურის გადახედვას არ აპირებს. მაგალითად, დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა საქართველოს უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში. და, ის, რომ მის წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ეს არასერიოზულია...
- როდესაც საუბარია მის დიდი როლზე, მე არ მახსენდება გივი თარგამაძის დიდი როლი უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში. კი, ბატონო, იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ ძალაინ ხშირად აცდენდა სხდომებს, რამდენიმე თვე არ იყო თბილისში და მისი დიდი აქტიურობა ამ კუთხით არ მახსენდება.
აქ მთავარი მოტივია ის, რომ უმცირესობის კვოტით ვინც იქნება წარმოდგენილი ნდობის ჯგუფში, არ გააცდენს სხდომებს. მეორე მათ შეეძლოთ ნდობის ჯგუფის კანონით გამოყენებული ბერკეტების გამოყენება და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი შესაქებ სიტყვას გივი თარგამაძეზე, რომელსაც ნდობის ჯგუფის შეხვედრები ფაქტიურად არ გამოუყენებია, საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის უწყებაზე იყო ნული.
არ კონტროლდებოდა არც თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვა, არ კონტროლდებოდა ადამიანის უფლებები შეიარაღებულ ძალებში. უმრავლესობის პოზიცია იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ქვეყანას სჭირდება ნდობის ჯგუფი და უნდა შეიქმნას. გივი თარგამაძის კანდიდატურა არ უნდა იყოს განმსაზღვრელი კრიტერიუმი იმისა, რომ ეს ყველაფერი დროში იყოს გაწელილი. რაღაცა ალტერნატივა უნდა გამოიძებნოს. პარლამენტის დადგენილებით 5 წევრი ჰყავს ნდობის ჯგუფს. მათ შეუძლიათ, რომ დადგენილებით მინიმუმ 4 წევრი მაინც დაამტკიცონ. გივი თარგმაძემ ერთი წელი რომ იძახოს ჩემს გარდა არავინ არ იქნებაო, ამიტომ ნდობის ჯგუფი არ უნდა შევქმნათ? მე ამ კითხვას ვუსვამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, რამდენადაც მისი, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.