მიხეილ სარჯველაძე: პოზიციურად გამიჯვნას, დაპირისპირებას და ოპოზიციაში გადასვლას არ აქვს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან - ბიუროს კომპეტენციაა განსაზღვროს მისი მოსმენის თარიღი

მიხეილ სარჯველაძე: პოზიციურად გამიჯვნას, დაპირისპირებას და ოპოზიციაში გადასვლას არ აქვს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან - ბიუროს კომპეტენციაა განსაზღვროს მისი მოსმენის თარიღი

პოზიციურად გამიჯვნას, დაპირისპირებას და ოპოზიციაში გადასვლას არ აქვს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან - ბიუროს კომპეტენციაა განსაზღვროს მისი მოსმენის თარიღი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავალდებულო არ არის, რომ პრეზიდენტის მოსმენა 5 მარტს გაიმართოს. კითხვაზე, თუკი პარლამენტი არ მოუსმენს მას 5 მარტს, ხომ არ აღიქმება ეს წინააღმდეგობად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა „ქართული ოცნების" გუნდისგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა უკრაინის საკითხზე, სარჯველაძე პასუხობს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა იქნას აღქმული წინააღმდეგობად.

„მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეაფასებს ცალკეულ საკითხებს, რომელიც ყველაზე აქტუალურია და რელევანტურია დროის, პოზიცია და ხედვა როგორი ექნება, ამ საკითხებზე ამ პროგნოზირების გაკეთება მე არ შემიძლია. იმაში, რომ პრეზიდენტი ემიჯნება "ქართული ოცნების" გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ამაში არ დაგეთანხმებით. მისი განცხადება სხვანაირად ვიტყოდიო (სანქციებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების კომენტირებისას) იმას ნიშნავს, რომ გაემიჯნა?! პოზიციები არასდროს ყოფილა საზიარო და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა შეიძლება პრეზიდენტს ჰქონოდა განსხვავებული პოზიცია მმართველი პარტიისგან. ასე პოზიციურად გამიჯვნას, დაპირისპირებას და ოპოზიციაში გადასვლას არ აქვს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან. რასაკვირველია, ეს არის ბიუროს კომპეტენცია, განსაზღვროს თარიღი, როდის შედგება მისი ანგარიშის მოსმენა, ეს საკითხი დაისმება ბიუროზე და ბიურო გადაწყვეტს ამ საკითხს. იყო თუ არა თარიღი შეთანხმებული, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ ეს შეთანხმებული იყო, ბიურო ამას მხედველობაში მიიღებს, გამორიცხული არ არის 5 მარტს ჩატარდეს სხდომა, სადაც პრეზიდენტს მოვუსმენთ, თუმცა, სავალდებულო ეს ნამდვილად არ არის. ვიმსჯელებთ ამაზე,"- განაცხადა სარჯველაძემ.