პრინცმა ენდრიუმ და ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, შეთანხმებას მიაღწიეს

პრინცმა ენდრიუმ და ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, შეთანხმებას მიაღწიეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეორე ვაჟმა, პრინცმა ენდრიუმ და ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ, რომელმაც მას სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უთანხმოების დარეგულირების შესახებ ცნობილი მხარეების ერთობლივი წერილიდან გახდა, რომელიც ნიუ-იორკის სასამართლოში წარადგინეს. მასში აღნიშნულია, რომ პრინცი ჯუფრეს კომპენსაციას გადაუხდის და ასევე აპირებს შესაწირი გააკეთოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ფონდში. თანხების ოდენობა არ საჯაროვდება.

ენდრიუმ და ჯუფრემ შეთანხმებას პრინცის სასამართლოში ჩვენების მიცემამდე რამდენიმე კვირით ადრე მიაღწიეს.

ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი გასული წლის აგვისტოში შეიტანა. ის პრინც ენდრიუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. სარჩელის გამო პრინცს ენდრიუს სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტული ჩამოართვეს.

ჯუფრე ამტკიცებს, რომ ის ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლია, რომელმაც 2019 თავი მოიკლა. ქალის თქმით, 2001-2002 წლებში ეპშტეინმა და მისმა თანაშემწემ გილეინ მაქსველმა აიძულეს სექსუალური კავშირი დაემყარებინა პრინცთან. მაშინ ჯუფრე 17 წლის იყო.

66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა. 2021 წლის 30 დეკემბერს მაქსველი მოზარდების სექსუალურ ექსპლუატაციაში დამნაშავედ ცნეს.