დედოფალი ელიზაბეთის ინტერესების მრავალფეროვნების შესახებ კარგად მოგვეხსენება, მაგრამ ბევრს ალბათ ჯერ კიდევ არ ეცოდინება, რომ 95 წლის მონარქმა სულ ცოტა ხნის წინ კეტჩუპის ბრენდი გამოუშვა. სამეფო კეტჩუპი რამდენიმე ინგრედიენტს, მათ შორის, პომიდვრისა და ყავისფერ სოუსებს აერთიანებს. ამასთან, მისი წარმოებისთვის ადგილობრივ, ნორფოლკის საგრაფოში მდებარე სანდრინგემის მამულში მოყვანილ ნატურალურ პროდუქციას იყენებენ.
არომატულ კეტჩუპს, რომელიც პროდუქტის აღწერის მიხედვით "იდეალურია საუზმობისთვის ან დღის ნებისმიერი სხვა მონაკვეთისთვის", სამეფო ფასიც აქვს — 280-გრამიანი შეფუთვა $9-ზე მეტი ღირს.
თუმცა, მთელი ეს ამბავი გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, რომ დედოფალ ელიზაბეთს განსაკუთრებულად უყვარს ჰამბურგერი. ამის მიუხედავად, სამეფო ოჯახის ყოფილი შეფმზარეული, დარენ მაკგრედი ირწმუნება, რომ მონარქი ჰამბურგერს ფუნთუშის ნაწილის გარეშე მიირთმევს, კეტჩუპს კი მოცვის სოუსს ამჯობინებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მის პატივსაცემად "მადამბურგერი" შეიქმნა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამეფო ოჯახი კვების ინდუსტრიაში ჩაერთო. 2020 წელს ბუკინგემის სასახლემ ჯინი გამოუშვა, მალევე კი სანდრინგემის მამულის წარმოებული ჯინიც გამოჩნდა ბაზარზე. ასევე სანდრინგემში მოყვანილი ინგრედიენტებით გასულ წელს შეიქმნა ლუდის სხვადასხვა სახეობა, რომელიც გასაყიდად გავიდა.
აღსანიშნავია, რომ დედოფალი ელიზაბეთი წელს "პლატინის იუბილეს" — ტახტზე ყოფნის 70 წლისთავს აღნიშნავს. ბრიტანეთის ისტორიაში იგი პირველი მონარქია, რომელმაც ამ განსაკუთრებულ თარიღს მიაღწია.