„საფრანგეთში აბორტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ“

„საფრანგეთში აბორტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ“

კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში აბორტის თემას ვრცელი ადგილი დაეთმო. პატრიარქმა პირველად მოუწოდა მთავრობას, რათა აბორტი (გამონაკლისების გათვალისწინებით) კანონის მეშვეობით აიკრძალოს.  

უწმინდესის თქმით, უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა. ბოროტმოქმედის სიკვდილით დასჯა მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აკრძალულია, და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა, თუმცა აბორტი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა, რომლის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც.   

ეს მაშინ, როცა აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), რომის იმპერიაში; მით უმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს, როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას. ხოლო მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში, 1920 წელს ათეისტურმა ხელისუფლებამ  აბორტი ნებადართულად გამოაცხადა. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, კვლავ ნებადართულია.  

„ვისაც ეკონომიკური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ“,_ მიმართავს პატრიარქი თანამოქალაქეებს.

ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, თუმცა რეალურად გაცილებით მეტი შემთხვევაა; მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს, რაც ჩვენს დემოგრაფიაზე აისახება. 

ბიძინა ივანიშვილი აბორტის აკრძალვის შესახებ პატრიარქის ეპისტოლეში დასმულ საკითხს გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, დემოგრაფიული პრობლემის გადასაწყვეტად, მრავალი საკითხია გადასაჭრელი და მათ შორის, უპირველესი ეკონომიკური მდგომარეობაა. თავის მხრივ, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი აბორტის აკრძალვის თემაზე სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებს, სელექციური აბორტი კი უნდა აიკრძალოს.

პატრიარქის წინადადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ითქვა ისიც, რომ საქართველოში გახშირდა ე.წ. სელექციური აბორტები, რის შედეგადაც გოგონების გენოციდი მიმდინარეობს.

ამ თემის ირგვლივ For.ge სპეციალისტების აზრით დაინტერესდა.

პერინატოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი პალიკო კინტრაია პატრიარქის გადაწყვეტილებას შორსმჭვრეტელურად აფასებს. ამასთან, აცხადებს, რომ აბორტის ისტორია კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან მომდინარეობს. საუკუნეთა მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აბორტის გამო ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით სჯიდნენ თავად აბორტის გამკეთებელსაც და მასაც, ვინც გაიკეთა აბორტი.

კერძოდ, ერთი პერიოდი, საფრანგეთში აბორტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ შობადობის ზრდა ვერც ამან გამოიწვია. სამაგიეროდ, სწორედ საფრანგეთს ჰქონდა ასეთი მაგალითი, როდესაც ფრანგი ხალხი გადაშენების საშიშროების წინაშე იდგა (რადგან წლიდან წლამდე შობადობა იკლებდა), ერმა მიიღო გამრავლებისა და აბორტების აკრძალვის გადაწყვეტილება. იმ დღიდან მოყოლებული, საფრანგეთში მოსახლეობის ისეთი მატება დაიწყო, რომ დღეს უკვე საფრანგეთს ეს პრობლემა თითქმის აღარ აქვს. ამიტომ პალიკო კინტრაია მიიჩნევს, რომ, თუ საქართველოში მცხოვრები ადამიანი ქრისტიანია, ღმერთის და საკუთარი ქვეყნის სწამს, მან არ უნდა გაიკეთოს აბორტი. თუ არადა, მარტო აკრძალვით, რომ აბორტის გაკეთებისთვის დაგვსჯიან ან დაგვიჭერენ, არაფერი გამოვა.

მეან-გინეკოლოგის თქმით, დღესდღეობით აბორტის აღვირახსნილ პროპაგანდაზეა ხალხი გადასული, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამ დროს კი პატრიარქმა სრულიად გააზრებული წინადადება წამოაყენა, თუმცა კარგ ნათქვამს კარგი გაგება სჭირდება.

„საკითხი ისე არ დგას, რომ ერთი ხელის მოსმით ავკრძალოთ აბორტი. ამას სჭირდება სპეციალისტებთან ერთად განხილვა, არსებობს არაერთი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ის, რომ არასასურველი ბავშვები ეკლესიის წიაღში უნდა გაიზარდონ, კარგი შემოთავაზებაა. ტელევიზიით გვინახავს გადაცემა, როცა 11 შვილი ჰყავს ადამიანს, ბავშვები შიმშილით ეხოცება და ამ დროს კიდევ მე-12 ბავშვზეა ორსულად. იმ მშიერი ბავშვების წინაშე რომელი უფრო დიდი ცოდვაა, ის, რომ მან გააჩინოს ეს ბავშვი და მიუმატოს გაუბედურებულ ბავშვებს, თუ ეს ბავშვი გაზარდოს ეკლესიამ?!“ - ინტერესდება პალიკო კინტრაია.

მისივე თქმით, სელექციური აბორტი საქართველოში არ არსებობს და ისე ბრიყვი არ არის ქართველი ხალხი, რომ გოგონას გაჩენაზე უარი თქვას. მეტიც - აკადემიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჭკვიანურად შენიშნა, შობადობა რომ გავზარდოთ, ამისთვის სამედიცინო პრობლემის როლი ნაკლებია, მთავარია სოციალური პრობლემების მოგვარებაო.

„ასე რომ, როგორც პატრიარქს, ისე მთავრობას სწორი მიმართულება აქვს აღებული. ახლა საჭიროა, თავად ერი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ქართველებს გამრავლება სჭირდებათ. როცა რუსეთ-ჩეჩნეთის ომი იყო გაჩაღებული და ცუდ მდგომარეობაში იყო ჩეჩნეთი, გადაცემას ვუყურებდი და ერთ ჩეჩენ ქალბატონს ჰკითხეს, ქვეყანა იქცევა, ომია და თქვენ კი ორსულად ხართ, როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად დასაშვებიაო? მან უპასუხა, სწორედ იმიტომ, რომ ომია, რომ ჩვენი გაწყვეტა სურთ რუსებს, ჩვენ უნდა გავმრავლდეთ. ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გავაჩინო შვილიო. ამ შეგნებამდე თუ მივა ქართველი ერი, შობადობა მოიმატებს; თუ არადა, რაც უფრო მკაცრი იქნება სასჯელი, უსაშველოდ ცუდი კრიმინალური სიტუაცია შეიქმნება აბორტების გარშემო“, - აცხადებს პალიკო კინტრაია.    

დემოგრაფ ანზორ თოთაძის განმარტებით, აბორტებს ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული მიმართავდნენ და ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოეშორებინათ არასასურველი ბავშვი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს  საქართველოში აბორტების რაოდენობამ იმატა, აბორტი მაინც არ უნდა აიკრძალოს, რადგან ამით გაიზრდება კრიმინალური აბორტების რიცხვი, რის შემდეგაც იმატებს დედათა სიკვდილიანობის შემთხვევები. გარდა ამისა, ამას მოჰყვება მეორადი უნაყოფობაც, რაც ნიშნავს, რომ აბორტი კარგად არ არის გაკეთებული და ამის შემდეგ ბავშვი აღარ იბადება. გარდა ამისა, დემოგრაფი პიროვნების თავისუფლებაზეც საუბრობს. მისი თქმით, 1994 წელს გაეროში კონფერენცია ჩატარდა და იქ მიუთითეს, რომ ქალს უნდა  ჰქონდეს უფლება, როცა უნდა, მაშინ გააჩინოს შვილი, რამდენი ბავშვიც უნდა, იმდენი უნდა გააჩინოს. ამიტომ ეკონომიკურად განვითარებულმა და მოწინავე ქვეყნებმა მიიღეს კანონი, რომ არ შეიძლებოდა აბორტის აკრძალვა.

დემოგრაფის თქმით, ხანდახან ჰგონიათ, რომ აბორტის აკრძალვა შობადობის მაჩვენებელს გააუმჯობესებს, თუმცა ასე არ არის; ისევე, როგორც მცდარია აზრი, თითქოს მრავალცოლიანობა გაზრდის შობადობას. პირიქით, მრავალცოლიანობა ძალიან ამცირებს შობადობას. თუმცა დემოგრაფი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ოთხი და ხუთი თვის ორსულზე აბორტის გაკეთება.

„ჩვენდა სამწუხაროდ, სელექციური აბორტები არსებობს და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ჩვენზე მეტადაა გავრცელებული სელექციური აბორტები აზერბაიჯანში, სომხეთში, კიდევ უფრო დიდი მასშტაბითაა ჩინეთში, კორეაში და სხვაგან, სადაც ვაჟის კულტია. ჩვენთან ისედაც შობადობა დაბალია და აღარ უნდათ, რომ ერთ ან ორ ბავშვზე მეტი იყოლიონ, ამიტომ მუცლადმყოფი ნაყოფი თუ ისევ გოგონაა, ამ შემთხვევაში, აბორტს იკეთებენ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ამით ქალზე ძალადობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოგონაა და არა ვაჟი. ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყანაში გაიდეალებულია ქალთა უფლებების დაცვა და, მეორე მხრივ, არავინ ყურადღებას არ აქცევს გოგონების სიკვდილიანობას“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, ყველასათვის ცნობილია, რომ ჩინეთში ერთი ბავშვის პოლიტიკაა და მეტის გაჩენა არ შეიძლება; განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისად შეიძლება დაუშვან მეორე ბავშვის გაჩენა, თუკი პირველი შვილი ავადმყოფი ჰყავთ, ან ცოლს მოჰყვა ბავშვი, და მეორე ქმარს არ ჰყავს ბავშვი. სამი ბავშვის ყოლა კი იქ გამორიცხულია, რადგან მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება, სახნავი მიწები ცოტაა, საქართველოში კი ასეთი შეზღუდვა, საბედნიეროდ, არ არის.

თეოლოგისა და რელიგიათმცოდნის ლევან აბაშიძისთვის სრულიად გასაგებია, რომ აბორტებთან დაკავშირებით ეკლესიას თავისი აზრი, მორალური შეხედულება გააჩნია  და შეუძლია, მოუწოდოს ან სთხოვოს სახელმწიფოს მისი აკრძალვა, თუმცა სხვა ქვეყნების პრაქტიკაც აჩვენებს, რომ სრული აკრძალვა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ქალთა უფლებებთან, რადგან ამან შეიძლება გადაინაცვლოს არალეგალურად ან სხვა ქვეყანაში გაიკეთონ აბორტები. აქ საუბარი არ არის, როცა ნაყოფი დიდია, არამედ საუბარია რამდენიმე კვირის ნაყოფზე.

მისივე განმარტებით, აბორტების გარკვეული რაოდენობა მართლაც იმის გამო კეთდება, რომ მშობლებმა არ იციან, თუ როგორ გაზარდონ ბავშვები, რადგან არ აქვთ საამისო სახსრები; მაგრამ, თუკი საეკლესიო პირები ამბობენ, გააჩინეთ შვილები და ჩვენ გავზრდით, ეს აბორტების შემცირების ერთ-ერთი მეთოდია. თუმცა სხვა საქმეა,  რამდენად აქვს ეკლესიას ამის საშუალება.

„სელექციური აბორტები დანაშაულია, რადგან ადამიანი იგებს სქესს, ის სქესი არ მოსწონს და ამის გამო აბორტს იკეთებს. ამის შედეგად სულ რამდენიმე წელიწადში ბევრად მეტი მამაკაცი გვეყოლება, ვიდრე ქალები, რაც მართლაც დაარტყამს ჩვენს დემოგრაფიას, რადგან ვინღა გააჩენს ბავშვებს?!_აღნიშნა ლევან აბაშიძემ.