პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
პირველ როგში, მინისტრი აბორტის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველას სიცოცხლის უფლება, მათ შორის, მუცლად ყოფნის დროსაც, დაცულ უნდა იყოს. თუმცა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მივიღოთ და ამის შესახებ ფართო დისკუსია უნდა შედგეს. მისი თქმით, აბორტის პრობლემა საქართველოსთვის უნიკალური არ არის, თუმცა ეს ჩვენთვის შეღავათი ვერ იქნება და არსებული სტატუსის შენარჩუნება სწორი არ არის. ამდენად, ცვლილებები უნდა გატარდეს.
დავით სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად წყვეტენ, საკუთარი კულტურულ-სოციალურ-რელიგიური სტატუსით და ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით. ამდენად, ეს პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაწყდეს.
ახლადშექმნილი დედათა და ბავშვთა საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. საამისოდ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება, ასევე, სტატისტიკური მონაცემები სრულიად საკმარისია. ამდენად, მინისტრის ხედვით, ასეთი მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს.
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას რაც შეეხება, მინისტრის თქმით, ამ ლაბორატორიის გადასვლა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი მიღებულ იქნა პრაგმატული თვალსაზრისით, რათა ეს ინფრასტრუქტურა მთელი სიმძლავრით ამუშავებულიყო. კერძოდ, ამ ლაბორატორიას აქვს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქცია და აქამდე არსებულ პირობებში ამ ფუნქციას სრულად ვერ ახოციელებდა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ლაბორატორია მძლავრი ინფრასტრუქტურაა, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებით ჩატარდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და ეს ინფრასტრუქტურა შექმნა და დააფინანსა ამერიკულმა მხარემ. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, მომზადებულია პერსონალი, მაგრამ ლაბორატორია ამჟამად ტესტირების რეჟიმშია.
ასევე, მინისტრმა უპასუხა სადაზღვევო კომპანიების დავალიანების შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების დავალიანება მილიონობით ლარს აღწევს და ჯანდაცვის სამინისტრო მათთან ერთად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა ერთიცაა, ჯანდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აქტიურად ჩაერიოს ამ კომპანიების სახელფასო პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი, ნებისმიერი აქტივობა, რაც დაკავშირებულია პაციენტის მკურნალობასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამიტომ, თუ კერძო კომპანიამ არ გადაუხადა კლინიკას ხელფასი, ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემა ხდება, რადგან მათი მოვალეობაა, უზრუნველყონ სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. დავით სერგეენკომ ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომაა უშუალოდ ჩართული სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებებში და მისი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ სახელფასო დავალიანებები დროულად დაიფაროს. ეს პროცესი ნაწილობრივ წარმატებულად განხორციელდა და დავალიანების მესამედი დაიფარა, ნაწილი კი მოკლე დროით გრაფიკულად გაიწერა.
მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრი აცხადებს, რომ მარიხუანის აკრძალვა ქვეყანაში იმ ფორმით დაშვებული არ უნდა იყოს, როგორც ახლა არის, თუმცა არც „რიკოშეტის“ ეფექტი არ უნდა მივიღოთ. ანუ მექანიკურ აკრძალვას ამ კონკრეტულ სფეროში ძალიან ხშირად სხვა მიმართულებების აყვავება და გაძლიერება მოჰყვება, ვინაიდან ნარკოტიკულ ბაზარს უკიდურესი მოქნილობა ახასიათებს. ამიტომ ამ თემას გააზრებული სტრატეგია სჭირდება. მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ზოგმა ქვეყანამ მიიღო ეს კანონი, ზოგი ახლაც მსჯელობს, თუმცა ის, რომ საქართველოში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს მარიხუანის ლეგალიზაციაზე, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და მარიხუანა სუპერმარკეტებში გაიყიდება.
For.ge დაინტერესდა, როგორ უნდა გასწორდეს არასწორი პარიტეტი, რაც საქართველოში მედიკამენტების ძალიან მაღალ დანახარჯებს გულისხმობს, რითაც ევროპაში პირველი ადგილი გვიჭირავს და, რაც, გარკვეულწილად, არასწორად დანიშნული წამლების გამოა.
ამის შესახებ მინისტრმა გვიპასუხა, რომ მედიკამენტებზე ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯი ორი მიზეზითაა გაზრდილი, რაოდენობრივით და თვისობრივით. რაოდენობრივში იგულისხმება მთლიანად მედიკამენტზე ფასები, თვისობრივი კი არის არახარჯეფექტური დანიშნულებები, რომელსაც პაციენტს უწერს ექიმი, ანუ არასაჭირო წამლები, რაშიც ბევრი ფული იხარჯება. ამიტომ მთავარია ჯანსაღი კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე. გარდა ამისა, ზედმეტი წამლების გამოწერა არ უნდა მოხდეს, ამასთან, ფასების იმპერატიული რეგულაცია არ არის საჭირო. მისი თქმით, ხარისხის კონტროლი უკვე დაწყებულია და საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს რაციონალური გეგმა, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს საქმე. რაც შეეხება ჩვენს დაინტერესებას ბოლო დროს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდასთან დაკავშირებით, მინისტრმა გვითხრა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა ოპერატიული მიღება და მინიმუმ, ექვსი თვე უნდა გავიდეს, რომ წინა მონაცემებთან შედარება მოხდეს, რათა ეს მონაცემები სუბიქტური არ გამოვიდეს.
მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამის დაწყებამდე არსებობდა დაბალი, საშუალო და მაღალი რისკები. დღესაც არის მცირე ხარვეზი, რაც ძირითადად ინფორმაციის გაცვლას უკავშირდება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროგრამა წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ექსპერტები ამას უარყოფითად აფასებენ, რაც ისევ და ისევ იმით აიხსნება, რომ ჯანდაცვაში მადლიერება დაბალი დოზითაა.
ჯანდაცვის მინისტრი, ასევე, ონკოლოგიურ ცენტრში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, თუკი 19 მაისამდე ინვესტორი არ დაიწყებს ვალდებულების შესრულებას (საუბარია 20 მილიონიანი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე), შესაძლოა, ეს ცენტრი ისევ სახელმწიფომ გადაიბაროს და ახალი ინვესტორი შემოვიდეს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო იგი კომპანია „პეგასუსის“ მენეჯმენტს ესაუბრა კიდეც. მათ სურდათ, წარმოეჩინათ, თითქოს, ასრულებდნენ მოვალეობას და შემოიტანდნენ აპარატურას, თუმცა მინისტრის პოზიცია ცალსახა იყო, რომ მათთან პოტენციური თანამშრომლობის გაგრძელებას განიხილავდნენ მხოლოდ რამდენიმე პირობის შესრულების შემდეგ: კერძოდ, ამაში ონკოცენრის კოლექტივს უნდა მიეღო მონაწილეობა; საინვესტიციო ვალდებულებების განახლება მოხდებოდა დამატებითი ვალდებულებების და ინვესტიციის გათვალისწინებით და კადრები უნდა შენარჩუნებულიყო. მეორე მხარემ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკების მეორე რაუნდი არ შემდგარა.
რაც შეეხება კობა დავითაშვილთან არსებულ დაძაბულობას, ჟურნალისტები კვლავაც დაინტერესდნენ ამ საკითხით, თუმცა მინისტრმა აღნიშნა, „თუ რამ განმუხტა მართლაც უჩვეულო დაძაბულობა იმ დღებში, რაც ესკალაციისკენ მიდიოდა, ალბათ, 15 წუთიანმა ახსნამ კონკრეტლი პუნქტების მიხედვით“.
ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას დავით სერგეენკო მიესალმება და აცხადებს, რომ თავად შეხვდა ამ ჯგუფს. მისი თქმით, ევროპულ კომპანიასთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის ჯერ ვერ დაასახელებს ამ უცხოურ კომპანიას, თუმცა მთავარია, რომ არ განიხილება რომელიმე კომპანიის განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩაყენება, მისთვის სასათბურე პირობების შექმნა.
აცრებთან დაკავშირებით მინისტრი აკონკრეტებს, რომ აცრები უფასოა და, თუ სადმე, რეგიონებში აცრისთვის თანახას ითხოვენ, ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს უნდა აცნობონ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მინისტრის თქმით, აქ არის ძირითადად ორი მსხვილი სუბიექტი - თავად ინფექციური საავადმყოფო, შიდსის ცენტრი და, ასევე, - სეფსისის ცენტრი, რაც გაყიდულია, მას ჰყავს კერძო მესაკუთრე. თავის მხრივ, კერძო მესაკუთრე ან ამ ადგილის დაცლას ითხოვს, ან საქმიან ვითარებას სთავაზობს საიჯარო გადასახადთან დაკავშირებით. მეტიც, მინისტრის თქმით, არსებობს ახალი ინფექციური საავადმყოფოს პროექტი, რომელიც მოწონებული და დამტკიცებულია, თუმცა სად აშენდება, რიგი გარემოებების გამო, იგი ჯერ ვერ აკონკრეტებს. მხოლოდ აკონკრეტებს, რომ ამჟამად დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს და მოსაგვარებელია გარკვეული საყოფაცხოვრებო საკითხები.
სეფსისის ცენტრთან დაკავშირებითაც აცხადებს, რომ აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები არ დარჩებიან სახელმწიფოს ყურადღების გარეშე, მათ ექნებათ არჩევანი, რა მიმართულებით განავითარონ ეს მნიშვნელოვანი დარგი, დარჩნენ იმავე შენობაში სახელმწიფოს მფლობელობაში, თუ კერძო მართვის ქვეშ აღმოჩნდნენ.