ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, სახალხო დამცველმა შუამდგომლობით მიმართა მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრებს ჩაუტარდეთ ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა. სახალხო დამცველს ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის უსასყიდლოდ ჩატარების თაობაზე თანხმობა განუცხადა დამოუკიდებლემა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა.
საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩართვას მოითხოვს, ა-ო საიაც. შებამისი თხოვნით მათ უკვე მიმართეს პროკურატურას. მთავარი პროკურატურა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი არაა, თუმცა ექსპერტის კომპეტენციის განსაზღვრას ითხოვს, რაგდან, როგორც არჩილ კბილაშვილის უწყებაში განმარტავენ, საკითხი უმნიშვნელოვანესია.
როგორც ცნობილია, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი პირის ცხედრის ექსჰუმაცია 8 მაისს მოხდა. გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. საქმეში დამოუკიდეველი ექსპერტის ჩართვას ითხოვენ 7 ჩეჩენი ახალგაზრდას ოჯახის წევრები.
For.ge დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლაიშვილს ესაუბრა.
ლიკვიდირებულ პირებს, რომ 8 თვის განმავლობაში ექსპერტიზა არ ჩატარებიათ, დროის გაჭიანურება ვინმეს ინტერესეში შედიოდა იმისათვის, რომ კვალი წაშლილიყო?
მაია ნიკოლეიშვილი: ნამდვილად ვიცი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრში, რამოდენიმე გვამის გარეგნული დათვალიერება ჩატარდა, თუმცა რომლების, ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველა მონაცემები, ფოტოების ჩათვლით, წააშლევინეს ექსპერტებს. ვიცი, რომ დაფარული იყო გვამების ექსპერტიზის პროცესი.
გვამის გარეგნული დათვალიერება იძლევა იმის დასკვნის საფუძველს რა ტრაექტორიიდან მოხდა პირის ლიკვიდაცია?
- გარეგანი დათვალიერებით სიკვდილის მიზეზი ვერ დგება. სწორად მისვამთ კითხვას, შეიძლებოდა თუ არა ტრაექტორიის ლოკალიზაციის განსაზღვრა - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველაფერი განადგურებულია. ექსპერტის დასკვნა არის მტკიცებულება, ფოტო რომელსაც გადაიღებ არის მტკიცებულება. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მტკიცებულებების დაცვა ვერ მოხდა. მტკიცებულება განადგურებულია.
ვინ გაანადგურა ეს მტკიცებულება?
- ვიცი, რომ მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ვინ ეს მე არ ვიცი. ექსპერტებმა იციან, მათ ნახეს, მე არ მინახავს. მათი ჩარევით თუ თანხმობით, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მტკიცებულება განადგურდა. სამოქალაქო პირები არ იყვნენ. ესენი იყვნენ შსს-ს თანამშრომლები და მათ გაანადგურეს მტკიცებულება. მაშინ, როდესაც ყველაფრის დადგენა შეიძლებოდა. მე ისიც ვიცი, რომ გარკვეული შეხლა-შემოხლა იყო ექსპერტთან, ფიზიკური დაპირისპირების სახით. ასეთ დაწესებულებაში მტკიცებულების დაცულობაზე, პასუხს აგებს ადმინისტრაცია. ვიცი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გამოძიებამ ამოიღო კომპიუტერები, მაგრამ არავის უთქვამს, დაისაჯა თუ არა ვინმე იმისათვის, რომ მტკიცებულებების დაცვა ვერ მოხერხდა სათანადოდ.
8 თვის გასვლის შემდეგ რბილი ქსოვილი, ალბათ, დაიშალა, ამ ვითარებაში შესაძლებელია დადგინდეს სიკვდილის მიზეზი, ან ის, რა ტრაექტორიიდან არის ნასროლი?
- ალბათ, სიკვდილის მიზეზის დადგენა, რიგ შემთხვევებში, შეუძლებელი იქნება. შეიძლება ერთეულ შემთხვევაში დადგინდეს, ისიც თავისებურებების გამო, რომელიც ხანდახან ხდება ხოლმე. მაგარამ, ძირითადად, სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი იქნება. რბილი ქსოვილები, რა თქმა უნდა, განადგურებული იქნება, შეიძლება ნაწილობრივ იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ძვალზე არსებული დაზიანებები, წელს და 10 წლის მერეც ადგილზე იქნება. თუ არაკეთილსინდისიერმა პირმა არ ამოიღო ძვალი შესწავლის მიზნით და მტკიცებულება არ გააყალბა. დღეს რა და როგორ ჩატარდება არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მეპარება, იქნება კი ობიექტური ის უწყება, რომელმაც ერთხელ უკვე ჩაატარა ექსპერტიზა და შემდეგ ვერ დაიცვა შედეგები?
თქვენ ამბობთ, რომ შესაძლებელია ვერ დადგინდეს სიკვდილის მიზეზი. ამას ხელს ხომ არ უშლის ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით ყველა მათგანს ამოღებული აქვს შინაგანი ორგანოები...
- თუ შინაგანი ორგანოები ამოღებულია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დაუშვებელია გვამის გამოკვლევის შემდეგ, რომელიმე ორგანო არ იყოს გვამის სხეულში. გეთანხმებით, რბილი ქსოვილები რომ ზიანდება, რა თქმა უნდა, კვალი იშლება. ის, რაც ჩვენ შეიძლება კანზე გვენახა, ამას ვერ ვნახავთ. სიკვდილის მიზეზი, რომელზეც უნდა აიგოს მთელი გამოძიება, როგორც სიცოცხლის ხელყოფა, ეს დაკარგულია.
მაგალითად, რა შეიძლება გვენახა იგივე კანზე დაზიანებებით?
- შეგვეძლო გვენახა გვამური ლაქების განლაგება. ისინი იწვნენ და იმის მერე, რა მდგომარეობაში დარჩნენ, გადაადგილეს თუ არა. გავიგებდით როდის დადგა სიკვდილი. იყო თუ არა გახოხების ან თრევის კვალი, თუ ისინი აიყვანეს. შეიძლებოდა თუ არა დაზიანანებების შემდეგ მათთვის სამედიცინო დახმარება, ეს ყველაფერი დაკარგულია. ძალიან დიდი ალბათობით სიკვდილის მიზეზი დაკარგულია. მიმართულებები და იმის აღდგენა ერთმანეთთან როგორ იყვნენ განლაგებული, ეს უკვე ექსპერტების კვალიფიკაციაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მე მაინტერებს, თუ პროკურატურა ჩემი კომპეტენციით ინტერესდება, ჯერ თავისი გამომძიებლის და იმ ექსპერტების კომპეტენციით დაინტერესდეს, რომლებმაც ერთხელ უკვე კვალი წაშალეს.
თქვენი ჩართვის წინააღმდეგი რატომ შეიძლება იყვნენ?
- მაქვს ინფორმაცია, რომ პერსონალურად ჩემზეა საუბარი, ეს ჩემთვის ახალი არაა. ასეთი საუბარი იყო 1997 წლებში, როცა სიმართლის დადგენა არ აინტერესებდა საგამოძიებო ორგანოებს. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიდის რაღაცეების დამალვა.
კონკრეტულად, რის დამალვას შეიძლება ცდილობდეს გამოძიება?
- სიკვდილს მიზეზის, რომ ადამიანის მკვლელობის მუხლით არ აღძრულიყო საქმე. ძალიან ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომლებიც გამოძიებას ბევრ რაღაცაში უშლიან ხელს, ეს არაა ერთი და ორი პიროვნების დონეზე. ეს ალბათ, უფრო მაღალი დონის ხელის შეშლაა, მე ასე მგონია. მდებარეობები და მანძილები, ეს არის ის, რაც აინტერესებს ამ ოჯახებს. თუ ამ ყველაფერზე დაიწერება სავარუდო პასუხები, როგორ გგონიათ სიმართლე დადგინდება? რა თქმა უნდა, - არა და ეს საქმეც ისე ჩამოიწერება, როგორც ვნახეთ გაფუჭებული საქმეები.
დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს საქმის გაფუჭების მცდელობა. არ მინდა ყველა ჩემი პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნება, ვიტოვებ რა უფლებას, ხვალ თუ არა ზეგ, სიმართლე აუცილებლად დადგინდება. ექსპერტიზას აქვს ამის შესაძლებლობა და მინდა გავაფრთხილო ექსპერტები, რომ ნუ დაიღუპავენ თავს, გამოიკვლიონ გვამი. არ გაანადგურონ, დატოვონ ყველაფერი ადგილზე რაც არის. ისინი დღეს შეიძლება ვიღაცამ აიძულოს, მაგრამ ხვალ თუ არა ზეგ, ყველაფერი განმჟღავნდება და ამის გამოცდილება არსებობს. მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ თუ ჩემს გარეშე ჩატარდება ექსპერტიზა, დატოვონ მტკიცებულება.
საქმეში თქვენს ჩართვას ითხოვს სახალხო დამცველი და თქვენ დათანხნდით...
- მე თანახმა ვარ ჩავერთო როგორც ექსპერტი, როგორც სპეციალისტი და როგორც დამსწრე. ჩემი მთავარი მიზანია მეჭიროს ფოტოაპარატი და ეს დაზიანებები დავაფიქსირო. დამსწრეს უფლებები ძალიან დაბალია, მაგარამ თვალით ხედავ და ფოტოთი აფიქსირებ, სპეციალისტის უფლება ცოტა მაღალია და ექსპერიზის უფლება უკვე მონაწილეობა არის. სამივე ვარიანტი მისაღებია ჩემთვის. ოჯახმა თქვა, რომ მინდა ეს ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში და ამაზე ფიქრის და მსჯელობის უფლება გამოძიებას არ აქვს. ექსპერტიზა შეიძლება ჩემს გარეშე ჩატარდეს. სამწუხაროდ, რატომ შედის ამ ხაფანგში პროკურატურა და შსს, არ ვიცი. საქმის დიდი ნაწილი გაფუჭებულია. არის მეორე - რადგანაც იმალება ე.ი. რაღაცა არის დასამალი.