უნივერსიტეტის სტუდენტებთან არცთუ სასიამოვნო შეხვედრამ მიხეილ სააკაშვილი ვერ გატეხა. იგი ირწმუნება, რომ ძველი რევოლუციონერია და სასტვენით მისი შეშინება შეუძლებელია. ასევე, აცხადებს, თითქოს, სტუდენტებთან დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. თუმცა სულ სხვა რამეს ამბობენ სტუდენტები.
მათი თქმით, დღესაც, ისევე როგორც სხვა დროს, მიხეილ სააკაშვილი „ადეკვატური არ ყოფილა. წესისამებრ, იგი ლაპარაკობდა ყველაფერზე და არაფერზე, ხან ჩე გევარას მისდგებოდა სალანძღავად, ხან - პირსისხლიან რუსეთს“. არასასურველ შეკითხვებს კი, რომლებიც განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტებისგან გამოსჭვიოდა, თავს არიდებდა. ამიტომაც უპასუხოდ დატოვა მეტ-ნაკლებად მწვავე შეკითხვები - თუ რა პასუხისმგებლობას იღებდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ასევე, რას იტყოდა ციხის კადრების ირგვლივ?
სამაგიეროდ, სტუდენტებმა მისგან მოისმინეს, რომ მისი მთავარი ტკივილი ყოფილა, რომ გირგვლიანის დედა ვერ ნახა სიცოცხლეში, რომ ლაზიკის იდეა კარგად ვერ გააგებინა საზოგადოებას; ასევე, თურმე სად ხოცავდნენ ქუჩაში ხალხს მისი მთავრობის დროს?! - „37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი მოკლეს? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად. მაგრამ ეს იყო იშვიათზე იშვიათი შემთხვევა“.
ასევე, მიხეილ სააკაშვილის ლექსიკა სხვა ხატოვანი ფრაზებითაც გამდიდრდა: „აი, ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი“.
როგორც გაირკვა, სააკაშვილი მადლიერი აღმოჩნდა იმ მცირე ჯგუფის მიმართაც, რომელიც შეხვედრაზე თავიდანვე პროტესტის გამოსახატად, პლაკატებით და სასტვენებით იყო მისული. თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში ამ „ჩე გევარა სტუდენტებს“ ხელი არ შეუშლიათ და შეკითხვებსაც სვამდნენ, ხოლო ის, რომ დარბაზი მხოლოდ დასასრულისკენ დატოვეს, პრეზიდენტმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ მისმა საუბარმა ისინიც დააინტერესა.
ამის მიუხედავად, უნივერსიტეტის ეზოში მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მასთან კრიტიკული შეკითხვების დასმა ვერ მოახერხეს. ამიტომ გარედან მეგაფონების საშუალებით აწვდენდნენ ხმას მიუწვდომელ პრეზიდენტს.
მისდამი არალოიალურად განწყობილი სტუდენტები აცხადებენ, რომ სააკაშვილთან შეხვედრა წინასწარი ჩაწერით მოხდა. ალბათ, ამითაც აიხსნება, რომ შეკითხვების დიდი ნაწილი არაფრისმთქმელი და, ალბათ, საამურიც იყო პრეზიდენტისთვის; რომ არა ე.წ. ჩე გევარას სტილის ადამიანების შეკითხვები, რომლებსაც პრეზიდენტმა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
ფაქტია, რომ სააკაშვილმა უნივერსიტეტის უკანა კარიდან შეაღწია შენობაში, მოგვიანებით კი თსუ შეძახილების ფონზე დატოვა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა პრეზიდენტის ესკორტი სტვენითა და შეძახილებით: „სააკაშვილი კურდღელია“, „საქართველო სააკაშვილის გარეშე“ გააცილეს.
პრეზიდენტი ანალოგიურ შეხვედრას ხვალ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავს და ჩვენი ინფორმაციით, მას ხვალაც „პომპეზურ“ დახვედრას მოუწყობენ.
„პრეზიდენტმა სტუდენტებს, რომლებმაც შეხვედრა დავტოვეთ, ჩე გევარას სტილის ადამიანები გვიწოდა, ჩე გევარას კი პირსისხლიანი ნაბიჭვარი. პრობლემა არ არის, როგორც უნდა, ისე შეაფასოს“, - აცხადებს „ლაბორატორია 1918“-ის წევრის სანდრო ცაგარელი ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, სააკაშვილმა სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი უკან მიდის. ხოლო ციხეებში ახლაც რთული მდგომარეობაა და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პატიმრებზე ზეწოლა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა სხვა ფორმით.
სანდრო ცაგარელის თქმით, საბედნიეროდ, ახლა აზრის გამოხატვისთვის მათ არავინ დაიჭერს, თუმცა სააკაშვილი დიდი სიამოვნებით ჩასვამდა ციხეში, რომ შეეძლოს. სტუდენტი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ბევრი შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური რამ ილაპარაკა, რადგან მობილიზება გაუკეთეს მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ახალგაზრდებს და ისინიც ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რაც, წესით, სტუდენტებს არ აინტერესებდათ.
„შეძახილებით და სტვენით დავტოვეთ დარბაზი, რადგან ვერანაირი მიზეზი ვერ დავინახეთ, რატომ უნდა დავრჩენილიყავით სააკაშვილთან შეხვედრაზე. 1-ლი მაისის დარბევასთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ, ამაზე განაცხადა, პოლიციამ ძალას კი გადაამეტა, მაგრამ ვერ ვიტან ჩე გევარას მაისურიან ადამიანებს და მოჩეგევარო ტიპებსო და პირსისხლიან ნაბიჭვრად მოიხსენია. ასე რომ, ირიბად შეგვაგინა. ამაზე შევეპასუხეთ და კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა. სულ ორი კითხვა იყო მისთვის არაკომფორტული. ერთი ციხის კადრებს შეეხებოდა. მან თქვა, რომ მისი მეგობარი პროქტოლოგი თავის მეუღლეს ცოცხით დასდევდა. რამდენიმე დღის განმავლობაში, ის ემალებოდა, ბოლოს მაინც დაიჭირა მეუღლე და სააკაშვილი ამით ამტკიცებდა, რომ ის კადრები ყალბია. ამის შემდეგ რაზე შეიძლება სერიოზულად საუბარი?! ვფიქრობ, ეს ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის. სამწუხაროა, რომ ადამიანი ასეთ დღეშია“, - აცხადებს სანდრო ცაგარელი.
მისი თქმით, მას დარბაზში შესვლის პრობლემა არ ჰქონია, რადგან წინასწარ დარეგისტრირება მოახერხა. აინტერესებდა, რატომ შეილახა მის დროს უნივერსიტეტის ავტონომია; ასევე, შრომის კოდექსთან დაკავშირებით სურდა მისი აზრის გაგება, მაგრამ კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა.
სანდრო ცაგარელი იმედოვნებს, რომ ხვალ ილიაუნის სტუდენტები სააკაშვილს შეხვდებიან ისე, როგორც საჭიროა. პირადად იგი იქ მისვლას არ აპირებს. ფიქრობს, რომ შესაძლოა, შეცდა კიდეც, როცა უნივერსიტეტში მასთან შეხვედრა დააპირა, რადგან ამ ადამიანთან კითხვის დასმას აზრი არ აქვს.
სტუდენტი გიორგი გაბედავა ადასტურებს, რომ სააკაშვილი ალოგიკურად საუბრობდა. მეტიც, როცა მისმა მეგობარმა დაუსვა კითხვა, რომ უნივერსიტეტი ეკუთვნოდათ პროფესორებს და სტუდენტებს და სწორედ მისი რეჟიმის დროს იყო დისკრედიტირებული ეს სფერო და დღეს ტყუილად იყო მისული უნივერსიტეტში, მისგან აგრესია წამოვიდა.
„არა მგონია, უნივერსიტეტში მის მისვლას აზრი ჰქონდეს, ამის არც მორალური, არც ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. პირადად მე მაინტერესებდა, რატომ დაინიშნენ უნივერსიტეტებში ანდრო ბარნოვი, სერგი კაპანაძე, სანდრო კვიტაშვილი?! რა სურს გიგი თევზაძეს ილიაუნში, მაგრამ პრეზიდენტი ამ კითხვებისთვის მზად არ იყო. წინასწარ ჩაწერით ხდება მასთან შეხვედრა, რადგან განსხვავებული აზრის ეშინია“, - გვითხრა გიორგი გაბედავამ.
უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ, სანამ სააკაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იგი ყოველთვის გააპროტესტებს მის არსებობას. ამ ეტაპზე მასთან შეხვედრა და ცხრა წლის მანძილზე დაგროვილი კითხვების დასმა სურთ ნულოვანი ტოლერანტობის, ახალგაზრდების დახოცვის, მიტინგების დარბევის, ტელევიზიებზე თავდასხმის, რეპრესიების შესახებ...
„ჩვენ აქციას არ ვგეგმავდით, დარეგისტრირება და დარბაზში შესვლა გვინდოდა, მაგრამ უარი გვითხრეს. ამიტომაც სირცხვილის დერეფანი მოვუწყეთ სააკაშვილს. ადამიანი თავს რევოლუციონერს უწოდებს, ამ დროს კი რევოლუციონერი არ არის. ეს ქართველი ხალხის შეცდომაა, რომ ის პრეზიდენტი გახდა. უნივერსიტეტის უკანა კარიდან შეპარული პრეზიდენტია და რა მაგალითი უნდა მისცეს სტუდენტებს? იქ დემაგოგობით იყო დაკავებული“, - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.
მისი თქმით, ეს ადამიანი მიდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, შემდეგ - ილიაუნში, თუმცა ვერასდროს ივლის ილიას გზით და მათი ლოზუნგი, რომ ილიას გზით ივლიან და ნაცმოძრაობა აღორძინდება, ფარსია.
მეტიც, მელორ ვაჩნაძე აანონსებს, რომ პოლიტპატიმრები ხვალაც აუცილებლად მივლენ ილიაუნში და სააკაშვილის არსებობას გააპროტესტებენ. იგი ფიქრობს, რომ ეს შეხვედრები მხოლოდ პიარისთვისაა გათვლილი, რათა რომელიმე უცხოურ გაზეთში ლობისტებმა დადონ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი თურმე სტუდენტებს ხვდება. თუმცა ელჩები შეცდომაში არ უნდა შევიდნენ.
„დღევანდელი კადრებიც ამის დასტურია, რომ ეს ადამიანი ვერ გაადგილდება ისე, რომ არ დაუსტვინონ, მკვლელი, დამრბევი, ტერიტორიების დამკარგავი არ დაუძახონ“, - აცხადებს პოლიტპატიმარი ჩვენთან საუბარში.