ხვედელიძე დაკავებულია, ბარნოვს კი გონივრული ეჭვები ღრღნის

ხვედელიძე დაკავებულია, ბარნოვს კი გონივრული ეჭვები ღრღნის

საქმე გახსნილია, გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე დაკავებულია. შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დადგინდა, რომ აღნიშნული მასალა გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და მიზანი იყო ფარესიშვილის დაშანტაჟება, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მათ სამსახურში ჩაყენება იძულებითი გზით.

დაკავებული გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა. 

გამოძიებით დგინდება, რომ გელა ხვედელიძემ, პირადი მოტივით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილს ინტერნეტ-ქსელში უკანონოდ გაუვრცელა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფარესაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებაში, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს ადანაშაულებდა. როგორც ფარესაშვილი ამბობს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ამხელდა ამ სამ პიროვნებას ბიზნესლობირებაში.

მისივე განმარტებით, ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც „ნაციონალური მოძრაობას“ და ვანო მერაბიშვილს ჰქონდა. გიორგი ფარესაშვილი შს მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს გენერალური პროკურორისგან, რომ დაუყონებლივ იქნას გათავისუფლებული მისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და მას ჩაუტარდეს ნარკოლოგიური შემოწმება. გარდა ამისა, ფარესაშვილი ითხოვს უფლებამოსილება შეუჩერდეს პრემიერის მრჩეველს გია ხუხაშვილს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა... მოვითხოვ ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება. ის აუცილებლად უნდა მიჰყვეს ხვედელიძეს, ეს იქნება სამართლიანობა“, - აცხადებს გიორგი ფარესაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკვშირებით, რომ სწორედ ხვედელიძისა და ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, ამ კადრების გამოყენებით ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების და მათთან დაახლოებული პირების დაშანტაჟება. ამით, მათ აიძულებდნენ გადაედგათ მათთვის სასურველი ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარდების გავრცელებით, ან უარეს შემთხვევაში, დაკავებით ემუქრებოდნენ.  

რა გადაწყვეტილებას მიიღებს გენერალური პროკურორი და გაანთავისუფლებს თუ არა თანამდებობიდან მის პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ეს უცნობია. ხვედელიძის დაკავებას ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს თავად ლაშა ნაცვლიშვილი.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი დღე უნდა გახდეს წყალგამყოფი, რომლის იქითაც ეს არ განმეორდება. „მე თვითონ ვარ ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ძალიან კარგად მესმის. აქედან გამომდინარე, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არ უნდა იყოს და სამწუხაროდ, ეს შსს-ს მაღალჩინოსანი აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაისაჯოს. ეს ძალაინ კარგი ნიშანია იმისა, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც არ ეპატიება დანაშაული, ეს მგონი ყველასთვის სწორი სიგნალი იქნება,“ - აცხადებს ხუხაშვილი.

როგორც ცნობილია, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აღნიშნული კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა, როგორც შს მინისტრი აღნიშნავს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არ არის მათი ასლები. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზურნველყოფა მინდობილი ჰქონდა მის პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, სწორედ მას ევალებოდა ამ კადრებზე კონტროლი.

„ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით კადრები ინტერნეტსივრცეში დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით, შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამბელური კამპანია,“ - განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხვედელიძის დაკავებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი. ბარნოვის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის რეაქცია ეჭვს უჩენს მათ, რომ ის პირადად იყო დაინტერესებული აღნიშნული კადრების გავრცელებაში და პირადად იყო დაინტერესებული რეალობის დაფარვაში, გამომდინარე იქიდან, რომ კორუფციულ სქემაში, რომელზეც ფარესაშვილი საუბრობდა, პრემიერთან დაახლოებული ორი პირი, ხვედელიძის გარდა, ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი ფიგურირებენ. 

„ჩანაწერის გამოქვეყნების ბრალი მართლაც მხოლოდ ხვედელიძის კისერზე რომ იყოს, რა ვუყოთ იმ ბრალდებებს, რის გამოც ხვედელიძემ გადაწყვიტა ამ კადრების გავრცელება? ეს რომ უსაფუძვლო ბრალდებები ყოფილიყო, ამას ხომ არ გააკეთებდა?! გვაქვს საფუძველიანი ეჭვი, რომ პრემიერმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი გელა ხვედელიძე გაწირა, ხოლო დანარჩენ ორს, ხუხაშვილს და ნაცვლიშვილს ხელს აფარებს“, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ჩაგრავს ხელქვეითს.

„საქართველოში ეს ეპოქა დასრულდა და დარწმუნებული ვარ არასდროს აღარ დაბრუნდება. ყოველთვის ვიქნები თითოეული ადამიანის, კოლეგის დამცველი, მაგრამ კანონის დარღვევა არავის ეპატიება. არავის არასდროს უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა. სწორედ ეს არის ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების ერთადერთი გზა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მის უკვე ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაც მოხდა, მისთვის ძალიან მძიმე იყო.

„მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მაქვს ჩვეულებრივ მოქალაქეზე მეტი თმენის, და რაც მთავარია, ყოველგვარი ემოციების გარეშე გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება. ამიტომ, რაც მოხდა, არის კანონისა და სამართლიანობის აღსრულება“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ განადგურდება წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი.