შეიძლება ხალხს ოსკარი აღარ ადარდებს — სეთ როგანი შოუს რეიტინგის კლებაზე

შეიძლება ხალხს ოსკარი აღარ ადარდებს — სეთ როგანი შოუს რეიტინგის კლებაზე

კანადელი მსახიობის, რეჟისორისა და კომიკოსის, სეთ როგანის თქმით, ვერ ხვდება, რატომ სურს ჰოლივუდს, ოსკარის დაჯილდოება ყველას უყვარდეს.

"არ მესმის, კინოინდუსტრიაში მყოფ ადამიანებს ასე ძალიან რატომ ადარდებთ, რომ ხალხს ჩვენი ერთმანეთისთვის მიცემული პრიზები აინტერესებდეს", — ამბობს როგანი, — "ჩემი აზრით, ადამიანებს შეიძლება არც ადარდებთ. მე დიდად არ მაინტერესებს, ვინ მიიღებს ავტომობილების ჯილდოს. სხვა სფეროებში მყოფი ადამიანები იმას არ მოელიან, რომ მათ მიერ ერთმანეთისთვის მიცემული პრიზები დანარჩენებს დააინტერესებს. შეიძლება ხალხს მართლაც არ აინტერესებს. ოდესღაც იქნებ აინტერესებდათ კიდეც, მაგრამ ახლა — აღარ. და მართლაც — რატომ უნდა ადარდებდეთ?"

მართალია, კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მთავარი ღონისძიების ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა — მათ შორის, შოუს ჩატარება წამყვანის გარეშე და ქრონომეტრაჟის შემცირება სიმღერების ხარჯზე, რამდენიმე წლის წინ კი პოპულარული ფილმებისთვის კატეგორიის დამატებაც დააპირეს — თუმცა, ოსკარის დაჯილდოების რეიტინგი წლიდან წლამდე იკლებს. შარშანდელ შოუს არსებობის ისტორიაში ყველაზე ცოტა, ათ მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა.

ძველი დიდების დასაბრუნებლად წლევანდელ ოსკარზე რამდენიმე ტრადიციას, მათ შორის, წამყვანის ყოლას, აღადგენენ. შოუს წამყვანი ბოლოს 2018 წელს ჰყავდა — კომიკოსი ჯიმი კიმელი. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გაუძღვება წლევანდელ ცერემონიას.

ამერიკული კინოაკადემიის პრიზების დაჯილდოება 27 მარტს გაიმართება.