მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ.
გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 10,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარი 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. ჩვენი ხელისუფლება მყარად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის გზა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის დაძლევამდე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარისხის თვისებრივ ამაღლებამდე და დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.