"დედობა უდიდესი ბედნიერებაა" — ნაომი კემპბელი შვილთან ერთად ვოგის გარეკანზე გამოჩნდა

ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სუპერმოდელმა, 51 წლის ნაომი კემპბელმა ბრიტანული ვოგის გარეკანზე 9 თვის შვილთან ერთად პირველად იპოზიორა. მოდელმა საზოგადოებას მაისში შეატყობინა, რომ დედა გახდა, ვოგის მარტის ნომერში კი გულშემატკივრებს დედობასთან დაკავშირებული გამოცდილება და ემოციები გაუზიარა.

ნაომი კემპბელმა ინტერვიუში ის ჭორებიც უარყო, რომლის მიხედვითაც, ბავშვი იშვილა. მისი თქმით, შვილის გაჩენის გადაწყვეტილების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. ამის მიუხედავად, მოდელის თქმით, გულის სიღრმეში ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ დედობა უნდოდა.

"ერთ ხელზე შემიძლია დავითვალო ის ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ შვილის გაჩენას ვაპირებდი. ის უდიდესი საჩუქარია — საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია... დედობა უდიდესი ბედნიერებაა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ის მყავს და ეს კარგად ვიცი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მისთვის ვაკეთებ", — განაცხადა მოდელმა.

ნაომიმ აღნიშნა, რომ შვილი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მასთან ერთად სამყაროს ხელახლა ეცნობა. ჟურნალისტის კითხვაზე კი, უნდა თუ არა დედა კიდევ ერთხელ გახდეს, მოდელმა უპასუხა: "რატომაც არა?!"