თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, მზად ვართ ორივე ხელით, მიგვიღონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, საქართველო მზად არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.
"საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. ჩვენი თაობები, მე, ჩემი შვილები, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, ჩვენ მზად ვართ ორივე ხელით მიგვიღონ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ“,- განმარტავს კალაძე.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა.
„ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირში უნდა მიიღონ. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით.
დღეს რომ მოქალაქეები ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უპრობლემოდ, ვიზების გარეშე, ჩვენი მიღწევაა, ყველასი ერთად. ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. ჩემი გადმოსახედიდან, საქართველო მზად არის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. თუ ევროპელებს ამის მზაობა აქვთ და კარს გაგვიღებენ, ორივე ხელით მზად ვართ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“,- აღნიშნავს კალაძე.