ბარბი ფერეირას თქმით, დიდი ზომის სამოსის პოვნა ძალიან უჭირს

ბარბი ფერეირას თქმით, დიდი ზომის სამოსის პოვნა ძალიან უჭირს

ეიფორიის ვარსკვლავმა, ბარბი ფერეირამ, ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი სხეულისა და ჩაცმულობის შესახებ ორაზროვან კომენტარებს ხშირად ისმენს.

იმის მიუხედავად, რომ მსახიობი მაყურებელთა უმრავლესობამ სერიალ Euphoria-დან გაიცნო, ბარბი 16 წლიდან მოდელია. "ვფიქრობ, რომ დიდი სხეულები აღარ არის ისეთი ტრენდული, როგორიც ადრე იყო, რაც ჩემთვის სამწუხაროა. ჩვენ საკუთარი თავის სიყვარული გვაკლია და მეეჭვება, ბევრ ახალგაზრდას ეს უკვე გააზრებული ჰქონდეს", — ამბობს მსახიობი.

ფერეირას თქმით, როგორც მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფი მსახიობი, ის განიცდის ზეწოლას, რომ იყოს "ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს". "ძალიან სასაცილოა, რომ ხალხი ასე ფიქრობს. ეს მე როდის ვთქვი? არასდროს მითქვამს, თუმცა ისინი ჩემ მაგივრად ამბობენ და მომაწერენ", — დასძინა ფერეირამ.

მიუხედავად ფერეირას მრავალი ინსპირაციისა და საკუთარი სტილისა, მსახიობის თქმით, ტანსაცმლის ყიდვა მისთვის ძალიან დიდი სტრესია. "მსოფლიოს ყველა რესურსზე მაქვს წვდომა, რომ ის სამოსი შევიძინო, რომელიც მომწონს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც რთულია. ასე რომ, ყველა ადამიანის მესმის, რომელიც ცდილობს თავისი ზომის სამოსი იპოვოს, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს", — ამბობს მსახიობი.

ფერეირამ ინტერვიუში ეიფორიის ის სცენაც ახსენა, რომელშიც მისი პერსონაჟი გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც უყვირიან, რომ "საკუთარი თავი უყვარდეს", ის კი ამ დროს ტირილს იწყებს. "იმედია, მაყურებლები, რომლებისგანაც საზოგადოება მოითხოვს, რომ ბედნიერები იყვნენ, ზეწოლისგან გათავისუფლებას შეძლებენ. ვერავინ იქნება მუდმივად ბედნიერი და სრულყოფილი, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია", — დასძინა ბარბი ფერეირამ.