პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, როდესაც ყაველაშვილმა ოპოზიციას მიმართა სიტყვებით „ ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ...!“
„ამ პარლამენტში სხდომას ვერ გავაგრძელებთ, სანამ დღის წესრიგში არ დადგება ყაველაშვილისთვის მისი დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. „კლოუნები“, რომლებსაც ხელში უჭირავთ მანდატი უმრავლესობის სახელით, ცდილობენ პარლამენტის სხდომის ჩაშლას, რათა ჩვენ არ ვისაუბროთ, რომ რამდენი დროშაც არ უნდა გამოფინოთ აქ, გუშინ უკრაინის გადარჩენისთვის ბრძოლაში მყოფმა პრემიერმა აუცილებლად ჩათვალა, „ტვიტზე“ 8-ჯერ დაეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ არ ეხმარება მის მთავრობას, არამედ ხელს უშლის ადამიანებს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს, რომელიც უკრაინაში ჩასვლას ცდილობს.
რამდენი დროშაც არ უნდა დაიჭიროთ აქ და შეეცადოთ მაღლა აწიოთ, სიმართლე არის ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც რუსულ ჯარს ელოდება კიევში და არ იცის ცოცხალი რამდენი დღე დარჩება, აუცილებლად ჩათვალა ეთქვა, რომ ქართველი ხალხი დღეს მხარს უჭერს უკრაინას და თქვენი ხელისუფლება არცხვენს ქართველ ხალხს.
რამდენიც არ უნდა იყვიროთ, რამდენი ყაველაშვილი „კლოუნიც“ არ უნდა მოიყვანოთ აქ და ჯამბაზი, რამდენი უწმაწური სიტყვაც არ უნდა იძახოთ მიკროფონში, გეტყვით, რომ პასუხის გაცემა მოგიწევთ ქართული ხალხისთვის ერთ მარტივ შეკითხვაზე. აპირებთ თუ არა ბრძოლას ამ ქვეყნისთვის?! მტერი კარზეა მომდგარი. უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს გაუქმება ემუქრება. ამ პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს! “,- აღნიშნავს სამადაშვილი.