ის, რაზეც მანამდე წლების განმავლობაში ჭორაობდნენ, რომ პრეზიდენტი თავის ფავორიტ მომღერლებს, მსახიობებსა და პარლამენტარ ქალბატონებს გულუხვად აჯილდოებდა, სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა.
ივანა მელაისთვის მირთმეული ოქროს ნაკეთობები ზღვაში წვეთი აღმოჩნდა იმ საჩუქრებსა და ხარჯებთან შედარებით, რაც პრეზიდენტს მარიამ საჯაიას სამაჯური და თინა ბოკუჩავას ტელეფონი დაუჯდა. მაგრამ უკრაინელ ქალბატონთან ასეთი მცირედით არ „შეგვირცხვენია“ თავი, ჩვენ ის უხვად დავასაჩუქრეთ.
უკრაინელმა პოპდივამ, რომელიც თავის ქვეყანაში საშუალო დონის მომღერლად მიიჩნეოდა, თავისი სტუმრობით დაახლოებით ორი წლის წინ გაგვაბედნიერა და სამშობლოში აღარც წასულა. ჩვენი ქვეყნის პირველი პირი განახლებული მესტიის საზეიმო გახსნაზე გაიცნო და გულმა მაშინვე საქართველოსკენ გამოუწია. მუშაობა „პირველ კავკასიურზე“ დაიწყო და ქართულ ბომონდსაც გაეცნო.
მალე სხვადასხვა წამყვან არხზე სხვადასხვა გადაცემის სტუმრის რანგში გამოჩნდა. ამას მოჰყვა სექსუალური კლიპი ნოდიკო ტატიშვილსა და დათუნა მგელაძესთან. საკუთარ დედას მორცხვად უმღეროდა და უმხელდა, როგორ შეუყვარდა ქართველი ვაჟკაცი. ქალბატონმა მელაიმ სოლოკონცერტი ბათუმში პიაცაზე გამართა. სხვათა შორის, ეს კონცერტი ბევრისთვის მხიარულების მიზეზად იქცა, რადგან წვიმის და ალბათ იმის გამოც, რომ მელაი მაშინ სრულიად უცნობი მომღერალი იყო, პიაცაზე სულ 3 მსმენელი მივიდა.
მხიარული, მუდამ მოვლილი და ფორმაში მყოფი უკრაინელი ქალბატონი მალე იქცა გადაცემების სასურველ სტუმრად. როგორც ამბობენ, ამის გამო პრეზიდენტის საყვარელი მომღერალი, მისი მთავარი ფავორიტი ქალბატონი სერიოზულად ეჭვიანობდა. საინტერესოა, როგორ ხასიათზე დადგა, როცა ივანასთვის შეძენილი სამკაულების ანგარიში გამოქვეყნდა.
ივანამ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ ფეშენებელურ კორპუსში დაიდო თბილი ბინა და ჯერ კიდევ „რეიტინგთან“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე, როგორ გამოხატავდნენ ქართველი მამაკაცები მის მიმართ ყურადღებას, ამბობდა: „ყოველ წუთს ვგრძნობ მათ ყურადღებას. მყავს იდუმალი თაყვანისმცემლები, რომლებიც მიგზავნიან ყვავილებს, სუნამოებს, წერილებს. ბოლო დროს რესტორნებში სიარული მეუხერხულება, რადგან მუდმივად მიხდიან ანგარიშს, თუ ის ადამიანები ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ, მადლობა მათ“.
მკითხველების დიდ ნაწილს კარგად ახსოვს, როგორ მიატოვა ვარდების რევოლუციის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ საკუთარი მხარდამჭერები. მათი დიდი ნაწილი ციხეში ჩაჯდა, ნაწილიც უმუშევარი დარჩა. მხარდამჭერი მომღერლების ნაწილმა ახალ ხელისუფლებას შეაფარა თავი, ზოგიც პრეზიდენტმა „ჩარეცხა“ და ზოგიც უბრალოდ ქვეყნიდან წავიდა.
ამ მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაშური ერთგულებით გამოირჩევა. მართალია, საკუთარი გუნდის წევრ ბაჩო ახალაიას ერთმა ნაწილმა უღალატა, მაგრამ სამაგიეროდ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ მხარდამჭერი მომღერლებიდან არც ერთი. ისინი მაინც მართავენ კონცერტებს, ზოგიერთი მათგანი კი საზღვარგარეთ მცირე ტურნეებსაც აწყობს. ყოველ შემთხვევაში, რაც შეუძლიათ, ყველაფერს უკეთებენ. მართალია, არჩევნებში ნაციონალების დამარცხების შემდეგ ზოგი მათგანი თავისივე ნებით გადაცურდა „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან დამეგობრებული მომღერლები დღემდე რჩებიან ნაციონალების ფრთის ქვეშ. ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, თუნდაც მხარდამჭერ აქციებზე მათი გამოჩენით.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეკითხა, რას საქმიანობს და სადაა წარმოშობით უკრაინელი, მაგრამ გულით ქართველი ივანა მელაი, რომელსაც გადაცემაც დაუხურეს და ტელევიზიაც. სანამ დაგამშვიდებდეთ და გაგიმხელდეთ, სად არის ივანა, მისი ოჯახის შესახებ საინტერესო ფაქტს გაგახსენებთ.
2012 წლის 3 დეკემბერს თბილისის აეროპორტში კიევის ინტერპოლის წითელი ცირკულარით თაღლითობის ბრალდებით ძებნილი სვიატოსლავ მელაი დააკავეს, რომელიც ივანა მელაის მამა გახლავთ. მაშინ მომღერალმა მამის დაკავებაზე კომენტარი არ გააკეთა. მოგვიანებით ბატონ სვიატოსლავს პრეზიდენტის ბრძანებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.
ივანას მოსაკითხად მის ყოფილ პროდიუსერ გიორგი ნიორაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ის მომღერალთან ცოტა ხანს თანამშრომლობდა გადაცემის ფარგლებში და ახლა არ იცის, იმყოფება თუ არა ივანა საქართველოში. ამ დროს კი „ფეისბუქზე“ ივანა მელაის გვერდიც აღმოვაჩინეთ და შევიტყვეთ, რომ ივანა ისევ საქართველოშია, მშვენივრად ერთობა თბილისის მოდის კვირეულზე და უფრო მეტიც, ახლახან ერთ-ერთ კლუბში კონცერტიც გამართა. აპრილში თავისი დაბადების დღეც საქართველოში აღნიშნა და შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც მიიპატიჟა. როგორც ანონიმურმა წყარომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ივანას სამშობლოში დაბრუნება გაუჭირდება, ამის მიზეზი კი მამის გარშემო შექმნილი პრობლემები გახლავთ. როგორ ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მხოლოდ ხიდები და განახლებული გზები არ დაგვრჩენია...