კიმ კარდაშიანს მეთ გალაზე სახის დაფარვა არ უნდოდა, თუმცა დემნამ დაიყოლია

კიმ კარდაშიანს მეთ გალაზე სახის დაფარვა არ უნდოდა, თუმცა დემნამ დაიყოლია

2021 წლის მეთ გალას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი კიმ კარდაშიანისა და დემნა გვასალიას "გამოჩენა" იყო. რეალურად ისინი ვერავინ დავინახეთ, რადგან ორივეს თავით ფეხამდე შავი სამოსი ეცვა და სახესაც ნიღბები უფარავდათ. ამის მიუხედავად, მათი ცნობა არავის გაგვჭირვებია.

მართალია, კიმის ჩაცმულობამ მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა ვოგთან ახალ ინტერვიუში აღიარა, რომ ნიღბის გაკეთება სულაც არ უნდოდა. ის კი არა, ამ თემაზე ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორთან — დემნა გვასალიასა და მის ჯგუფთან ხანგრძლივი სჯა-ბაასიც გაუმართავს.

"მათ შევეწინააღმდეგე. ვუთხარი: ' არ ვიცი, ნიღაბი როგორ უნდა ვატარო. რატომ უნდა დავიფარო სახე?' მაგრამ დემნამ და მისმა ჯგუფმა მიპასუხეს: 'ეს კოსტიუმირებული ღონისძიებაა და არა Vanity Fair-ის წვეულება. ღონისძიებას კონკრეტული თემა აქვს, ამიტომ ნიღაბი უნდა გაიკეთო", — იხსენებს კიმი.

საბოლოოდ, კიმი დემნას დაემორჩილა და მეთ გალას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენაც გახდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ინტერნეტში კიმის ჩაცმულობა უამრავი მიმის შთაგონების წყარო გახდა, დემენტორსაც შეადარეს, მოგვიანებით კი ლიზომ ჰელოუინზე მიბაძა?

სავარაუდოდ, კიმი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ როცა საქმე მოდასა და სტილს ეხება, დემნას აზრის გათვალისწინება ნამდვილად ღირს.