გია ვოლსკი:  არავის უთქვამს ზელენსკის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე - საუბარია იმ ადამიანების პირდაპირ კავშირზე, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია, მათ შორის მის დასაყრდენზე, დავით არახამიაზე

გია ვოლსკი: არავის უთქვამს ზელენსკის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე - საუბარია იმ ადამიანების პირდაპირ კავშირზე, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია, მათ შორის მის დასაყრდენზე, დავით არახამიაზე

არავის უთქვამს, პრეზიდენტ ზელენსკის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე - საუბარია იმ ადამიანების პირდაპირ კავშირზე, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერზე, მის დასაყრდენზე, დავით არახამიაზე, რომელიც ყველა პროცესში მოწინავე პოზიციაზე დგას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, "სააკაშვილი არახამიას თაობაზე ამბობს, რომ მისი გუნდის წევრია, ვითომ მამამისი ბატალიონის ხელმძღვანელი იყო და არახამიას რუსებთან ბრძოლის ისტორიული გამოცდილება გააჩნია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება".

ვოლსკის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის გარშემო შეკრებილია გარკვეული პოლიტიკური გავლენის ჯგუფი, რომელიც რადაში წამყვან პოზიციებზეა. "რა არის აქ გასაკვირი და უცნობი?! არ მესმის, რა არის აქ გამოსარიცხი?! ამ მძიმე ვითარებაში, როცა უკრაინა სისხლშია, რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის აგენტები შეიძლება წარმატებული გამოდგნენ. მე ამას ვუშვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ გაურკვეველია საქართველოდან უკრაინის ელჩი რატომ გაიწვიეს, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იგივე განაცხადეს და თქვეს, რომ უკრაინაში მოხალისეების წასვლას სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუწყონ. უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც მოვა დრო და ალბათ პასუხი გაეცემა. საიდან და რატომ ჩნდება კითხვები?! - ამასთან დაკავშირებით არის ორი აზრი - ზელენსკიმ მიიღო დრამატული გადაწყვეტილება ისე, რომ არავის არ ჰკითხა. არის მეორე ვერსიაც, ჩვენ რისი იმედიც გვაქვს... ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქვეყანა არ არის, როგორშიც საქართველოა. საქართველოს ელჩი უკრაინაშია და დაბომბვის ქვეშაა საელჩოს სხვა თანამშრომლებთან ერთად. ათასობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი არიან მძევლებად. ჩვენი პატარა ქვეყანა თავისი მცირე რესურსებით არის ზარბაზნის ქვეშ, როცა წინ არაფერი უდგას რუსეთის ფედერაციას, აგრესია საათებში განახორციელოს და ეკონომიკაც დაანგრიოს. რუსეთის მხრიდან არაფერი არ ხდება ისეთი, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში არ იყოს. აქედან გამომდინარეა ჩვენი დასკვნები. ასობით ადამიანი სისხლს აბარებს და არავინ ერთმანეთს არ ეკითხება პოლიტიკურ პოზიციებს. ათასობით ტონა ტვირთი, ჰუმანიტარული დახმარება მიდის. გაეროში, ევროსაბჭოში, ეუთოში ჩვენი პოლიტიკური ლიდერების განცხადებები კეთდება და ამას "ნაციონალები" ევრონესტში არ შეერთებიან. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ექსტრაორდინალური ხდება, რადგან ელჩი გაიწვიეს. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციები რისთვისაც ელჩი გაიწვიეს, სათანადო შედეგს მიიღებს. საქართველომ აგრესიაც განიცადა, უამრავი ადამიანიც დაკარგა, ბრძოლის ველზე მიატოვეს „ნაციონალებმა“ და დღეს ყელყელაობენ და უტიფარ განცხადებებს აკეთებენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.