8 წლის ამერიკელმა ბავშვმა საკუთარი საშობაო ზღაპრის ხელნაწერი ბიბლიოთეკის თაროზე ჩუმად დატოვა და მის წასაკითხად რიგში ათობით მკითხველი ჩადგა

8 წლის ამერიკელმა ბავშვმა საკუთარი საშობაო ზღაპრის ხელნაწერი ბიბლიოთეკის თაროზე ჩუმად დატოვა და მის წასაკითხად რიგში ათობით მკითხველი ჩადგა

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში მცხოვრებმა 8 წლის ბავშვმა დილონ ჰელბიგმა საშობაო ზღაპარი დაწერა, ხელნაწერი ბოისეს ბიბლიოთეკის თაროზე ჩუმად დატოვა და მალე, მისი ნამუშევრის წასაკითხად, რიგში ათობით მკითხველი ჩადგა, - ამის შესახებ BBC წერს.

„დილონ ჰელბიგის საშობაო თავგადასავალი“ - ასე ჰქვია ხელნაწერ ზღაპარს, რომელიც ბიჭმა თავადვე დაასურათა.

როგორც ბიჭი ჰყვება, 81-გვერდიანი ხელნაწერი თაროზე ისე „შეაპარა“, რომ არავის შეუმჩნევია. მოგვიანებით, ის მკითხველებმა შენიშნეს და 56-მა ადამიანმა მიმართა ბიბლიოთეკარებს მისი წაკითხვის თხოვნით. სიუჟეტის მიხედვით, დილონს საახალწლო ნაძვის ხე აუფეთქდება, რითაც დროის პორტალი გაიხსნება და ჯადოსნური ძალით, ბიჭი 1621 წელში გადაინაცვლებს.

ნამუშევარზე მაღალი მოთხოვნის გამო, ბიბლიოთეკამ ის საკუთარ კატალოგში შეიტანა. „ამისთვის, დილონის წიგნი ნამდვილად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, - აცხადებს ბიბლიოთეკარი.

პატარა ავტორი მომდევნო წიგნსაც აანონსებს და ამბობს, რომ მას „ქურთუკების მჭამელი კარადა“ ერქმევა.