მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო მესამე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ამერიკული გამოცემა Bloomberg Businessweek-ი აქვეყნებს. რეიტინგში სულ 200 ქვეყანა ფიგურირებს.
გამოცემის ინფორმაციით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, სადაც 2050 წლისთვის მოსახლეობა 25,3% შემცირდება. მეორე ადგილს, უკრაინა (-23,1%), საქართველო (-22,6%), ბულგარეთი (-21,9%), ბოსნია და ჰერცოგოვინა (-20%), ხოლო ლატვია(-19,1%).
ამ მონაცემების ირგვლივ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ინტენსიური პროცესები მიიღო მიგრაციამ და ჩვენი ქვეყნიდან ასეულობთ ადამიანი გავიდა სამუშაოს საძიებლად. ამდენად, ეს ყველაფერი დემოგრაფიულ პროცესებზე აისახება. მეტიც, თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ის არასასურველი შედეგი მართლაც დადგება, რაზეც „ბლუმბერგის“ გამოცემა აღნიშნავს.
თუმცა, ექსპერტის თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ტარდება და ეკონომიკური გაუმჯობესების კვალობაზე, ბევრი მიგრანტი, ალბათ, დაბრუნდება საქართველოში. ამიტომ, ექსპერტი 2050 წლისთვის ასე პესიმისტურად არ უყურებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებას.
რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დაბერებას, იოსებ არჩვაძე აცხადებს, რომ დაბერების პროცესი მართლაც მიმდინარეობს იმის გამო, რომ შობადობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
„150 სახელმწიფოს მიხედვით გროვდება ეს სტატისტიკური მონაცემები და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მხრივ ჩვენ სადღაც შუაში ვართ, მე-80 და 90-ე ადგილებზე. ეს შუალედური მონაცემები (80 და 90) საგანგაშო არ არის, მაგრამ ისეთი წარსულის, კულტურისა და მენტალობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არადამაკმაყოფილებელია. სამწუხაროდ, ერთ წლამდე ასაკის დაახლოებით 800 ბავშვი იღუპება საქართველოში, რაც ერთი დიდი ქართული სოფლის მოსახლეობის ექვივალენტია. ჩვენ რომ გვქონოდა საშუალო ევროპული მაჩვენებელი, ეს მონაცემი იქნებოდა 180-200, ანუ სადღაც 600 ბავშვის გადარჩენა შეიძლებოდა სათანადო ეკონომიკური პირობების, ჯანსაღი კვების, სამედიცინო მომსახურების, ჰიგიენის შემთხვევაში“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე აცხადებს, რომ უცხოური გამოცემები ხშირად ეყრდნობიან ოფიციალურ მაჩვენებლებს, რომლებიც სწორი არ არის. კერძოდ, ჩვენთან გარდაცვალებულების არასწორი აღრიცხვა ხდება და ეს შეცდომა ხშირად 10-15 და 20 %-საც აღწევს. ამიტომ საინტერესოა, „ბლუმბერგის“ მონაცემები რომელ მოკვდავობას ეხება. თუკი აქ ჩვილთა მოკვდავობა იგულისხმება, საქართველო ამ მონაცემებით ნამდვილად არ არის მესამე ადგილზე, რადგან ამ მხრივ ძალიან გვისწრებს აფრიკისა და აზიის ქვეყნები. რაც შეეხება მამაკაცთა მოკვდავობას, ის 2,8 მეათედით აღემატება ქალთა მოკვდავობას. მართალია, სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებში 70 წელია, მაგრამ რეალურად ის 66, 5 წელს აღწევს, ხოლო ქალებში სიცოცხლის ხანგრძლივობა, მართალია, 76 წელია, მაგრამ რეალურად 68 წელს აღწევს.
„ჩვენზე მაღალი მოკვდავობა აქვს უკრაინას, რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ასე რომ, მოკვდავობის მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზე არ არის. თუ რომელ ადგილზეა, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ათეულში არ იქნება და უფრო ოცეულშია საძიებელი. ეს კანონზომიერი პროცესია საქართველოსთვის, რადგან, როცა შობადობა მცირდება, მაშინ მოსახლეობის სტრუქტურა იცვლება და დაბერებული მოსახლეობა გვყავს. ჩვენთან თითქმის 16 %-ია დაბერების მაჩვენებელი. 70 წელს გადაცილებული მოსახლეობა 15%-ს ასცდა, 60 წელს გადაცილებულნი კი 20%-ს გადასცდნენ. ასეთი მაღალი დაბერების, სიღატაკის, მწირი პენსიის პირობებში, მოკვდავობის მაღალი მაჩვენებელი ნუ გაგიკვირდებათ“, - აცხადებს დემოგრაფი.
მისი თქმით, რუსეთშიც დეპოპულაცია მაღალია, იქ მოკვდავობა აღემატება შობადობას, უკრაინაშიც ასევეა. საქართველოშიც, სანამ სიღატაკეს არ მოევლება, რთული ვითარება იქნება.
ავთანდილ სულაბერიძის თქმით, ისტორიულად საქართველოში მოკვდავობის მაჩვენებელი არ იყო ისეთი ცუდი, როგორც დღეს არის. კერძოდ, 60-იან წლებში ყველაზე დაბალი მოკვდავობა ფიქსირდებოდა და სულ ექვსი ადამიანი იღუპებოდა ყოველ ათას სულზე. 1965 წლიდან კი ნელ-ნელა დაიწყო მოკვდავობის ზრდა, პარალელურად შობადობამაც შემცირება დაიწყო, რის გამოც მოსახლეობაში შემცირდა 15 წლამდე ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილი და გაიზარდა 60-65 წელს გადაცილებულთა ხვედრითი წილი.
დემოგრაფი გიორგი მელაძე არ გამორიცხავს, რომ „ბლუმბერგის“ აღნიშნულ მონაცემებში ერის დაბერება იგულისხმებოდეს, რაც ძალიან დიდია იაპონიაში, უკრაინასა და, ასევე, - საქართველოში. დემოგრაფი აცხადებს, რომ სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია საქართველოში, ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში პირველ ადგილზეა ჩვენი ქვეყანა. გარდა ამისა, ჩვენში მაღალია სამუშაო ასაკში (16 წლიდან 64 წლამდე) მყოფი მამაკაცების სიკვდილიანობა, რაც ევროპულ ანალოგებს 1,5-ჯერ-2-ჯერ აღემატება.
„საქართველოში სამუშაო ასაკში დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანით მეტი ქალი და მამაკაცი კვდება, ვიდრე ეს ნორმალურ პერიოდში უნდა ხდებოდეს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენთან ჯანდაცვა მძიმე მდგომარეობაშია, ადამიანებს მუდმივი სამუშაოს იმედი არ აქვთ, დიდია სტრესების ზეგავლენა. ეს ყველაფერი იწვევს, რომ ჩვენთან მაღალია მოკვდავობა, რაც საბოლოოდ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს“, - აცხადებს გიორგი მელაძე.
მისივე განმარტებით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ევროპულ ქვეყნებთან ახლოს ვდგავართ, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით ძალიან ჩამოვრჩებით მათ და განვითარებად ქვეყნებს ვემსგავსებით. ამდენად, ცოტა უცნაური სიტუაციაა საქართველოში.
დემოგრაფის თქმით, მე-19 საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის იმპერიაში შედიოდა, სიკვდილიანობის მაჩვენებლებით, უფრო ევროპისკენ იხრებოდა; სიკვდილიანობის მაჩვენებლები აქ ყოველთვის დაბალი იყო და რუსეთთან შედარებით ჩვენთან ამ მხრივ ყოველთვის კარგი სიტუაცია გვქონდა. თუმცა 60-იანი წლების შუა პერიოდში გარდატეხა მოხდა. თუკი 60-იანი წლების შუა პერიოდამდე სიკვდილიანობის მიზეზებში წინა პლანზე იყო ეგზოგენური მიზეზებით გამოწვეული სიკვდილი, ანუ სხვადასხვა ინფექციები, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ევროპამ სწრაფად გაგვისწრო, იქ შემცირდა მოკვდავობა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. ჩვენთან კი ეს მონაცემები პრაქტიკულად იგივე დარჩა. ამის მიზეზი იყო ის, რომ 60-იანი წლების მეორე ნახევაში ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში სიკვდილიანობის მიზეზებში წინა პლანზე წამოვიდა ენდოგენური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, სიმსივნეები, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ამ პათოლოგიების წინააღმდეგ საბრძოლველად დასავლეთ ევროპამ უზარმაზარი თანხა ჩადო ჯანდაცვაში, მათ ახალი ტექნოლოგიებიც დანერგეს და შეძლეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა. ჩვენთან კი ეს არ მომხდარა, რადგან ჩვენთან ჯანდაცვა მხოლოდ მას შემდეგ ფინანსდებოდა, თუკი თავდაცვისა და სამხედრო დაფინანსებიდან თანხები დარჩებოდა.