რობერტ პატინსონი საზოგადოებამ 2008 წელს Twilight-ში ედვარდ კალენის როლით გაიცნო, დღეს კი მისი მონაწილეობით ბეტმენის ახალ ფილმს ელოდება. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მისი გულშემატკივარი, თუ პოპკულტურისა და კინოსამყაროს სიახლეებს თვალს ხშირად ადევნებთ, რობერტ პატინსონის უცნაური ინტერვიუები და გამაოგნებელი განცხადებები თვალს აუცილებლად მოგჭრიდათ. გამოცემა GQ-სთან ახალ ინტერვიუში რობერტმა აღიარა, რომ ისტორიების უდიდესი ნაწილი მისი ფანტაზიის ნაყოფია.
თითქმის 20-წლიანი კარიერის განმავლობაში რობერტ პატინსონს საზოგადოება არაერთხელ გაუოცებია. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შემაწუხებელი ფანის თავიდან მოსაშორებლად ის პაემანზე დაპატიჟა, საუბრით თავი მოაბეზრა და იმის შემდეგ აღარასდროს უნახავს. 2009 წელს გამოცემა Extra-ს მოატყუა, რომ თმას არასდროს იბანს და ამ განცხადების გამო საზოგადოება მის ჰიგიენას ეჭქვეშ დღემდე აყენებს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ისიც აღიარა, რომ ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ბეტმენის როლისთვის არ ვარჯიშობდა. მოგვიანებით ტყუილი იმით ახსნა, რომ არ უნდოდა, ვარჯიშის გრაფიკზე საუბრის გამო თავი უხერხულად ეგრძნო.
2020 წლის ინტერვიუში რობერტმა ისიც განაცხადა, რომ იტალიურ პასტაზე მუშაობდა, რომელსაც მომხმარებლები ხელში ბურგერივით დაიჭერდნენ და იმედოვნებდა, რომ ამ "გამოგონებას" სწრაფი კვების ობიექტების განუყოფელ ნაწილად აქცევდა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ განცხადებაში სიმართლის მარცვალი ყოფილა, რადგან რობერტის თქმით, სხვადასხვა კომპანიასთან მოლაპარაკების ეტაპზე იყო, თუმცა საბოლოოდ მენეჯერმა გადააფიქრებინა.
აშკარაა, რომ მხოლოდ განცხადების შინაარსიდან იმის დასკვნა, გვატყუებს თუ არა რობერტ პატინსონი, თითქმის შეუძლებელია, შესაბამისად, ამიერიდან მის თითოეულ სიტყვას ყველანი ეჭვის თვალით შევხედავთ და ამის გამო ვერავინ გაგვამტყუნებს.