დიტო გელოვანი: ჩხუბი, როგორც ასეთი, როგორც ისეთებისთვის

დიტო გელოვანი: ჩხუბი, როგორც ასეთი, როგორც ისეთებისთვის

„ეს ყველაფერი კარგი, - თქვა მაღალმა - მაგრამ საღამომდე რა ვქნათ? დათრობა არ იქნება“. „რატომ?“ „რატომ და, ისეთი სანახაობა გველის“. „მერე, პატარა რომ დავურტყათ, რა იქნება?“ „არ შეიძლება, - თითი აიშვირა მაღალმა - არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს“. „ბოდიში, რა სანახაობაა?“ - იკითხა დომენიკომ. შადრევანთან იდგა და ტულიოს უცდიდა. „ არ იცი? მთელი ქალაქი ემზადება - ალექსანდრო გამოდის საჯაროდ“. „რატომ გამოდის...“ „სათაური აქვს...“ „რა სათაურია...“ „ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისათვის“. „აუფ, - სახე გაუბრწყინდა დაბალს - მართლა არ შეიძლება დათრობა“. „აბა რა... მაგრამ მანამდე რა ვქნათ?“ „კაცო, - არ იშლიდა დაბალი - პატარა დაგვერტყა თითო შუშა, რა იქნებოდა?“

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

ნუუუ... რომ გადავხედე და გადმოვხედე, აღმოჩნდა, რომ ოცნების პრეზიდენტის ვინაობა სულაც არ ყოფილა გასული კვირის მთავარი თემა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ის თამრო აღარ იქნება, ანუ თამრო ერქმევა, მაგრამ - შპ თამრო, ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის თამრო. მეორეც - არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს (ვუსურვებ კიდეც), ხოლო მესამე და მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს რომელიმე თვის რომელიმე კვირაში ყოველთვის აქვს ხუთი პარასკევი, ოქტომბრამდე კი, რამდენიმე თვე, ანუ რამდენიმეჯერ ოთხი კვირაა დარჩენილი.

ის რამდენიმეჯერ ოთხი კვირა არსად გარბის, გასული კვირა კი, სანამ გაქცეულა, მანამდე ცივი გონებით შევაფასოთ და ცხელი გულით დავაფასოთ კიდეც.

ჩხუბის შემდეგაც იქნევენ ხელ-ფეხს და წაქცეულსაც ურტყამენ. თუ დამსახურებულად მაგარი საცემი ერთ შემოცაცუნებაზე წაიქცევა და ფეხების ფხარკალს დაიწყებს, წიხლიც უნდა მიაყოლო, თითო დამსახურებაზე თითო და ავანსის სახით - პლუს ერთი. ოღონდ ყოველგვარი სისასტიკის გარეშე. ცემა უნდა იყოს არა უბრალოდ დამსახურებული, არამედ უბოროტო და კეთილმოსურნეც. ერთი კარგი შემოლაწუნება ხანდახან კეთილი რჩევის ტოლფასია და რატომ არ უნდა მიცე მოყვასს კეთილი რჩევა, როდესაც ამის ყველანაირი საშუალება გაგაჩნია? ადამიანი რჩევებით სწავლობს, სწავლა ფული ღირს, უფასო განათლების მიცემა კი, ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეობაა.

აი, ამ ორი კვირის წინ მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სტუდენტებმა მსვლელობა რომ მოაწყეს და ხელების ქნევასაც რომ ქონდა ადგილი, იქ ერთი ლიბერალური (ვითომ ლიბერალური) მიმართულების (გრანტებზე სწორდით) ჟურნალის (მკითხველი რომ არ ყავს) თანამშრომელი შუა (ცენტრიდან მარცხნივ) დაკა-დაკაში მოყვა და როგორც მისი უფროსი (მაგის ბრალია, მკითხველი რომ არ ყავთ) სოციალურ ქსელში წერდა, ჩვენი ჟურნალისტი სასტიკად არის ნაცემიო.

ჰოდა, ამის წაკითხვის შემდეგ მომინდა, რომ მივსულიყავი რედაქციაში და ვინმე, ვინც ნებაყოფლობით გამოთქვამდა სურვილს, დანარჩენების თვალწინ სასტიკად მეცემა, რადგან ხომ უნდა იცოდნენ, სინამდვილეში რას ნიშნავს „სასტიკი ცემა“ და როგორ გამოიყურება სასტიკად ნაცემი მოქალაქე? არ ვიცი, რა ქვია ამას - მასტერ-კლასი, ვორქ-შოპი თუ ქოლოქვიუმი, მაგრამ ეს იქნებოდა უფასო გაკვეთილი უკეთესი მომავლისათვის. მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, პორუჩიკ რჟევსკის სიტყვები გამახსენდა - „ნი პაიმუტ, სუკი!!!“

რაც შეეხებათ სტუდენტებს და მათ აქციას, ყველაზე მეტად ერთი ლოზუნგი დამამახსოვრდა - „კაცები კუხნაში, ქალები პარლამენტში“. ალბათ, იმიტომაც დამამახსოვრდა, რომ მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. თქვენც დამეთანხმეთ - დავჭრათ ძეხვი და ხახვი, გავხსნათ ქაშაყი, მოვიდგათ ლუდი, მოვუკიდოთ სიგარეტს, ჩავრთოთ ტელევიზორი და დავტკბეთ, თუ როგორ ასწრებენ ერთმანეთს პირველკურსელი გოგონები მაია ნადირაძის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და ნანა ყეენიშვილის ადგილების დაკავებას.

განა ქალების ჩხუბზე თვალსასეირო არის რამე ამ ქვეყნად? რაც მე ფიროსმანის 18-ში მინახავს!.. სტუდენტებს კი ვურჩევ, სწავლისგან თავისუფალ დროს სხვა რამით გაერთონ - ექსკურსიაზე წავიდნენ, მწვადი შეწვან, ანაც, ბოლო-ბოლო, წყლის დალევაზე და ატჟიმანიებზე ჩეხური დურაკა და იაპონური ჯოკერი ითამაშონ.

სანამ სტუდენტები მშრომელთა უფლებებს იცავდნენ (პური, მიწა, რვასაათიანი სამუშაო დღე), პრემიერ-ლიგიდან გავარდნილი რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგმა თანაავტორმა მარკ პეგელმა გაამოიკვლია, რომ 23 სიტყვა, მათ შორის „მე“, „შენ“, „დედა“, „კაცი“, „ცეცხლი“ და „ხელი“, არ არის გამორიცხული, ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ.

გასულ კვირაში განსაკუთრებით ხშირად ჟღერდა „მე“, „შენ“ და „დედა“. ასევე, რადგან სიტყვა „კაცი“ არის ძველი, თავისთავად ცხადია, რომ „არაკაციც“ ძველი იქნება. მოკლედ, გასულ კვირაში არ დაირღვა 15 ათასი წლის წინ დამკვიდრებული ტრადიცია და აღნიშნული არსებითი სახელები და ნაცვალსახელები, შედარებით ახალი ზმნების თანხლებით, ხშირად ჟღერდა იქ, სადაც სააკაშვილი მიდიოდა. სააკაშვილი კი, სად არ მდიოდა - იყო კახეთში, იყო სამეგრელოში, იყო უნივერსიტეტში და იყო ილიას უნივერსიტეტში. რესტორნებიც მოიარა. ყველგან ყველაფერი ეშლებოდა: სიკვდილი სიცოცხლეში აერია, ნერონი - კალიგულაში და ა.შ. გიკვირთ? მაგას შოთა რუსთაველი და ტარიელ ჭანტურია ერევა ერთმანეთში და ისიც გეცოდინებათ, ერთხელ ვერა ქობალია რომ მოითხოვა და ზუგდიდის გამგებელი, ალექსანდრე ქობალია რომ მიუყვანეს. ლოთი ქობალია მაინც მიეყვანათ... მაგარი კადრები იქნებოდა, მაგრამ ეს მისი პირადი ცხოვრების დეტალებია და ამაზე სუ!!! პრადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი.

აბა, რას გავს ის, სააკაშვილისა და რასმუსენის პირადი მიმოწერა რომ გამოქვეყნდა?! „ძვირფასო მიშა, მე ვგრძნობ შენს ტკივილს“ - სათაური პირდაპირ წერილიდან იყო აღებული, თავად წერილი კი... „ძვირფასო მიშა, სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს შევიტყე თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ. ძალიან შევწუხდი, როდესაც გავიგე, რომ ველოსიპედის მართვისას მხარი დაიზიანე. დაახლოებით, ორი წლის წინათ მეც შემემთხვა მსგავსი რამ - მოვიტეხე მხარი და ამიტომ გულწრფელად შემიძლია გითხრა: მე ვგრძნობ შენს ტკივილს! მაგრამ ასევე შემიძლია დაგარწმუნო, რომ ინტენსიური ფიზიოთერაპიის საშუალებითა და მოთმინებით, ძალიან მალე გამოჯანმრთელდები“.

ჰო - ინტენსიური ფიზიოთერაპიის კურსები თბილისში, ფრანგულ რესტორანში ჩაიტარა, სადაც, ლამის მის თვალწინ გაილახნენ დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და ზაზა გოროზია. ზაზა გოროზიას მარჯვენა მტევნის ფალანგები აქვს დაზიანებული, გიორგი ვაშაძემ ჩხუბის დროს თავზე ჭრილობა მიიღო, ხოლო დავით საყვარელიძეს ცხვირის ტრავმა აქვს მიღებული.

ვერ წარმოიდგენთ, როგორი გახარებული ვარ! იმით კი არა, რომ  ერთს თავი, მეორეს ხელი და მესამეს თავი რომ აქვთ თაბაშირში! არა!!! ცემა-ტყეპა როგორ უნდა გაგიხარდეს?! მე ის მიხარია, ცოცხლები რომ გადარჩნენ და, თან, აქამდე რომ არ იცოდნენ, სახელის გატეხვას თავის გატეხვა რომ ჯობს, ახლა ზუსტად იციან, რომ სახელის გატეხვას ხშირად თავის გატეხვა მოსდევს.

აი, ასეთ და ამნაირ უფასო მასტერ-კლასებზე მქონდა საუბარი და თუ ნაცებისთვის ეს გაკვეთილი, ასე თუ ისე, მაინც დაგვიანებული აღმოჩნდა, აგერ, ბატონო, „ოცნება“ სავსეა ქართული ანდაზების არმცოდნე ხალხით და, იმედი მაქვს, ეგენი მაინც გაითვალისწინებენ.

ახლა, ეს ამბები რომ მოვყევი - რასმუსენის ტკივილიანი გრძნობები სააკაშვილის მიმართ და მამალი ძროხების ტკივილიანი თავგადასავალი უჩაქაფულო კლუბში - შემთხვევით, რამე კანონი ხომ არ დავარღვიე? არა? ძალიან კარგი! ძალიან კარგი, რადგან „არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას გმობენ, - ამის შესახებ ნათქვამია ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს“.

ასეთ საქმეში ცხვირს ნამდვილად არ ჩავყოფ, მაგრამ ისედაც იგრძნობა, რომ ენჯეოების პროტესტს გრანტის სუნი ასდის. მეც ვგმობ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებას (უკაცრავად, მაგრამ, სარიც უთხრიათ), მაგრამ აქვე ვსვამ კითხვას: გაუკუღმართებული სექსი უფრო უკუღმართი რამ არის, თუ გაუკუღმართებული გზებით ფულის შოვნა? არ მახსოვს ვინ, მგონი ბუკოვსკიმ, სავსებით მართებულად შენიშნა: „რაც უფრო მეტად დაირღვევა სექსუალური უმცირესობების უფლებები, მით უკეთესად იქნებიან მათი დამცველები“.

აჰა - ესეც მე ვარ? მე ის ვარ, სანთლით რომ ეძებდნენ და ბოლოს გიორგი მარგველაშვილი რომ იპოვნეს და რომ იპოვნეს, არმაზ ახვლედიანმა რომ თქვა, ეს არის უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაშიო.

ან ქალთან პირველად არ ყოფილხარ? ან სიყვარული არ გწვევია? შვილი არ შეგძენია და არ მოგინათლავს?.. რომელი ერთი ჩამოვთვალო?.. საკუთარი ხელით დაწურული ღვინო არ დაგიჭაშნიკებია? ყიფიანმა ფაკეტის ბურთი რომ მოპარა, ერევანში 4:1 რომ მოვიგეთ, „ლივერპულს“ რომ გადავუარეთ, „ნაზარეთი“ რომ იყო ჩამოსული... მერაბ კოსტავა გადამეხვია, მომიკითხა და მერე ერთად  ვიდექით წირვაზე გარეჯის მონასტერში. 1987 წელი იყო...

ო, წმინდაო არმაზ, რა გასწავლეს ამისთანა უნივერსიტეტში და რას ასწავლით ამისთანას თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში!!!

საერთოდ კი, გაუკუღმართბული სექსი გაუკუღმართებული გრძნობების შედეგია და აი მაგალითიც: „გიორგი ფარესიშვილი ხუხაშვილს, ხვედელიძესა და ნაცვლიშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება მისივე თქმით, სანამ ხვედელიძე, ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი თანამდებობებზე იქნებიან, მანამდე არ მოხდება იმ ბინძური ფაბრიკაციის გამოძიება, რაც მის წინააღმდეგ გავრცელდა. ჟურნალისტის თქმით, მათი თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ ყველა ფაქტს, რომელიც ჩადენილია ამ სამი პიროვნების მიერ, გამოძიებას მიაწვდის, შემდეგ კი საზოგადოებას გააცნობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ, ფარესიშვილი მათ წინააღმდეგ კომპრომატებს მაინც გამოაქვეყნებს. ფარესიშვილის ინფორმაციით, მას აქვს აუდიომასალები, დოკუმენტები, ასევე ჰყავს მოწმეები, რითაც დასტურდება ამ სამი ადამიანის დანაშაულებები“.

ე, ბიჯო... ამას გვიმალავდი?!

დიდი ინტერესით ველოდები ამ კომპრომატებს. თუ არა და, სრული უფლება მექნება ვიფიქრო, რომ გიორგი ფარესიშვილი სინამდვილეში არის გადაცმული ირინა სარიშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე იგორ გიორგაძისა და კახა თარგამაძის კომპრომატებსაც ვიხილავთ. აბა... დავჭრათ ძეხვი და ხახვი, გავხსნათ ქაშაყი, მოვიდგათ ლუდი, მოვუკიდოთ სიგარეტს, ჩავრთოთ ტელევიზორი და დავტკბეთ. ხვალ, ზეგ, მაზეგ... რავი, როცა იქნება. გასულ კვირაში კი, გივი თარგამაძის დაბრუნებით დავტკბით. სამშობლოში დაბრუნდა - ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი და რამე. მე შენ გეტყვი და, რაა მამული გივი თარგამაძის გარეშე?! მეჩვენება, თუ ახლა უფრო თავისუფლად ვსუნთქავ? მეჩვენება, თუ ახლა უფრო საამურია ცხოვრება, მას შემდეგ, რაც გივი თარგამაძე აეროპორტში, ხოლო დავით კეზერაშვილი ინგლისური ჩაის სახლში შენიშნეს? აღარ დაგვტოვო გივი! ჩე, გივი, არა!!!

„ძალიან გაგებით უნდა მოვეკიდოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ხომ ჩვენი ქვეყნის შვილია, ჩვეულებრივი ადამიანია ისიც. დამოკიდებულება ძალიან შემწყნარებლური მაქვს ამ მხრივ, როგორც ოჯახის წევრი ისე. საქართველო ძალიან პატარაა, ჩვენ ცოტანი ვართ და არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა იმას, რომ ის ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. თუმცა საზოგადოებისაც კარგად მესმის, რომ გაღიზიანებულია მათი წარსული ქცევით“, - ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია.

ისე, კარგად რომ დავფიქრდეთ, მართლაც რა ცოტანი ვართ - მიშა, ვანო, გივი, დათო, მე და ბიძინა. კობა დამავიწყდა...

კობა დავითაშვილი: "ძალიან სამწუხარო და გულსატკენი განცხადებები გააკეთა პრემიერმა. მან თქვა, "სერგეენკო აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე აკეთებს კობა დავითაშვილი, ან ოდესმე გაუკეთებია", ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი წითელი ხაზით გადახაზვა. მსგავსი შეურაცხყოფა არც ერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია. ჩემს ცხოვრებაში იყო საკამათო ეპიზოდები, ამას მუდმივად მახსენებენ და მიმითითებენ, მაგალითად "ნავერტილეს" და იმას, რომ ჟირინოვსკიმ ხელი არ ჩამომართვა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ კობა დავითაშვილს ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია. პრემიერმა ასევე განაცხადა: „საკითხში არ ჩამიხედავს, მაგრამ ვენდობი სერგეენკოს“, ეს ძალიან სამწუხარო განცხადებებია“.

ჰო, ჰო, ჰო!..

ბიძინა ივანიშვილი: „რა თქმა უნდა, მე დავუშვი შეცდომა, როდესაც კობაზე ვთქვი, რომ მას ეშინია მთავრობაში მუშაობა და უარი თქვა წინა ხელისუფლებაშიც თავდაცვის მინისტრობაზე. მას აქვს ნამდვილი გმირული ნაბიჯები გაკეთებული. მე გავარკვიე ეს და კობა შემიძლია შევაქო. 2004 წელს, როცა პარლამენტმა მიიღო ის უსახური კანონი, პრეზიდენტს როდესაც განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, კობა დავითაშვილმა ყველაზე მეტად ამოიღო ხმა ამის წინააღმდეგ და ამიტომაც თქვა უარი წინა ხელისუფლებაში მუშაობაზე. ამიტომ, იმ შემთხევაში, როდესაც მე ვთქვი, გადავაჭარბე. ბოდიშის მოხდაც მინდოდა, მაგრამ დღეს აღარ მოვიხდი, რამეთუ, მან კიდევ ახალი მკვეთრი განცხადება გააკეთა, ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ. იმ შემთხვევაში, მე არ ვიყავი მართალი, კობა გმირულად მოიქცა და არა - შეეშინდა მთავრობაში მუშაობა".

პაჰ, პაჰ, პაჰ!..

კობა დავითაშვილი: „ხელი დაადოს ბატონმა ბიძინამ ყველაზე რთულ უბანს, რომელიც მას ყველაზე მეტად უჭირს და მე მზად ვარ ამ უბანს ჩავუდგე სათავეში. მერე შევადაროთ ერთმანეთს არაპოლიტიკოს ექსპერტ მინისტრისა და ჩემი საქმიანობა ნახევარი წლის შემდეგ“.

ავოე!..

მიხეილ სააკაშვილი: „აქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც არ ახსოვთ რა საშინელება იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩემი ასაკის და უფროსი ასაკის ადამიანებს ახსოვთ. რატომ იყო აღდგომის დღესასწაული თავისუფლების გამოხატულება?! ამ დღისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ხოლმე - შეგვეღება კვერცხები და ა.შ. ვემზადებოდით ასევე ბზობისთვის...“

ვაჰ!..

სააკაშვილზე და დავითაშვილზეა ნათქვამი - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. და რა არის ნათქვამი მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე? „ეგ კანონპროექტი არის დებილების მიერ გაკეთებული“ - თქვა გასულ კვირაში კახა ბენდუქიძემ.

რამე რო იყოს, ბენდუ არ აპირებს ფრანგულ რესტორანში სტუმრობას? თუ მივა, ვინემ დაახვედრეთ, საკადრისად რომ უმასპინძლოს, ოღონდ შორენა - არა! თუმცა, ამას ისედაც არ სცალია - „ლაბორატორია 1918“-ს წევრები ხმამაღლა ჩივილს აპირებენ, ლგბტ სასტავები მდუმარე აქციისთვის ემზადებიან, ხოლო ბაიკერებს გუშინ საპროტესტო სვლა უნდა მოეწყოთ, მაგრამ მერე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, ამ ბაიკერებზე „ბრონქსსკაია ისტორია“ გამახსენდა.

"შეწყდეს ბაიკერთა დევნა!"- ამ მოთხოვნით დღეს, თბილისში, მოტომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება“ - იუწყებოდა „ინტერპრესნიუსი“.

კაიფობთ?! ნუ დაგვდევთო - ქართველი ჰარლეი-დევიდსონები იხვეწებიან. თუმცა, საპატრულო პოლიციამ გარკვევით და ნათლად განმარტა დევნის მიზეზი: საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა მძღოლების შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12-ს - შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება, 5 მათგანი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში, ასევე, დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით, ხოლო 13-ს სანომრე ნიშანი შეცვლილი ჰქონდა.

თქვე ჩემის იამაჰებო... თუ პრავები არ გაქვთ, თუ ტარება არ იცით, გადღლეზილი მთვრალი ხარ და ნომრები სხვაგან გაქვს მიკრული, სანამ წუწუნს დაიწყებ, მდევნიანო, მანამდე იქნებ გასაღები მოგენახა?!

რამდენი უსაქმური დადის და დაგორავს... ამ უსაქმურებიდან ერთ-ერთს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს, პრემიის სახით 83 823,5 ლარი მიუღია. ფული კომისიის წევრმა სხვა უსაქმურებმაც აიღეს:  სოფიო ბრიტანჩუკმა – 63 847,5 ლარი, კარლო კვიტაიშვილმა – 63 847,5 ლარი, აკაკი სიხარულიძემ – 55 941,5 ლარი და ირაკლი მოსეშვილმა – 63 847,5 ლარი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემმა მეგობარმა სააგენტომ შემატყობინა. შევშფოთდი, ავღშფოთდი, მოვიღუშე და ის იყო უნდა მეფეთქა, რომ... თავად განსაჯეთ: „საინტერესოა, რომ როგორც დოკუმენტში არსებული ჩანაწერიდან ირკვევა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კარლო კვიტაიშვილმა (ამ პერიოდში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მასზე მაინც გაიცა ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემია“.

ეს კარლო კვიტაშვილი, წყალი არ გაუვა, ნამდვილად ლეიბორისტი იქნება, ანუ - ორგზის უსაქმური.

საქმიანმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა. არ ვიცი და არც მაინტერესებს, ვინ იქნება მისი შემცვლელი. რაც შეეხება თავად მოგელაძეს, ალბათ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მოღვაწეობას ბიზნესში, სავარაუდოდ, მონსტრების კორპორაციაში გააგრძელებს. მანამდე კი, ერთი კარგად გამოიძინებს, ხელშეწყობა გარანტირებული აქვს: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ბათუმში ძილის სპეციალიზებული ცენტრის შექმნის შესახებ იმსჯელეს“.

რა თქმა უნდა, ძილის ცენტრი აუცილებლად შეიქმნება და რა თქმა უნდა, მისი დევიზი-სლოგანი აუცილებლად იქნება „ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი“. ეს აზრი ახლა მომივიდა თავში და იქვე მეორე იდეამაც შემაწუხა. აი, იმ სტუდენტებმა, 1 მაისი რომ აღნიშნეს, დევიზად ასევე ილიას სიტყვები უნდა გამოიყენონ: „ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ“. ეროვნული და სოციალური ჩაგვრის ამბავში და პროფკავშირულ გაგებაში.

„მე ძველი რევოლუციონერი ვარ და როგორ შეიძლება შემაშინოს სასტვენის სტვენამ? ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი“ - უკვე გავრბივარ და ვფიქრობდი, რომ გასული კვირის კოჰაბიტაციას სააკაშვილის ამ სიტყვებით დდავამთავრებდი.

ბებიაშენი მზიასამ!!! ძუძუების ჭამა, სხვა ოპერიდან არის. ამ ოპერის სათაური არ მახსოვს, მაგრამ ლიბრეტოში დიდი ადგილი იმას უკავია ერთი ვიღაცა გორში რომ ფორთხავდა.

აჰა - მგონი მოვრჩი, მაგრამ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა მაინც დამრჩა - მაინც, რას აღნიშნავდნენ ნაციონალი დედალ-მამალი ძროხები ფრანგულ რესტორანში?

ეს კითხვა უპასუხოდ დარჩებოდა, რომ არა სააგენტო, რომელმაც ვინ იცის, მერამდენედ მიხსნა. აი, პასუხიც: „11-12 მაისს გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. ამ დღეს ყოველწლიურად ეწყობა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, რათა ხაზი გაესვას გადამფრენი ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვის მნიშვნელობას. "გადამფრენი ფრინველები მსოფლიოს ყველა კუთხეს აკავშირებს, ხოლო ეს დღე აერთიანებს ორგანიზაციებს, მთავრობებსა და მოხალისეებს გადამფრენი ფრინველების დასაცავად და მომავალი თაობებისათვის შესანარჩუნებლად", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში“.

ახლა უკვე ჩხუბის მიზეზსაც ვხვდები. გოროზიას კითხეს, ხომ ხარ ჩიტივითო. გოროზიას გაეღიმა - რაზეა ბაზარიო, და ღიმილი ტუჩებზე შეაშრა. ჰოდა, დამაფრინდიო - უთხრეს გოროზიას.

რა თქმა უნდა, იგივე მოხდებოდა, მთელი პროგრესული სამყარო და ერთიანი (ახალი) ნაციონალური (ეროვნული) მოძრაობა 11-12 მაისს ლომების დღეს რომ აღნიშნავდეს.

გ.ი. (გაგრძელება იქნება) „რატომ არ დავლიეთ დილით, რატომ არ დავურტყით პატარა“, - იყვირა უცებ დაბალმა და მაღალს მუცელში ატაკა თავი. მაღალმა ცალი ხელი ქეჩოში ჩასჭიდა, მეორე ხელი კი მოუქნია და ლოყაში ხეთქა. მერე ისევ დაარტყა და ამ დროს ვიღაც გამწარებული დაეძგერა - ეს უკვე არტურო იყო, - „ვის ურტყამ, ვის ურტყამ, შე...“ ჩხუბის ეშხში შესულმა მაღალმა არტუროსაც გაულაწუნა და მაშინვე საშინელი ყვირილით - „მამი, მარჩენალო მაამი“ - ნორჩი ჯანჯაკომო გამოვარდა. არეულობით ყველამ ისარგებლა და, ვისაც ვისი ჯავრი ჰქონდა, ერთმანეთს დაერივნენ და დიდი, მასობრივი, გრანდიოზული ჩხუბი გაიმართა.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)