ტენესიში გამართულ ღონისძიებაზე ადგილობრივმა პასტორმა Harry Potter-ისა და Twilight-ის წიგნები საჯაროდ დაწვა და თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ ამ ნაწარმოებების ასლები კოცონში მოესროლათ.
ღონისძიება, რომელიც გასულ ოთხშაბათს ფეისბუქზე პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, "ჯადოქრობის" დაგმობის მიზნით ჩატარდა. "მოიტანეთ ჰარი პოტერის ყველა ნივთი და არ იღელვოთ, ამაზე ვის გაეცინება. ეს წიგნი მთლიანად ჯადოქრობაზეა აგებული, როგორც ბინდის ყველა ნაწილი. ეს წიგნები და ფილმები სავსეა შელოცვებით, დემონიზმითა და ოკულტიზმით", — განაცხადა პასტორმა.
"გაათავისუფლეთ თქვენი სახლები დემონური ზეგავლენისგან", — წერდა პასტორი გრეგ ლოკი ფეისბუქის პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტენესის შტატში ცნობილ ნაწარმოებებს აკრძალვის მოთხოვნა შეეხო. იანვარში ტენესის ერთ-ერთი სკოლის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პულიცერის პრემიის მფლობელი გრაფიკული რომანის, სახელად Maus-ის, სასწავლო გეგმიდან ამოღებას.
"წიგნში ნაჩვენებია ადამიანების ჩამოხრჩობა, ბავშვების დახოცვა, რატომ უნდა გაავრცელოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ ასეთი რამ? ეს არაგონივრული და არაჯანსაღია", — განაცხადა სკოლის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
ჰარი პოტერის წიგნები ტენესის შტატში ადრეც აიკრძალა. 2019 წელს ადგილობრივი კათოლიკური აკადემიის პასტორმა ჰარი პოტერის წიგნების სერია საჯარო ბიბლიოთეკიდან ამოიღო, რადგან მისი თქმით, წიგნებში გამოყენებული წყევლა და შელოცვები რეალურია და "ადამიანებს მათი წაკითხვა საფრთხეს უქმნის".