ვალიევას დრამა, „მონათმფლობელი“ თუთბერიძე, „ჰიტლერის ოლიმპიადა“

ვალიევას დრამა, „მონათმფლობელი“ თუთბერიძე, „ჰიტლერის ოლიმპიადა“

პეკინის ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები დასასრულს მიუახლოვდა და რამდენიმე დღეში საზეიმოდ დაიხურება. რა შეიძლება ითქვას ამ ასპარეზობაზე? სადღაც 10-15-20 წლის შემდეგ სპორტის „სტაჟიანი“ გულშემატკივარი მას ორი წინადადებით გაიხსენებს: კამილა ვალიევას დრამა და უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა - ალბათ, მართალიც იქნება. პეკინის თამაშებმა ამ ორი მოვლენის ფონზე ჩაიარა და „ვალიევაგეიტი“ მისი უმთავრესი მოვლენა აღმოჩნდა.

ერთი ჩვეულებრივი დოპინგსკანდალი საპნის ბუშტივით გაიბერა და არაერთი, ადრე საგულდაგულოდ მიმალული პრობლემა დღის სინათლეზე გამოიტანა. ხმაური დიდი გახლდათ, ისეთი, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არასრულწლოვანი სპორტსმენების თამაშებზე ასპარეზობის აკრძალვას ოფიციალურად დააკანონებს. როდის მოხდება? ალბათ, - ძალიან მალე.

15 წლის წარმოშობით ყაზანელი ვალიევა ფიგურულ სრიალში საასპარეზოდ გამონაკლისის სახით დაშვებული გახლდათ. მისი „საქმის“ ოფიციალური განხილვა კი ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე გადაიდო. საინტერესოა, რომ მოზარდმა აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინის მიღება აღიარა, მიზეზად კი ბაბუის ჭიქა დაასახელა, თითქოსდა შეცდომით ამ ჭურჭლით ისარგებლა. მეორე დღეს იგივე კამილას ბაბუამაც გაიმეორა - „პრეპარატს რეგულარულად ვიღებდი და შვილიშვილს ელემენტარულად ჭიქები შეეშალაო“, - განაცხადა. ცოტა კი არა, კარგად გვარიანი აბსურდია, მაგრამ ეს ვერსია ოფიციალურად გაჟღერდა და რუსული მხარეც მას აქტიურად „აწვებოდა“. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ უკვე პეკინში აღებულ სინჯში ვალიევას კიდევ სამი აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს.

ავად თუ კარგად, დოპინგის ნორჩი თაყვანისმცემელი საასპარეზოდ დაუშვეს. მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ სავალდებულო სრიალისას რიგი შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ ოლიმპიური თამაშები მეოთხე ადგილზე დაასრულა. აქ უკვე დრამის მეორე ნაწილი გათამაშდა.

პირველ ადგილზე რუსი ანა შჩერბაკოვა გავიდა, მეორეზე მისი თანამემამულე ალექსანდრა ტრუსოვა. მესამე ადგილი ამ შემთხვევაში თითქოს საინტერესო არ არის, მაგრამ მოგახსენებთ, რომ მას იაპონელი კაორი საკამოტო დაეუფლა.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ მთელმა მსოფლიომ იხილა გაწითლებული ალექსანდრა ტრუსოვა, რომელიც გახარების მიუხედავად (მეორე ადგილი დაიკავა) ისტერიკაში იმყოფებოდა, ყველას თავდავიწყებით ლანძღავდა, თან ფიგურული სრიალისათვის თავის დანებების პირობას დებდა, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე კი ცრემლები ღვარად სდიოდა.

უკეთეს დღეში არც ჩვენი ახალი პერსონაჟი, კამილა ვალიევას მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე გახლდათ, რომელიც გაყინული სახით თავის შეგირდს სუსტად ასპარეზობის გამო მიწასთან ასწორებდა. ვინ არის ეთერი თუთბერიძე? - მოსკოვში დაბადებული და მცხოვრები 47 წლის ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელია. სახელისა და გვარის გამო მოგახსენებთ, რომ სანახევროდ ქართველია, დანარჩენი კი - სომხური და რუსული სისხლი თანაბრად ურევია.

ვალიევას ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტები თუთბერიძის მოღვაწეობის შესწავლას საგულდაგულოდ შეუდგნენ და აღმოაჩინეს, რომ „ეთერი მასწ“ საკუთარ მცირეწლოვან მოსწავლეებს სპარტანული მეთოდებით წვრთნის. იმედისმომცემი არასრულწლოვანი გოგონების ნამდვილი ინკუბატორი გააჩნია, სადაც მათ შესაძლებლობებს ბოლომდე წურავს, შემდეგ კი დაძველებული ტანსაცმელივით თავიდან იშორებს. ამიტომ, თუთბერიძის თითოეული შეგირდი საერთაშორისო ასპარეზობებზე მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში ბრწყინავს, 18 და 19 წელს მიღწეულები კი ფიგურულ სრიალს თავს სამუდამოდ ანებებენ და არაერთი ტრავმა მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევთ.

ვალიევას ამბავმა რუსეთში დიდი ხმაური გამოიწვია. ნაწილმა ეთერ თუთბერიძის საწვრთნელო მეთოდები სასტიკად გააკრიტიკა. ცნობილმა ჟურნალისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა თავისი ქვეყნის მთავრობას არასრულწლოვანი მოზარდების პროფესიულ სპორტში ჩაბმის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდა. სპორტულმა ჟურნალისტებმა გეორგი ჩერდანცევმა და იგორ რაბინერმა ვალიევას საქმეში მონაწილე ყველა ფიგურანტის სასტიკად დასჯა, თავად თუთბერიძისგან კი სახალხოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

რუსეთის სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლებმა მხარი ქართული სახელისა და გვარის მქონე ფიგურული სრიალის სპეციალისტს დაუჭირეს. ჩვენთვის კარგად ნაცნობი დმიტრი პესკოვი „ოლიმპიურ ასპარეზზე“ ისევ გამოჩნდა და განაცხადა, რომ თუთბერიძე მაღალი რანგის მწვრთნელია, რუსეთისათვის სპორტულ გმირებს ზრდის და არავისი საქმეა, მცირეწლოვანებთან მუშაობისა და აღზრდის რა მეთოდებს იყენებს.

ყველაფერი ამისი დაგვირგვინება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სპეციალური განცხადება გახლდათ.

„როცა დავინახე, რამდენად ცივად მიიღო კამილა ვალიევა მისმა გარემოცვამ, შინაგანად მეც გავიყინე. არ შემეძლო იმის ყურება, რასაც ვხედავდი. ძალიან იმედგაცრუებული და შეშფოთებული ვიყავი. იმის ნაცვლად, რომ ენუგეშებინათ და დახმარებოდნენ მას შემდეგ, რაც მოხდა, აშკარად იგრძნობოდა ყინულივით ცივი ატმოსფერო. ნუთუ შესაძლებელია, რომ საკუთარი სპორტსმენის მიმართ ასეთი ცივი და უგრძნობი იყო? ეს ყველაფერი კამილას გარემოცვის მიმართ განსაკუთრებული ნდობით არავის განაწყობს - არც იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რაც ახლა ხდება და არც სამომავლოდ. ვალიევას ვუსურვებ, რომ მხარდაჭერა ჰქონდეს - ოჯახის, მეგობრების და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მის გარშემო არიან“.

ამის შემდეგ თომას ბახმა განაცხადა რომ დადგა დრო, რომ პროფესიულ სპორტში ასპარეზობა არასრულწლოვნებს აეკრძალოს და ამ საკითხის გადაჭრას უახლოეს მომავალში მიუბრუნდება.

ციგურაობაში 5 000 და 10 000 მეტრიან დისტანციაზე შვედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნილს ვან დერ პულმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადა ბერლინის 1936 წლის თამაშებს შეადარა, რომელიც ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტური პროპაგანდისთვის გამოიყენა.

„ოლიმპიური თამაშები დიდებულია. ეს ფანტასტიკური სპორტული მოვლენაა, მაგრამ პეკინის თამაშებს 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადას შევადარებდი. ჰიტლერიც ამას აკეთებდა, სანამ პოლონეთს შეუტევდა და რუსეთიც, სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა. მიმაჩნია, რომ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მისცე ქვეყანას, რომელშიც ადამიანის უფლებები ისე აშკარად და უტიფრად ირღვევა, როგორც ამას ჩინეთის რეჟიმი აკეთებს.

თვითონ ჩინელები, რომლებსაც შევხვდი, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის რეჟიმი საშინელია“.

ნათელმხილველი არ გახლავართ, შესაბამისად მომავლის პროგნოზირება გამიჭირდება. შვედ ოლიმპიურ ჩემპიონს კი იმაში ნამდვილად დავეთანხმები, რომ უკრაინა-რუსეთის კრიზისი სულ უფრო და უფრო ღრმავდება და კაციშვილმა არ იცის ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს. თავის დროზე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე პეკინის კონკურენტი ყაზახური ასტანა გახლდათ. ჩინეთმა კონკურენტს სულ რამდენიმე ხმით აჯობა. უიღურების პრობლემა მაშინაც მწვავედ იდგა და მიმაჩნია, რომ ჩინეთის არჩევით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დიდი შეცდომა დაუშვა.

 

 

 

ჯარჯი რა ღვარძლიანი სტატიაა
2 წლის უკან
romani უმაღლესი დონის მწვრთნელია ქალბატონი ეთერი, დიდი პროფესიონალი და რომელსაც რუსეთის მთელი ნაციონალისტური და დასავლეთის მთელი ლიბერასტული ელიტა დაუპირისპირდა, რადგან ვერ ეგუებიან მის პირველობას სპორტის ამ სფეროში. პლუს, რა თქმა უნდა რუსეთის ფაქტორი. ზიზღის და ღვარძლის მფრქვეველ ნევზოროვის აზრის არგუმენტად მოყვანა, ყველაზე ცოტა, უკადრისი საქციელია. კოროჩე, პაზორნი ოპუსია.
2 წლის უკან
Goliaff ოოო for.ge სულ სხვა დონეზე გადავიდა; "დოპინგის ნორჩი თაყვანისმცემელი", "ნახევრად ქართველი" თუთბერიძე, ანუ თუ ბებია ან ბაბუა სხვა ერის გამოერია უნტერმენშად თვლის სატატიის ავტორისთვის ასეთ ადამიანს? ალბად სტატიის ავტორისთვის არსებობს "სწორი" ნაზავი მაგალითად ჯონ შალიკაშვილი, ხოლო თუთბერიძე "არასწორია"...
2 წლის უკან