რამ შეაშფოთა გიგი თევზაძე?

რამ შეაშფოთა გიგი თევზაძე?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს რექტორები გიგი თევზაძე და ალექსანდრე კვიტაშვილი პრეზიდენტს სთხოვენ, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში ა.წ. 19 აპრილ შეტანილ ცვლილებას, რაც მთავრობას უფლებას აძლევს, უხეშად ჩაერიოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ფუნქციონირებაში; ასევე, მოახდინოს მათი რეორგანიზაცია უმაღლესი სასწავლებლის მოქმედი სუბიექტების, პროფესორებისა და სტუდენტების მიერ არჩეული კოლეგიალური მმართველობითი ორგანოების დაუკითხავად და მათი ნების საწინააღმდეგოდ. ამით კი უქმდება უნივერსიტეტების ფუძემდებლური პრინციპი - აკადემიური თავისუფლება, რომლის უპირობო წყაროც უნივერსიტეტების  თვითმმართველობაა.

გარდა ამისა, გიგი თევზაძე შიშობს, რომ ეს შესწორება გააადვილებს მთავრობის მიერ  უმაღლესი სასწავლებლების უძრავი, მოძრავი და ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, რომ რომელიმე უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს საჯარო სამართლის სუბიექტად გახდომა, სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობაში შესვლა და ავტონომიურობის დათმობის ხარჯზე კონკრეტული პრივილეგიების მიღება. ვფიქრობთ, საკანონმდებლო დონეზე ამის დაფიქსირება შესაძლებელია, ოღონდ, საკანონმდებლო დონეზე ასევე უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს პროცესი უნდა განხორცილდეს უნივერსიტეტის ყველა კოლეგიალური მმართველი საბჭოს თანხმობით და სურვილით“, - ნათქვამია პრეზიდენტისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

როგორც გიგი თევზაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, საჯარო სამართლის სუბიექტის დონეზე გადასვლა უკვე ავტონომიის შეზღუდვაა, რადგან, ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიმართ გავრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს საჯარო სამართლის სუბიექტების მიმართ, როგორიცაა კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება, მოგების, ფულადი სახსრების გაკონტროლება სახელმწიფოს მხრიდან; სახელმწიფოს შეეძლება, გააუქმოს რომელიმე ადმინისტრაციული აქტი ან გადაწყვეტილება, რასაც უნივერსიტეტი გამოიტანს და სხვა. კერძოდ, გიგი თევზაძის თქმით, ეს ეხება მართვის წესს და უნივერსიტეტი თვითონ უკვე ვეღარ გადაწყვეტს, როგორი ფორმით უნდა არსებობდეს.

ამ ცვლილებების მიზეზად გიგი თევზაძე უცოდინრობასა და გამოუცდელობას ასახელებს. როგორც ამბობს, ვერ წარმოუდგენია, რომ ხალხი, რომელიც უნივერსიტეტისთვის თავისუფლების მინიჭებაზე საუბრობს, როგორ დაიწყებს უნივერსიტეტის თავისუფლების შეზღუდვას?!

„უბრალოდ, ეს არის ახალი მთავრობის გაუთვითცნობიერებლობა და არა - ბოროტი გადაწყვეტილება. ამ კანონპროექტის მიღებისას ელისო ჩაფიძემ თქვა, რომ ეს გადაწყდება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის ნების მიხედვით, მაგრამ ერთია, რასაც ამბობს პარლამენტის წევრი და მეორეა, რაც წერია მათ მიერ მიღებულ კანონში. იქ წერია, რომ მთავრობას უფლება აქვს, ერთ მშვენიერ დღეს უნივერსიტეტი, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით სახელმწიფოს საკუთრებაა, გადააკეთოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად“,-აცხადებს გიგი თევზაძე.

ჩვენ დავინტერესდით,  არსებობდა თუ არა უნივერსიტეტებში პრობლემები სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, როცა მეცნიერები უჩიოდნენ უნივერსტეტების ავტონომიის დაკარგვას, რექტორების ე.წ. „ზევიდან“ დანიშვნას და არაერთი ლექტორის უსამართლოდ დათხოვნას, რაზეც გიგი თევზაძემ აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, პრობლემები მაშინაც იყო. თუმცა ის, რასაც ახალი ხელისუფლება აკეთებს, ფაქტობრივად, უარესია უნივერსიტეტის ავტონომიისთვის.

მეტიც - მისი თქმით, შესაძლოა, იმ დროსაც ხდებოდა უნივერსიტეტის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა, მაგრამ დღესდღეობით ყველა რექტორი  არჩეულია. თუმცა პრობლემა იყო ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს კანონმდებლობა საკმაოდ სწრაფად იცვლებოდა. ამის მიუხედავად, წინა ხელისუფლების ბოლოს უნივერსიტეტებმა უკვე საკმაოდ მაღალ ავტონომიას მიაღწიეს.

ერთადერთი, რეგენტთა საბჭოს გაუქმება იყო საჭირო, რათა სრული ავტონომია ჰქონოდა სახელმწიფო უნივერსიტეტს. თუმცა ახლანდელი ცვლილებით ავტონომიის დიდი წილი უნივერსიტეტს უკვე აღარ აქვს და, შესაბამისად, უნივერსიტეტიც ისეთ დაწესებულებად იქცევა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ასეთია გიგი თევზაძის პოზიცია.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, გიგა ბუკია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც აღნიშნული კანონპროექტი იხილებოდა პარლამენტში, საკმაოდ დიდხნიანი დისკუსიების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას მის მიმართ პრეტენზია და შენიშვნა არ გამოუთქვამს. მეტიც, შესული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, რომ უნივერსიტეტებმა რეალურად განახორციელონ მმართველობა. რაც შეეხება საჯარო იურიდიულ პირად გადაქცევას, გიგა ბუკიას თქმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო კოორდინირებული, ორგანიზებული და სისტემური ხასიათი მიეცეს ამ ყველაფერს. უფრო მეტიც - დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ორიენტირებულია, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებს, რათა ისინი თვითმმართველობის მიერ უფრო ეფექტურად იმართებოდეს და არა ისე, როგორც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა მართვის სტილი შემუშავებული. ფაქტობრივად, იმ პერიოდში ყველაფერი იმართებოდა ზევიდან ქვევით და არანაირი თვითმმართველობა უნივერსიტეტებს არ გააჩნდა.

„მესმის გიგი თევზაძის შეშფოთება, რადგან არ მახსოვს მის მიერ გამოთქმული არცერთი პრეტენზია ყოფილი მმართველი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებისადმი, რომლებიც როგორც უნივერსიტეტების, ისე - თვითმმართველი ორგანოების თავისუფლებას ზღუდავდა. არ მახსოვს, თევზაძეს მსგავსი შეშფოთების ნიშანწყალი გამოეჩინა თუნდაც იმ დროს, როცა შეზღუდვა უკვე რეპრესიულ ხასიათს იღებდა. ამიტომ გიგი თევზაძის განცხადება და საკითხის ასეთნაირად დაყენება, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ამ კანონპროექტს, მე მგონი, მის წარსულ მოღვაწეობას უკავშირდება, რომლის გამოც გიგი თევზაძის მიმართ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია  დასმული. ამიტომ ის ცდილობს, პოლიტიკურად ანგაჟირებულად წარმოაჩინოს მის მიმართ არსებული შეკითხვები“,-აცხადებს გიგა ბუკია.

ამასთან, 2004-2006 წლებსაც იხსენებს, როცა კონტროლის პალატის მასალებზე დაყრდნობით კახა ლომაიას დროს 50 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისების დანაშაული იკვეთებოდა. ბუკიას თქმით, იგი თავადაც იყო ამ საკითხის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის ინიციატორი და სწორედ იქ არაერთგზის  იყო მინიშნებული გიგი თევზაძის გვარი. მეტიც, დეპუტატის თქმით, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ გიგი თევზაძე იმ 50 მილიონიანი თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში სერიოზულად იყო გარეული.

„უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, მაგრამ გიგი თევზაძის მიმართაც შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი დაისვას - თუ როგორ მართავდა უნივერსიტეტს, რა დამოკიდებულებები ჰქონდა და უნივერსიტეტის ფინანსები, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმირებასა და წინსვლას უნდა მოხმარებოდა, რეალურად სად მიდიოდა?!“ - კითხულობს გიგა ბუკია. 

მისივე თქმით, უნივერსიტეტისთვის შეზღუდვა არავის დაუპირებია, ხოლო, თუ გიგი თევზაძე პიროვნულად თვლის, რომ მისი უფლებები შეიზღუდება, ამაში შეიძლება მართლაც დაეთანხმოს. კერძოდ, გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ გიგი თევზაძე ერთმმართველი იყო უნივერსიტეტში და ეს ერთმმართველობა აღარ განმეორდება, ვინაიდან ამიერიდან უნივერსიტეტი თვითმმართველი ორგანო იქნება.

ჩვენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა პოზიციითაც დავინტერესდით. თუმცა, როგორც გვითხრეს, თსუ-ს რექტორი სანდრო კვიტაშვილი ჩინეთში იყო წასული, თეატრალურის რექტორატში გვითხრეს, რომ რექტორი გოგი მარგველაშვილი კომენტარს არ აკეთებდა და გარკვეულ პროცესთა განვითარების შემდეგ ექნებოდა განმარტებები, ხოლო ტექნიკური უნივერსტიტეტის რექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.