ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფის „Backstreet Boys” წევრები კვლავ ერთად შეკრებას აპირებენ.
ორი წლის წინ მუსიკოსებმა აშშ-ში სამთვიანი საგასტროლო ტურნე გამართეს, გასულ წელს კი ევროპის კონტინენტს ეწვივნენ და რამდენიმე კონცერტი ჩაატარეს.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის დასასრულს ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ. მუსიკოსები თავდაპირველად სამხრეთ ამერიკას ესტუმრებიან. იქიდან ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გადაბარგდებიან. შემდეგ აზიას მიაშურებენ, გზად ევროპაში გაივლიან და ტურნეს კანადასა და მექსიკაში დაასრულებენ.
ჯგუფის ბოლო სტუდიური ჩანაწერი „This Is Us” 2009 წლით არის დათარიღებული.
ამერიკული ჯგუფი „Backstreet Boys” 1993 წლის 20 აპრილს ქალაქ ორლანდოში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ნიკ კარტერი, ეი ჯეი მაკლინი, ჰოუი დოროუ და ბრაიან ლიტრელი.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს 9 ალბომი აქვს გამოშვებული. საინტერესოა, რომ პირველი შვიდი გამოცემისთანავე, აშშ-ის ჰიტ-პარადების პირველ ათეულში ხვდებოდა. ჯგუფს დღემდე 130 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.