გუშინ გამოცემამ „Football Italia” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ მცველი კარლეს პუიოლი კლუბ „მილანში“ გადასვლას აპირებს.
„ბარსელონადან“ პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ, პუიოლს გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა. ესპანური მას-მედიის მტკიცებით, კარლესმა საერთო ენა ახალ მწვრთნელთან, ტიტო ვილანოვასთანაც ვერ გამონახა.
ერთი კვირის წინ „ბარსას“ უფროსობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვილანოვა კლუბს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს. ამ ცნობის შემდეგ პუიოლმა ახალი გუნდის მოძიება დაიწყო.
საპატიო ასაკის მიუხედავად, 35 წლის მცველს არაერთი მთხოვნელი გამოუჩნდა. მათ შორის ყველაზე მეტად „მილანი“ აქტიურობს.
გუშინ ფეხბურთელი გამოცემას „Goal.com” ესაუბრა და განაცხადა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში კატალონიის დედაქალაქიდან წასვლას არ აპირებს. ამის მიუხედავად, იტალიელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ უახლოეს თვეებში პუიოლი სილვიო ბერლუსკონის გუნდის ფორმას აუცილებლად მოირგებს.