დაბურღული ატენის სიონი

დაბურღული ატენის სიონი

ატენის სიონს გარედან ხარაჩოები აქვს მიდგმული. ტაძრის შიგნიდანაც ხარაჩოებია, ოღონდ რკინის. სარკმელებსა და კარზე შიგნიდან პოლიეთილენის პარკებია აკრული. იმ მხარეს, საიდანაც მდინარე ჩამოდის, ტაძრის კედელი ორ ადგილას გაბურღულია. იქვე, ტაძრის კედლის ამ განაბურღი ადგილიდან ძალიან ახლოს, ათი მეტრის სიღრმეზე, დაახლოებით ნახევარი მეტრის რადიუსით ის კლდეა ჩაბურღული, რომელზეც ატენის სიონი დგას. იქვე ყრია ქვები და თიხის ნაკეთობის ნატეხები. ტაძრის ზემოთა მხარე, იქ, სადაც 2009 წელს კლდე ბულდოზერით ჩამოჭრეს, ისევ ისეა დატოვებული. ტაძრის ეზოს მიღმა, რამდენიმე ადგილას ქვებია დახვავებული, - ამგვარი სურათი დაგვხვდა 4 მაისს, ატენის სიონში ჩასულებს, რაც ფოტოაპარატით გადავიღე.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მიბმული ფაილის სახით ფოტოები შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდი მედია-კავშირ “ობიექტივის“ თანამშრომელს, თიკო ჯანიკაშვილს.

7 მაისს შევხვდი და ვესაუბრე ძეგლთა დაცვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, მერაბ ბოჭოიძეს. მის პოზიციას და შეფასებას, აქამდე განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, for.ge-ზე ხვალ შეგიძლიათ გაეცნოთ.

ატენის სიონის სანახავად წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მეგობრის მეშვეობით შევიტყვე სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა - ტაძართან ახლოს ბევრი ქვები ყრია, მონასტრის აშენებას აპირებენო. 2009-ში ტაძრიდან სულ რამდენიმე მეტრში მონასტრის და ძალიან დიდი სატრაპეზოს მშენებლობის დაწყებას შეეცადნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ განზრახვის შესახებ უშუალოდ პატრიარქმა შეიტყო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და ის ადგილი, სადაც ბულდოზერით კლდე და მიწა ჩამოჭრეს, ასევე დარჩა ხელუხლებელი. ჩემს გადაღებულ ფოტოებზე ამ ადგილს ადვილად ამოიცნობთ.

მონასტრის მშენებლობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა 3 მაისს შემატყობინეს. 4-ში სამარშრუტო მიკროავტობუსით გორში ჩავედი. იქიდან ატენში ადვოკატების - მამუკა ნოზაძის და იმედა ჩოგოვაძის დახმარებით მსუბუქი მანქანით ავედი, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

ჩასვლისთანავე მოვიკითხეთ ტაძრის მცველი. ტაძრის ეზოში მყოფმა ბავშვებმა გვითხრეს, აქვე ახლოს არის, ვაჩეიშვილის ბაღებს რწყავსო. ატენის სიონის ეზოდან ბავშვებმა დაგვანახეს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა ვაჩეიშვილის აგარაკი. სანამ ატენის სიონის მცველთან შესახვედრად გავემართებოდით, ტაძარში შევედით. კედლებზე რკინის ხარაჩოებია, აქა-იქ რაღაც კალათები კიდია, თითოეულ მათგანს პლასტმასის მილი აქვს შეერთებული.

ბავშვების დახმარებით ატენის სიონის კედელზე ორ ადგილას ვნახეთ განაბურღი ადგილები. იქვეა გაბურღული კლდე, რომელსაც ფიცრები ნახევრად აქვს დაფარებული. ტაძრის გალავნის შესასვლელთან, იქ, სადაც წყაროს წყალი შეგიძლიათ დალიოთ, რამდენიმე ქალბატონი იჯდა. მათგან შევიტყვეთ, რომ დახვავებული ქვები დაახლოებით ორი კვირის წინ მიიტანეს და დაყარეს. ამ ქალბატონების ნებართვით, ბავშვები ატენის სიონის მცველის სანახავად წინ გაგვიძღვნენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი, პატარა გოგონა, ნიკა ვაჩეიშვილის ნათლულია.

ვაჩეიშვილის აგარაკთან მისასვლელად დაახლოებით ათი წუთი დაგვჭირდა. ბავშვებმა გვაჩვენეს ვაჩეიშვილის ბაღები, ახლად ჩაყრილი ვენახი. ატენის სიონის მცველი ბაღში არ დაგვხვდა, იგი იქვე, რამდენიმე მეტრში, ვაჩეიშვილის სასტუმროს ტერიტორიაზე იყო. წითელი აგურით აშენებულ სასტუმროს ეზოში მასთან ერთად ორი ადამიანი მუშაობდა. აგარაკისგან განსხვავებით, სასტუმრო მოუმთავრებელია. ამ ორი შენობის გარდა იქ სხვა არაფერი დგას.

ის, რასაც ქვევით წაიკითხავთ, ატენის სიონის მცველისგან შევიტყვეთ:

სოფელ ატენის ერთ-ერთ მკვიდრს სახლი დაუშლია, ქვები მონასტრისთვის შეუწირია და ტაძრის ეზოსთან ახლოს, რამდენიმე ადგილას დაუხვავებია. ამ ქვებს მომავალში იმ მონასტრისთვის გამოიყენებენ, რომლის აშენება განზრახულია, მაგრამ ახალი პროექტი, რომელზეც არქიტექტორი გიორგი სოსანიძე მუშაობს, დასრულებული არ არის, ძველი კი დაწუნებულია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ტაძრის ზედა მხარეს - იმ ადგილს, სადაც კლდეა ჩამოჭრილი. ამ პრობლემას წერტილი მას შემდეგ დაესმება, რაც საპატრიარქო და ძეგლთა დაცვის სააგენტო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მერაბ ბოჭოიძე ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ატენის სიონში არ ჩასულა. 

ტაძრის შიგნით ხარაჩოები გასული წლიდან იმიტომ დგას, რომ კედლებში დიდი შპრიცებით თხევად კირ-ხსნარს უშვებენ, რადგან შიგნით სიცარიელე ყოფილა. ფრესკებს არ ეხებიან. ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციას იტალიელები უწევენ, რომლებიც ქვის რესტავრაციაში თურმე ძალიან გამოცდილები ყოფილან. გარკვეული ღონისძიებების შემდეგ სწორედ მათ გაუგიათ, რომ კედლებს შუა სიცარიელეა და რომ კირ-ქვა მტვრად ყოფილა ქცეული. იტალიელების რეკომენდაციებით ქართველებს ერთი წელი უმუშავიათ და ამ ხნის განმავლობაში ატენის სიონის კედლებში 10 ტონა კირ-ხსნარი შეუშვიათ.

ამჟამად ხარაჩოები ცარიელია, იქ არავინ მუშაობს. ტემპერატურა რვა გრადუსს ქვევით თუ არის, კირ-ხსნარის გამოყენება არ შეიძლება და ამჟამად სამუშაოები სწორედ ამის გამო არ მიმდინარეობს. თბილისიდან ატენში სპეციალისტების ჩასვლას მიმდინარე თვეში ელოდებიან. ისინი სამუშაოებს განაახლებენ და ოქტომბრის ბოლომდე ატენში დარჩებიან, თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობის დროს იყო. 

სამუშაოებში იტალიელები ნიკა ვაჩეიშვილის ინიციატივით ჩართულან. ატენში გერმანელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ, რომლებსაც კედლები უნდა დაეხვრიტათ და შიგ რაღაცეები გაეყარათ. იტალიელები ყველაფერს სხვანაირად აკეთებენ.

ტაძრის კედელი ორ ადგილას, დაახლოებით ორი წლის წინ, იმიტომ გაუბურღავთ, რომ ანალიზისთვის გრუნტი გამოუღიათ. ტაძრის საყრდენი კლდე ათი მეტრის სიღრმეზე გეოლოგიური კვლევის მიზნით ჩაუბურღავთ. სურვილის შემთხვევაში შიგნით ტანსრულ ადამიანსაც თავისუფლად შეუძლია ჩასვლა. ჩაბურღვის შემდეგ გარკვეულა, რომ ქვევით, ფენა-ფენა წყალი ყოფილა. ხუთი მეტრის სიღრმეზე რომ ჩასულან, წყალი დახვედრიათ, კიდევ უფრო ქვევით ჩასვლისას - სიმშრალე.

გეოლოგიური კვლევის შემდეგ დასკვნა დაუდევთ და ასე გაურკვევიათ, რატომ სველდებოდა იატაკი და ფრესკები. ტაძრის ქვეშ თურმე წყალი  საიდანღაც შედიოდა და გასასვლელს ვეღარ პოულობდა. ტაძრის საყრდენი კლდე 2010-ში ჩაბურღეს. ეს ადგილი ისევ ისეა დატოვებული და თურმე იმიტომ, რომ ჩანაბურღვის შედეგად აღმოჩენილი წყალი შრება. ტაძრის სახურავიდან წყალი ისე არ ჩამოდის, რომ წვეთავდეს, მაგრამ რაღაც  სინესტეები მაინც არის.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე რამდენიმე წლის წინ  უშუალოდ იყო ჩართული ატენის სიონის რეაბილიტაციის პროცესში, ის გახლდათ სარეაბილიტაციო პროექტის ავტორი, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ბოჭოიძისთვის არაფერი უკითხავთ. თუ რატომ მოხდა ასე და როგორ წარმოუდგენია სამუშაოების განახლება, ამას მერაბ ბოჭოიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.