ფრანგულ რესტორან „ლა ტრუფეში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში აღიძრა. სამართალდამცველებმა საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბექა მაზიაშვილი, მამუკა ბაკურია და მანანა გიორგობიანი. ასევე დაიკითხა რესტორნის მომსახურე პერსონალი. უწყებები უკვე გადაეგზავნათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ისინი გამოძიებას ჩვენებას უახლოეს დღეებში მისცემენ.
დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით, მომხდარი ინციდენტის დროს სტუმართა ნაწილმა რესტორანი დატოვა, მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
რესტორანში, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ეკუთვნის, სტუმრად იყვნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები - გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინა ბოკუჩავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. სამართალდამცველები ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ.
რესტორან „ლა ტრუფე“-ში დაპირისპირება დაახლოებით 24:00 საათზე დაიწყო. რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდებთან მსხდომ სტუმრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა. რესტორნის მომსახურე პერსონალი ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე თაკო სალაყაია.
თუმცა, მათ რესტორანი დაპირისპირებამდე დატოვეს. მომსახურე პერსონალი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრეზიდენტი და ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია და მომღერალი სოფო ნიჟარაძე რესტორნის ხშირი სტუმრები არიან. ის, რომ რესტორანის ხშირი სტუმრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია მომსახურე პერსონალისთვის.
„ვერ გეტყვით რა მოხდა, არ ვიცი. უცბად დაიწყო, ჩოჩქოლივით იყო ჯერ, და შემდეგ უკვე ჩხუბში გადაიზარდა. ჭიქებს და თეფშებს ესროდნენ ერთმანეთს,“ - გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც for.ge-სთან საუბარში არ დაადასტურა უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადება იმასთან დაკვშირებით, რომ რესტორანში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა. „ალასანია აქ არ ყოფილა, არ ვიცი, მე არ დამინახავს. საერთოდ არ ყოფილა ალასანია ამ რესტორანში,“ - გვითხრა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და გვერდით მაგიდასთან მსხდომ, ცოტნე ბაკურიას ძმას, მამუკა ბაკურიას შორის დაპირისპირების მიზეზი მანდილოსანი გახდა. თვითმხილველების განცხადებით, ბაკურია და მისი მეგობრები რესტორანში არაფხიზელ მგდომარეობაში მივიდნენ. ჩხუბიც მათი სტუმრობიდან დაახლოებით 15-20 წუთში დაიწყო.
ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე მამუკა ბაკურია აცხადებს, რომ ინციდენტი მთაწმინდის გამგებლის, ნიკა მელიას მიერ დაიწყო, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბაკურიას მეგობარ ქალბატონს.
For.ge დაუკავშირდა ნიკა მელიას, თუმცა მან ჩვენს სატელეფო ზარს არ უპასუხა, ისევე როგორც ჩხუბის ერთ-ერთმა მომაწილემ, დავით საყვარელიძემ.
„ვიყავი სამ მეგობართან ერთად. აქედან ორი მანდილოსანი იყო. ჩემს სუფრასთან მყოფ მანდილოსანს შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა. შელაპარაკება მოხდა ვინმე მელიასთან, რომელიც არის გამგებელი. წამოვდექი, როცა მივხვდი, რომ სიტუაცია დაიძაბა, ამ ბატონს ვუთხარი - ასე არ შეიძლება და თუ შეიძლება მიბრძანდით თქვენს მაგიდასთან-თქო. ამ ჩემს ჟესტს იმათი სუფრიდან მოჰყვა რამდენიმე კაცის წამოწევა და პირდაპირი ღია აგრესიის გამოხატვა დედის გინებით და მუშტით“, - აცხადებს მამუკა ბაკურია, რომელიც უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის მამიდაშვილია.
განსხვავებული ვერსია აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ისინი ამბობენ, რომ სადილი დაახლოებით ერთი საათის დაწყებული იყო, როდესაც მამუკა ბაკურია 3 ქალბატონთან ერთად მივიდა რესტორანში. მან მაგიდა მეორე სართულზე შეუკვეთა. თუმცა, რესტორანში შემოსვლისთანავე ბაკურიამ დაიწყო ხმამაღალი ლაპარაკი - „მკვლელები აქ არ უნდა შემოდიოდნენ, დაახვიეთ აქიდან, ვაკე ჩვენია, ვაკეში ბოზების ქეიფის დრო დამთავრდა“. რაც უმცირესობის განმარტებით, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ ინციდენტის მონაწილეები პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ.
ჩხუბის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ, რომლებიც მოგვიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფში გადაიყვანეს. გარდა ამისა დაშავებულია ბაკურიას მეგობარი ბექა მაზიაშვილი.
გუშინვე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, დავით საყვარელიძემ ქირურგიის ინსტიტუტში კომპიუტერული გამოკვლევა ჩაიტარა. ექიმების დიაგნოძით „ლა ტრუფე“ - ში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ყველაზე მძიმე დაზიანებები დავით საყვარელიძემ მიიღო. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქირურგიის ინსტიტუტის მთავარი ექიმი, სწორედ დეპუტატის დედაა, გვარად ჭეიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით საყვარელიძის სამედიცინო დასკვნა მან დაწერა. კლინიკის მფლობელი „ავერსის“ გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძეა, რომელმაც კლინიკის მთავარი ექიმის სავარძელი პარლამენტარის დედას უბოძა.
თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბიდან რამდენიმე წუთში საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო. მათივე თქმით, ჩხუბი და ხმამაღალი საუბარი ეზოშიც გაგრძელდა. ადგილზე მისულმა for.ge-მ გაარკვია, რომ რესტორანს დაცვა არ ჰყავს, შესაბამისად მომსახურე პერსონალისთვის, რომელებიც რესტორნის მიმდებარე ტერიტორიასთან იმყოფებობდნენ, უცნობია ვინ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. რესტორანი ამ დროისთვის დაკეტილია და უცნობია, როდის დაიწყებს რესტორანი მუშაობას.
ჩხუბის შედეგად დაშავებული დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას სახლში აგრძელებენ. სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას მარჯვენა მტევნის ფალანგები აქვს დაზიანებული, გიორგი ვაშაძემ ჩხუბის დროს თავზე ჭრილობა მიიღო, ხოლო დავით საყვარელიძეს ცხვირის ტრავმა აქვს მიღებული. დაშავებული დეპუტატები ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი მხოლოდ ზაზა გოროზიამ გააკეთა. როგორც მან „პირველ რადიოს“ განუცხადა, ჩხუბი ბაკურიამ დაიწყო. „შეიძლება რომ 30 კაცი ვყოფილვიყავით და 3 ვცემეთ? ყველა ვეუბნებოდით, რომ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ჩხუბი უნდოდათ ვაკესა და ვერაზე თქვენ ვერ იქეიფებთ, გვაძახებდნენ, რომ თქვენი დრო წავიდაო. ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს. ყველა ხვდებოდა, რომ მოსულები იყვნენ იმისათვის, რომ მოეწყოთ ის, რაც გაააკეთეს. ხელი კი მაქვს მოტეხილი, მაგრამ ამაზე არაა საუბარი, აქ მთავარია ამაზრზენი ფაქტი, რომელიც მოხდა. ის, რომ გეუბნებიან, თურმე, საქართველოში არ უნდა დაჯდე რესტორანში, იმიტომ, რომ ხარ სხვა, ეს ამაზრზენია,“ - ამბობს ზაზა გოროზია.
კლუბ-რესტორან „ლა ტრუფეს“ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, მანანა გიორგობიანი აცხადებს, რომ არც პოლიტპატიმარია და არც კრიმინალი. როგორც გიორგობიანმა „იმედთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ე.წ. პოლიტპატიმრები დაუპირისპირდნენ, ცილისწამებაა.
მისივე თქმით, მას კისერზე და ყბაზე ჩალურჯებები აქვს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაც გაიარა.
„ერთ-ერთმა, მელოტმა და დაბალმა, არაერთხელ დამარტყა. ჩემი ბიჭები ცოტანი, ორნი იყვნენ და აბა არ ჩავრეულიყავი?! შუაში მაინც არ ჩავმდგარიყავი?!“, - განაცხადა გიორგობიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია განმარტავს, რომ ძალადობას და აგრესიას სახელმწიფო არასოდეს წაახალისებს. აქვე ბესელიამ უმრავლესობის ყოფილ წევრებს შეახსენა, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვის მიმართაც ისინი არადამიანურად იქცეოდნენ და მათი რეაქციაც ადეკვატურია.
„ნამდვილად ეს ახალი ხელისუფლების ბრალი არაა და მათ ამაზე იმ დროს უნდა ეფიქრათ, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში. ბუნებრივია ხელისუფლებას ამაზე რეაქცია ექნება და გამოძიებული იქნება რა მოხდა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ მათ თანაგუნდელებზე კრიმინალური თავდასხმა განხორციელდა.
„ეს იყო კრიმინალური თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, სწორედ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. ჩვენ ვითხოვთ, შსს-სადა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ფატქის გამოძიებას. მათი პრესტიჟის ამბავია, რომ პოლიტიკური ზეწოლების ერთი ფაქტი მაინც იქნას ბოლომდე გამოძიებული,“ - განმარტავს ლევან ბეჟაშვილი.