"სამშობლოში დაწუნებული ქართველი ოფიცერი ამერიკულ არმიაში"

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი დაარსების დროიდან მსახურობდა, თუმცა ახლა სამსახური სხვა ქვეყნისთვის უწევს. ჯერ ერაყში იყო სამშვიდობო მისიით, ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში, ავღანეთში მსახურობს. ზვიად ჩადუნელმა საქართველო ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით დატოვა, მაგრამ არც მას შემდეგ შეუწყვეტია სამხედრო განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება. სამხედრო სასწავლებელი, რომელიც მან დაამთავრა, საქართველოში 10-მდე კაცს თუ აქვს დამთავრებული... თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რათა "ჩადი", ასე ეძახიან მას უცხოელი მეგობრები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის მისაღები კადრი ყოფილიყო. წინა ხელმძღვანელობისთვის დამახასიათებელ არცთუ უჩვეულო გადაწყვეტილებებს ვერც ზვიად ჩადუნელის მაღალკვალიფიციური პროფესიონალიზმი გადაურჩა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "სამშობლოში დაწუნებული ქართველი ოფიცერი ამერიკულ არმიაში".

"აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ შავნაბადის ბატალიონში დავბრუნდი. 1994 წელს რამდენიმე ოფიცერი პეტერბურგის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში გაგვგზავნეს, სადაც ოთხი წელი ვისწავლე. დაბრუნების შემდეგ შავნაბადას ბატალიონის მეთაური გავხდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი ბატალიონი კოდაში გადავიდა. 2000 წელს თურქეთში სტრატეგიული დაგეგმარების კურსები გავიარე. იმავე წელს შვეიცარიაში სამთო მომზადების კურსებზე წავედი და 2003 წლამდე იმ ბრიგადაში ვმსახურობდი. იქიდან დაბრუნების შემდეგ, ამერიკაში, ტეხასის შტატში წავედი სასწავლებლად, სადაც ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება გავიარე. ეს სასწავლებელი ლეკლენდის საჰაერო ბაზაშია და თავდაპირველად ყველა ოფიცერი იქ გადის მომზადებას. მისი დასრულების შემდეგ კანზასის შტატში არსებულ ამერიკის არმიის საკომანდო და გენერალური შტაბის კოლეჯში ჩავაბარე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ჩადუნელი.

"იქიდან დაბრუნების შემდეგ თელავის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურად გამანაწილეს. რამდენიმე თვე ვიმუშავე და შემდეგ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა, რომლის `ღვაწლი~ ქართულ ჯარში ყველასთვის ცნობილია. 2005 წელს ჯერ დამაქვეითეს, შემდეგ კი გამათავისუფლეს, პირდაპირ მითხრეს, ოქრუაშვილს არც ამერიკული განათლება აინტერესებს და არც რუსულიო. მოკლედ, მე მათთვის შესაფერისი კადრი არ ვიყავი... იქ შეწყდა საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში ჩემი სამსახური და ამერიკაში გავემგზავრე. პირველად ამერიკის რეზერვში ვცადე ჩარიცხვა, გამოცდები და ნორმატივებიც ჩავაბარე, მაგრამ პარალელურად მონაცემები ერთ-ერთ საკონტრაქტო კომპანიაში გავგზავნე და იქიდან მოწვევა მომივიდა. ჯერ ერაყში ვიყავი სამოქალაქო კონტრაქტორად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც იქ ვიყავი, იმავე ბაზაში ვიდექი, სადაც ქართული კონტინგენტი. როდესაც ქართველი ბიჭები გაიწვიეს, ქართველ ოფიცრებს ვუთხარი, იქნებ მეც ვჭირდები ჩემს ქვეყანას და წამოვალ-მეთქი, მზად ვიყავი, ამერიკულ მხარესთან კონტრაქტი გამეწყვიტა, მაგრამ პასუხი არავისგან მიმიღია...
შემდეგ ავღანეთში წავედი და ორი წელია აქ ვარ. ეს არის თავდაცვის სამინისტროს პენტაგონის უდიდესი ლოჯისტიკური კონტრაქტორი, რომელიც ლოჯისტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო კოალიციის ჯარებს, მათ შორის ქართველ სამხედროებსაც, ვინც სამშვიდობო მისიით არიან ჩამოსული", - განაგრძობს რესპონდენტი.

"იმ პერიოდში ერაყში ყოფნა უფრო სახიფათო იყო. მაშინ უფრო ხშირად ესხმოდნენ თავს კოალიციისა და ამერიკის ჯარებს. "თალიბანს" ისეთი შეიარაღება არა აქვს, როგორიც მაშინ ერაყელებს ჰქონდათ, სადამ ჰუსეინს ძალიან დიდი შეიარაღებული ძალები და ტექნიკაც ჰყავდა... ისე კი, ერაყი და ავღანეთი კლიმატით ჰგავს ერთმანეთს. ავღანეთის პროვინცია ყანდაარი ჰგავს ერაყს, უდაბნოც აქვეა და ქვიშის ქარიშხლებიც იცის. ჰილმენდის პროვინცია, სადაც ქართველი ბიჭები არიან ბაზირებული, უფრო გაშლილი ადგილია... რაც შეეხება რისკებს, კოალიციის ჯარების მისიამ თავისი გაიტანა და ავღანეთში არსებული საშიშროება შესუსტდა. ამასთან, მეამბოხე თალიბები, თავგანწირვის მიუხედავად, კარგი შეიარაღებით არასდროს გამოირჩეოდნენ. წინა წლებთან და ერაყთან შედარებით, აქ სიმშვიდეა. აქ ახლა ყველგან ბუნკერები დგას და დაბომბვის დროს თუ თავს შეაფარებ, მეტ-ნაკლებად დაცული იქნები, მაგრამ ძალიან საშიშია, თუ მოწინააღმდეგე დაცვის პერიმეტრს გაარღვევს და ბაზაში შემოვა. ამ დროს მოწინააღმდეგე ბაზაზე გაფანტული და ძალიან საშიშია. წარმოიდგინეთ, როგორი თავგანწირულები არიან, რომ ბაზაში შემოსვლის არ ეშინიათ. არადა, იქ უძლიერესი კონტროლია და მაინც არღვევენ. ეს იგივეა, ლომს ხახაში ჩაუვარდე", - ამბობს ზვიად ჩადუნელი.

"ლოჯისტიკა, ანუ საქმე, რასაც მე ვემსახურები, თალიბების ტკბილი ლუკმაა. ალბათ, გინახავთ, სავსე ცისტერნები და ან დატვირთული მანქანები როგორ იწვის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სამხედრო მასალამ და საერთოდ, ნებისმიერმა სიახლემ ავღანეთში ვერ ჩააღწიოს. ისინი ყველანაირ სიახლეს ებრძვიან. აქ მეომარს ასაკი არა აქვს. პატარასაც კი იარაღი უჭირავს და ეს განსაკუთრებით მძიმე სანახავია. თაობები ისე გაიზარდნენ, რომ ომის გარდა არაფერი უნახავთ. ამიტომ 10 წლის ავტომატით ან თვითნაკეთი ბომბით შეიარაღებული ბიჭის დანახვა არავის უკვირს. აქ ხუმრობენ, ეს არის ქვეყანა, რომელიც ღმერთმა დიდი ხანია დაივიწყაო. როდესაც ხელმძღვანელობა ხედავს, რომ საქმეს პირნათლად აკეთებ, შრომა არ გეკარგება. პირიქით, ცდილობენ, სტიმული მოგცენ და ამას შენი პროფესიონალიზმის პატივისცემით გამოხატავენ. ეს შედარებით აიოლებს ამ მძიმე სიტუაციას. ყველაზე რთულია ფსიქოლოგიური ბარიერი. აქ დღეს თუ სიმშვიდეა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე წამს ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება. ბევრი ვერ უძლებს. თუ განსაკუთრებით მძიმე პერიოდია და ეს ბაზაზეც ვრცელდება, თალიბები ბომბებს ისვრიან და ყველანაირად ცდილობენ შემოჭრას, რაც ადვილი ასატანი არ არის და ზოგი კონტრაქტორი ბაზას მეორე დღესვე ტოვებს. აქ თუ ფიზიკური და ფსიქილოგიური მონაცემები არ გააერთიანე, ვერ გაძლებ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "კონტრაქტის გაგრძელებას აპირებთ?" - პასუხობს:

"დიახ, ჯერჯერობით სხვა არჩევანი არა მაქვს... შარშან დეკემბერში თბილისში ვიყავი. თავდაცვის სამინისტროს "შევახსენე თავი", რამდენიმე მაღალჩინოსანთან საუბარიც მქონდა დაბრუნების შესახებ. ვიდრე ჩამოვიდოდი, მაიმედებდნენ, მერე კი იმას, რასაც ავღანეთში ყოფნისას დამპირდნენ, დაპირებად დარჩა. არადა, ერთ-ერთ გენერალსაც ვესაუბრე, მაგრამ არც მას შემდეგ შეცვლილა რამე".