ჰარი სტაილსი დღეს 28 წლის გახდა: თაობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული სტილის მქონე მამაკაცი იუბილარია

ჰარი სტაილსი დღეს 28 წლის გახდა: თაობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული სტილის მქონე მამაკაცი იუბილარია

ჰარი სტაილსი არის მომღერალი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა თაობის საუკეთესო შემსრულებლად მოიხსენიებენ. 28 წლის ინგლისელმა ვარსკვლავმა ჩამოაყალიბა საკუთარი სტილი, ინდივიდუალური მახასიათებლებით, გამორჩეული გარეგნობითა და რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი მუსიკალური ნამუშევრებით. ჰარი თინეიჯერების საყვარელი არტისტიდან გლობალურ პოპვარსკვლავად იქცა. მის ნიჭს, მომხიბვლელობასა და სტილს ერთვის მაგნეტიზმი, რაც ჰარის არტისტულობასა და ენერგიულობასთან ერთად, ჩვენს დროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად აქცევს. მას შეუძლია კარიერული საქმიანობიდან აიღოს პაუზა და შემდეგ ინდუსტრიას იმავე ენთუზიაზმით დაუბრუნდეს.

მუსიკალური ინდუსტრიის გარდა, ჰარი მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიან ადამიანთაგანია, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად განიხილება. არ აქვს მნიშვნელობა მას Saint Laurent-ის პიჯაკი აცვია თუ Gucci-ის აბრეშუმის პერანგი – მუსიკოსი ყოველთვის ინარჩუნებს ინდივიდუალურ სტილს. ის არა მხოლოდ წითელ ხალიჩასა და გლამურულ წვეულებებზე შერჩეული ეპატაჟური სამოსით, არამედ ორიგინალური ქუჩის სტილითაც გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ ჰარი 2019 წელს Met Gala-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორად დაასახელეს, 2020 წელს კი GQ-ის საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცების სიაში შევიდა.

ჰარის მუსიკა ასახავს მის ინსპირაციას მრავალფეროვან სტილსა და მუსიკალური ჟანრების კვეთას შორის, რომელიც ხშირად ღრმა პერსონალურ სივრცეში იჭრება და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის შემოქმედებას. ახალგაზრდა ვარსკვლავმა კარიერა One Direction-ით დაიწყო, მას შემდეგ, რაც საიმონ კოუელის ინიციატივით ჩამოყალიბებულმა ბენდმა შოუ The X Factor-ში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი Billboard-ის 200-ეულში მოხვდა და პირველი ადგილიც მალევე დაიკავა.

ალბომის რეკორდული წარმატების შემდეგ, ჯგუფი წინსვლას განაგრძობდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ბოი ბენდი იქმნებოდა, თუმცა მსგავსი აღიარება ვერცერთმა ვერ მოიპოვა. არც ისე რთულია მოიპოვო საზოგადოების სიყვარული მსგავს სფეროში, როდესაც საქმიანობით ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული ხარ, თუმცა ართუ მარტივია შეინარჩუნო პოპულარობა და ყოველ ჯერზე შემატო სიახლე შენს საქმიანობას, რომელიც ნამუშევარს მოსაწყენსა და ერთფეროვანს არ გახდის. One Direction იყო ბენდი, რომელსაც კრიტიკოსთა დიდი ნაწილი The Beatles-ისმაგვარ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა.

მეგაწარმატებულ ჯგუფში ყოფნის დროს, ჰარის ინდივიდუალური სტილი არ დაუკარგავს, რადგან ის სხვა მუსიკოსებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. მან სიმღერების ტექსტების წერა დაიწყო და კომპოზიტორის როლი შეითავსა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ამ მიმართულებით მუშაობით დაამტკიცა, რომ ჰქონდა თვითგამოხატვის უნარი, რომელიც მას ბენდის სხვა წევრებისგან გამოარჩევდა.

ჰარი საყოველთაოდ ცნობილი თავისი ექსცენტრული სტილით გახდა, რომელიც სარტორიული არჩევანით სტერეოტიპულ საზღვრებს არღვევდა. მან უარი თქვა ტრადიციულ მამაკაცურ ჩარჩოებზე და გულშემატკივრებთან გულწრფელი ურთიერთობა ისწავლა. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ ეშინოდა თვითგამოხატვის. ღირებული მუსიკის შექმნის პარალელურად, ჰარის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიზეზი მისი გულწრფელობა და ინდივიდუალურობა გახდა. სტაილსის აქტიურობისა და ჩართულობის გამო არაერთი ისტორია გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა პოპვარსკვლავი ათასობით ადამიანს, ეგრძნოთ საკუთარი თავი უსაფრთხოდ, შეენარჩუნებინათ პერსონალური სტილი და უშიშრად გამოეხატათ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია.

„თუ თეთრკანიანი ან ფერადკანიანი ხარ, ტრადიციული ორიენტაციის, გეი, ან ტრანსგენდერი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც უნდა იყო, მე მხარს გიჭერ, რადგან ყველანი ძალიან მიყვარხართ“, – უთხრა 2017 წელს სტოკჰოლმში ტურნეს დროს გამართულ კონცერტზე ჰარიმ გულშემატკივრებს.

მსმენელთა რეაქციები მისი ტექსტებისა და ვიზუალიზაციის სიძლიერის სიმბოლო იყო. ჰარის სინგლები 2019 წლის ალბომიდან Fine Line სოლოკარიერაში მეტად წარმატებული აღმოჩნდა. გულშემატკივრებმა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სინგლი Lights Up „საუკუნის ბისექსუალურ ჰიმნად“ დაასახელეს.

შემსრულებელი არა მხოლოდ პროფესიული, არამედ საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული. ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი 2018 წლის მსოფლიო ტურნეა, რომლის დროსაც მან სხვადასხვა ორგანიზაციის დასახმარებლად 1.2 მილიონი დოლარი გამოყო.

საზოგადოებაში ხშირადაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შემსრულებლები მხოლოდ მსგავსი ასაკის მქონე მსმენელ გოგონებში არიან პოპულარული, თუმცა ჰარი სთაილზის შემთხვევაში ასე სულაც არაა – მან საშუალება მისცა ახალგაზრდებს, შეენარჩუნებინათ ავთენტურობა და დაეხმარა საკუთარი თავი ეპოვათ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჰარის საქმიანობა როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის მსმენელსაც იზიდავს.

„ახალგაზრდა გოგონებს მოსწონთ „ბითლზი“. თქვენ გინდათ თქვათ, რომ ისინი არასერიოზულები არიან? გოგონები წარმოადგენენ მომავალ ექიმებს, ადვოკატებს, დედებს, პრეზიდენტებს. ისინი მსოფლიოს აძლიერებენ და მას უკეთეს ადგილად აქცევენ. თინეიჯერი გულშემატკივრები კი ყველაზე გულწრფელები არიან, რადგან არასდროს იტყუებიან. თუ მათ მოსწონხარ, აუცილებლად იტყვიან“.

ჰარი მსოფლიო ტურნეებისა და კონცერტების დროს მოდურად იმოსება. მისი კოსტიუმები ხშირად გამოირჩევა ფლორალური პრინტით. ის არასდროს ამბობს უარს იყოს განსხვავებული და ფრჩხილის ლაქსაც ატარებს. მისი აზრით, პერსონალური სტილი და თვითგამოხატვა წარმატების ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

„ხალხი ჩემი შოუს სანახავად მოდის, მათ უნდათ ჩემი ბუნებრივი სახის დანახვა, მე კი უბრალოდ არ მინდა ვიყო ფარისეველი. გამიმართლა, რომ ვმუშაობ ინდუსტრიაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ შემოქმედებითი და გამოვხატოთ საკუთარი თავი. ჩემს გულშემატკივრებსაც სწორედ იმავეს ვურჩევდი, არ დამალონ არაფერი და იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან“.

მოდის სამყაროსა და მუსიკალური ინდუსტრიის პარალელურად, ჰარიმ დაამტკიცა, რომ საკმაოდ ნიჭიერი მსახიობია, როდესაც კრისტოფერ ნოლანის ფილმში Dunkirk ითამაშა (ნოლანმა განაცხადა, რომ არც კი იცოდა, რამდენად ცნობილ ვარსკვლავთან უწევდა მუშაობა, როდესაც ჰარი როლზე დაამტკიცა). მრავალმხრივი პოპულარობის პარალელურად, შემსრულებელი ფიქრობს, რომ სხვა ადამიანებისგან არაფრით გამოირჩევა. მისი აზრით, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.

„არ მგონია პოპულარობა რამეს ცვლიდეს, რადგან საბოლოოდ, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ადრეულ ასაკში დიდ დროს ვატარებდი იმაზე ფიქრში, თუ რა მოხდებოდა მომავალში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ვცდილობ, შემაშფოთებელ და ამაღელვებელ საკითხებს თავი ავარიდო. ალბომების გამოსვლის დროს ძალიან მეშინოდა – არ ვიცი, ეს შეგნებულად იყო თუ ქვეცნობიერად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნამუშევრები მომწონს, მათ გამოსვლამდე მაინც ძალიან მეშინოდა“.

2019 წლის ალბომი Fine Line არის პოპ-როკ-კატეგორიის ნამუშევარი, რომელსაც ეტყობა გასული საუკუნის 70-იანი წლების როკ-მუსიკის გავლენა, ფოლკლორის, სოულისა და ფანქის ელემენტებით.

„მუსიკაში მთავარია თავისუფლება, რაც შთამაგონებს. 1970-იანი წლების მუსიკოსების შემოქმედებას რომ მოუსმინოთ, გაოცდებით, თუ რამდენი ხნის წინ დაიწერა და დღესაც როგორი სასიამოვნოა მათი მოსმენა. მომწონს ამ ეპოქის მუსიკოსთა ჟღერადობა და ხშირად მსგავსის შექმნა მეც მინდა. ცხადია, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მუსიკალური ინდუსტრია შეიცვალა, თუმცა ადრინდელთან შედარებით, ახლა ის კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანია“.

ჰარი ფიქრობს, რომ თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვს და აკეთებ იმას, რაც ჭეშმარიტად გსურს, წარუმატებლობა გამორიცხულია. მისთვის არ არსებობს ცუდი სიმღერა ან არშემდგარი ალბომი, ვიდრე გულშემატკივრები მისი საქმიანობის ერთგულები იქნებიან.

„მსოფლიო ტურნეს შემდეგ გავაანალიზე, რომ ერთადერთი, რაც ხალხს სურს, ეს არის გააკეთო ის, რაც შენ გინდა. ვფიქრობ, თუ ადამიანებს სჯერათ შენი, შეგიძლია გამოუშვა ცუდი სიმღერა, ისინი კი მაინც მოვლენ მოსასმენად, თუ შენით დაინტერესებულები არიან. როდესაც ნაშრომი ავთენტურობას კარგავს, მხოლოდ მაშინ იკარგება აუდიტორიაც. მათ არც ვამტყუნებ. მე რომ არტისტი მომწონდეს და ვიგრძნო, რომ მისი შესრულება მოჩვენებითია, აღარ გავაგრძელებ მის შოუებზე სიარულს. ყველაზე ცუდი კი ის არის, როდესაც გინდა გამოუშვა სიმღერა, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ შემდეგ წარმატებული არ აღმოჩნდება. ამ დროს ფიქრობ, რომ სჯობდა გაგეკეთებინა ის, რაც თავად გსურდა. საბოლოო ჯამში, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და ერთ რამეს მივხვდი, რომ თუ აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდა, ვერავინ გეტყვის, რომ წარუმატებელი ხარ, რადგან შენ ქმნი პროდუქტს, რომელიც თავად გსურს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“.