2006 წლის 2 მაისს კორტებთან, შსს-ს სპეცრაზმის მიერ, კორტებთან, ავტომანქანაში ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელი მცხეთის პოლიციის უფროსად დაინიშნა, ხოლო მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები, პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მთავარმა პროკურორმა მას განუცხადა, რომ ამ პირების თანამდებობაზე ყოფნა გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა.
for.ge იური ვაზაგაშვილს ესაუბრა.
როგორც თქვენ აცხადებთ, ზურას მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი დააწინაურეს. კონკრეტულად, ვინ არის დაწინაურებული?
- ჩემი შვილის მკვლელი, გიორგი დარჯანია მცხეთის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს ის დარჯანიაა, რომელმაც საკუთარი მანქანის საქარე მინას დაახალა ტყვიები, ვითომ ბიჭებმა დაცხრილეს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაც და შსს სამინისტროც საქმის კურსშია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, გიორგი დარჯანია თანამდებობაზე მაინც დაინიშნა. ეს პიროვნება ჩართული იყო სპეცოპერაციაში და ის არის ჩემი შვილის მკვლელი. მე ჰაერზე არაფერს არ ვლაპარაკობ, მტკიცებულებები მაქვს, მათ შორის ჩვენებები.
ირაკლი ფირცხალავას ჯგუფში იყო. დეტალურად ვიცი რა მოხდა იქ. საქმე ძიებაშია, პროკურატურასაც აქვს მისი ჩვენებები, შსს-საც და ეს მაგიჟებს, რატომ დანიშნეს? ნუთუ მკვლელების გარდა პოლიციელები აღარ გვყავს საქართველოში? მკვლელებს ატრიალებენ წრეზე. სულ ყირაზე, რომ დადგეს პროკურატურა და შსს მაგის დასაცავად, არ არსებობს, რომ დარჯანია არ დაისაჯოს, გამორიცხულია. ესენი არიან მკვლელები. დარჯანია, რომ ზურას საქმეში იყო თანამონაწილე პირი, ამის უამრავი მტკიცებულება გვაქვს ხელთ, რომლის დიდი ნაწილი პროკურატურამ არ იცის.
როდის დაინიშნა თუ გაქვთ ინფორმაცია?
- აღდგომის წინა დღეებში დაინიშნა მცხეთის რაიონის პოლიციის უფროსად.
თქვენთვის თუ არის ცნობილი ვისი რეკომნდაციით მოხდა მისი დანიშვნა? თქვენს ყველა სარჩელში მითითებულია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმეში?
- პროკურატურაში დევს ეს მასალები და არის მოწმეთა ჩვენებები. სწორედ ამას ვკითხულობ, ვინ გაუწია მას რეკომენდაცია და ვინ დანიშნა, ეს არის უკან გადაგმული ნაბიჯი. ფაქტია, რომ ვიღაცა, ხელისუფლებაში მფარველობს ამ მკვლელებს. ეს არ იქნება ერთი ადამიანი, - რამდენიმე ადამიანია. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია ვინ გაუწია რეკომენდაცია, თუ საქართველოში ამ მკვლელების გარდა პოლიცია არ არსებობს, მაშინ არ გვყოლია პოლიცია. ყველგან ამ მკვლელებს ატრიალებენ. ერთს დანიშნავენ, ავტეხავთ ამაზე ხმაურს, იქიდან მოხსნიან, სხვაგან გადაიყვანენ. პროკურატურაში ისევ მაღალ თანამდებობაზე არიან ის პირები, რომლებმაც გააყალბეს და წლების მანძილზე აყალბებდნენ არა მარტო ზურას საქმეს. ესენი არიან - ხარებავა,ზაალიშვილი, ლაცუზბაია, მგელაძე, ნიქაცაძე და ესენი დღემდე არიან მაღალ თანამდებობაზე პროკურატურაში.
როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები უშლიან ხელს გამოძიების დაწყებას? პროკურატურაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება...
- სწორედ, ესენი უშლიან არა მარტო ზურას საქმეს, არამედ სხვა საქმეების გახსნას ხელს. ჯერ არც ერთი მკვლელობა არაა ბოლომდე მიყვანილი. მე შევხვდი მთავარ პროკურორს, შეხვედრას ესწრებოდა მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. პროკურატურიდან ინფორმაცია ჟონავს - მკვლელებს აფრთხილებენ, რომ ერთი და იგივე ჩვენება მისცენ და ამის ფაქტები დავუდეთ წინ. ქალაქის პროკურატურამ წაიღო ეს საქმე, თვენახევარია გასული და საერთოდ ხმას არავინ იღებს ამ მკვლელობებთან დაკავშირებით. არჩილ კბილაშვილს ჩამოვუთვალე ფაქტები და ადამიანების სახელები, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან პროკურატურაში და გააყალბეს ეს საქმეები.
რა გითხრათ არჩილ კბილაშვილმა ამ ადამიანებთან დაკავშირებით?
- ხელს არ შეგვიშლიანო, მაგრამ, ფაქტი სახეზეა. პროკურატურაში საერთოდ არ დაძრულა ზურას საქმე და ამაზე მქონდა პრეტენზიები და კითხვები. ამ შეხვედრაზე კბილაშვილმა ნაცვლიშვილს დაავალა, რომ სამი გამომძიებელი დაამატეთ ამ საქმეზეო.
დაამატეს გამომძიებელი?
- არა. დღემდე ერთი გამომძიებელიც არ დაუმატებიათ. ქალაქის პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ ვსწავლობთ ამ საქმესო. როდის ისწავლიან და როდის გაგვცემენ პასუხს, ვერ გეტყვით. მარტო მე არ მაქვს პრეტენზიები პროკურატურასთან. მოკლული ბიჭების ოჯახები მოდიან ჩემთან და ყველას იგივე პრეტენზიები აქვს, რაც მე. ჩვენ გვინდა სამართლიანობა. სამართლიანობას ვეძებდით სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და ახლაც, თუ იგივე მოგვიწია, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
თქვენ ამბობთ, რომ პროკურატურიდან ჟონავს ინფორმაცია და არიან ადამიანები, რომლებიც მკვლელობაში თანამონაწილეებს ეუბნებიან, რომ მისცენ იდენტური ჩვენება. კონკრეტულად ვინ ეუბნება?
- ჩემი შვილის მკვლელობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ლევან გვაზავას ბრძანებას ასრულებდა. სპეცრაზმი გამოყვანილია ლევან გვაზავას მიერ, ხოლო გიორგი ცააძემ და ბეროძემ განახორციელეს საკონტროლო გასროლა. ჩვენ გვყავს მოწმეები, ესენი არიან პოლიციის თანამშრომლები. გამოძიებას ამ დრომდე ერთი თვითმხილველი არ მოუძებნია. ის მოწმეები, რომლებიც ჩვენ წარვუდგინეთ, ისინიც კი არ ჰყავთ დაკითხული. ახლა რანაირად უნდა მჯეროდეს ამ პროკურატურის, მითხარით! მარტო მკვლელები კი არა, თანამონაწილეები და ის ადამიანები, რომლებმაც საქმე გააყალბეს, ყველას ჩამონათვალი წარვუდგინეთ, მაგარამ შედეგი არანაირი არაა. წარვუდგინეთ იმ ადამინების ჩამონათვალი, რომლებიც უყურებდნენ როგორ ჩააწყვეს იარაღები. ახლა რომ გამოდის ის ცხოველი სააკაშვილი და იძახის, რომ ავტომატი ჰქონდაო, მაჩვენონ ეს იარაღი.
დაკითხონ პრეზიდენტი, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს. იქნებ ტყვიამფრქვევები ჰქონდა. მე სარჩელი შემაქვს სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება და თვითონ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც არიან ამ მკვლელობის თვითმხილველები, ისინი ადასტურებენ, რომ მას შემდეგ რაც განხორციელდა საკონტროლო გასროლა, როგორ ჩაუდეს იარაღები. ზურას ვინც ჩაუდო იარაღი იმის სახელი და გვარიც ვიცი, მაგრამ პროკურატურის ნდობა არ გვაქვს და ამიტომ, ყველა ინფორმაციას არ ვაწვდით. ველოდებით და მერე ჩვენ თვითონ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
იგივე ბრალდება წაუყენა თქვენს შვილს ირაკლი ფირცხალავამ. ის ამბობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი იყო კრიმინალი...
- მარტო ერთი ფაქტი წარმომიდგინონ, რომელ საქმეში იყო ჩემი შვილი როგორც ეჭვმიტანილი. 7 წელია ამას ვითხოვ. თვითონ ფირცხალავა რომ კრიმინალია და არა მარტო მკვლელი, ეს ფაქტია. არის ასეთი პიროვნება კოკაია, რომელსაც მშენებარე კორპუსი და 6 ბინა წაართვა და საკუთარ ცოლზე გადააფორმა, ეს საჩივარი დევს პროკურატურაში. კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც იძახდა, რომ თბილისის მაყურებელი ვარო, ეს კაცი წაიყვანა კუს ტბაზე, ნაძვის ხის ქვეშ დააყენა და უთხრა, რომ ეს ნაძვი სანატრელი გაგიხდება, მეექვსე ტრუპი შენ იქნებიო. ვინ არის ახლა კრიმინალი, ზურაბ ვაზაგაშვილი, თუ ფირცხალავა, ეს საზოგადოებისთვის მიმინდია.
შეგიძლიათ დაასახელოთ იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ჩაუწყო თქვენს შვილს იარაღი?
- ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ეს არის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. მე მყავს მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ხელს ადებენ გიორგი ცააძეს და აცხადებენ, რომ მან განახორციელა საკონტროლო გასროლა. დეტალურად ყვება დაცვის პოლიციის თანამშრომელი, როგორ მივიდა გვერდიდან და განახორციელა საკონტროლო გასროლა, ამის ჩანაწერიც არსებობს. ვიდეოფირი წარვუდგინე გამოძიებას და გამომძიებელ გოჩა საათაშვილს ვკითხე, რატომ არ ეკითხებით ამ ადამინებს-თქო და ასე მიპასუხა - სად მოვძებნოო? გამომძიებელი რომ გეტყვის, დაცვის პოლიციელი სად მოძებნოს, რაზეა ლაპარაკი. მე გავედი და 2 დღეში მოვუძებნე.
როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, თქვენ არ გაქვთ იმედი, რომ მთავარი პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს...
- იმედგაცრუება მაქვს იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ არაფერი გაკეთებულა. როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაშინვე შევიტანე საჩივარი, რომელსაც დავურთეთ მტკიცებულებები და 2 შუამდგომლობა. შუამდგომლობა დავაყენეთ ასევე მოწმის დაკითხვაზე, რომელიც ქადაგიძემ დაიბარა და უთხრა, რომ შენი დახმარება გვჭირდებაო.
ესეც პოლიციის თანამშრომელია?
- არა. ის სამოქალაქო პირია. მას უთხრა ქადაგიძემ, რომ თქვი, თითქოსდა დაინახე, რომ ბიჭებმა ისროლეს პოლიციის მიმართულებითო. ისიც დღემდე არაა დაკითხული. მითხარით, რა ვქნა? როგორ უნდა მქონეს იმედი, როცა ვინც ეს საქმე გააყალბა ისინი პროკურატურაში კვლავ მაღალ თანამდებობაზე სხედან? შსს არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ბლოკავენ ამ საქმეს. მესმის, რომ ხელის ერთი მოსმით სტრუქტურას ვერ შეცვლი, მაგრამ ახლა რომ ინიშნება მკვლელობის თანამონაწილე, ეს რას ნიშნავს? მკვლელებს რომ ხელახლა ნიშნავენ თანამდებობაზე, ეს უკვე სერიოზული საფრთხეა.
გიორგი ცააძე ციხიდან სპეციალურად გამოუშვეს, რომ გასულიყო ქვეყნიდან. ყველას მისცეს საშუალება, რომ გასულიყვნენ ქვეყნიდან და როგორ უნდა მქონეს პროკურატურის იმედი? ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ფირცხალავას დაკავება რომ გადაწყვიტეს, ერთ საათში სამსახურიდან მიდის ფირცხალავა, პატაკს წერს წინა რიცხვებით. ერთ საათში საიდან გაიგო ფირცხალავამ, რომ მათ დაკავებას აპირებდნენ? ეს მტკიცებულება დავუდე მთავარ პროკურორს, მაგრამ შედეგი არაა და ამის მერე როგორ მქონდეს პროკურატურის იმედი? ყველა იმედით ვუყურებთ ახალ ხელისუფლებას, რომ სამართლიანობა აღადგინოს, მაგრამ...