დავით სიხარულიძე: მაკრონთან საუბრისას პუტინის მხრიდან წამოყენებული პუნქტები არის ყველანაირ მოლაპარაკებაზე უარი, ეს მოთხოვნები ჰიტლერის და ფაშისტური გერმანიის სტილშია

დავით სიხარულიძე: მაკრონთან საუბრისას პუტინის მხრიდან წამოყენებული პუნქტები არის ყველანაირ მოლაპარაკებაზე უარი, ეს მოთხოვნები ჰიტლერის და ფაშისტური გერმანიის სტილშია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სიხარულიძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შინაარსი და რუსეთის მხრიდან ომის შეწყვეტისთვის წამოყენებული პუნქტები ეს არის ერთმნიშვნელოვნად პუტინის უარი ყველანაირ მოლაპარაკებაზე.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ეს მოთხოვნები არის ჰიტლერისა და ფაშისტური გერმანიის სტილში.

„ამ მოთხოვნებს არანაირი საფუძველი არ აქვს. არანაირ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არ ჯდება და ეს არის ტიპური აგრესორი დიქტარორის მოთხოვნები, რომელსაც სურს ომის და ამ უბედურების გაგრძელება და მეზობელი ქვეყნების დამონება. როგორც ჩანს, ეს წინაპირობები არის წამოყენებული, ეს არის ერთმნიშვნელოვნად პუტინის უარი ყველანაირ მოლაპარაკებაზე.

ყველა შემოთავაზება, რომელიც მან ჩამოთვალა, თუკი ეს ნამდვილი ინფორმაციაა, ეს აშკარად აჩვენებს იმას, რომ მას არ სურს არანაირი მოლაპარაკებების გამართვა. ყველა ეს მოთხოვნა, მათ შორის ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება, არის აბსოლუტურად უკანონო და გახსნის პანდორას ყუთს, რომლითაც ძირი გამოეთხრება მთლიანდ საერთაშორისო სისტემას. ეს სცილდება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობას და თუკი ასეთი ტიპის მოთხოვნების წამოყენებას დაიწყებენ აგრესიული დიქტატორები, მაშინ ჩვენ არათუ მშვიდობას, არამედ, პირიქით, ბევრ ომს შეიძლება ველოდოთ. თუ გზავნილი იქნება თქვენ თუ შეიარაღებული ძალებით მეზობელ ქვეყანას თავს დაესხმებით, მის ტერიტორიას მიიტაცებთ და შემდგომ შანტაჟის გზით აიძულებთ ამ ქვეყანას, დანრჩენი ტერიტორიების დაკარგვის შიშით, აღიაროს ეს თქვენს ტერიტორიად, ამ შემთხვევაში, ეს არის ზუსტი რეცეპტი, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი ტიპის კონფლიქტები დაიწყება. ეს ნამდვილად არ არის მისაღები არც უკრაინისთვის, არცერთი ცივილიზებული ქვეყნისთვის და ეს დაახლოებით წააგავს იმ მოთხოვნებს, რასაც ფაშისტური გერმანია აყენებდა 1938-39 წლებში. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს, ამ ეტაპზე, არ სურს არანაირი მოლაპარაკება და სურს ომისა და სისხლისღვრის გაგრძელება“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზეა განთავსებული. პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.