შონ პენის აზრით, კაცები უფრო ფემინურები გახდნენ, რაც

შონ პენის აზრით, კაცები უფრო ფემინურები გახდნენ, რაც "მშიშარა გენების" ბრალია

იანვრის დასაწყისში ოსკაროსანმა მსახიობმა შონ პენმა საზოგადოების ყურადღება ფემინურობისა და მასკულინობის საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებით მიიქცია, რომელიც მან ახალი ფილმის, Flag Day-ის განხილვისას გამოთქვა.

"ადამიანთა იმ ჯგუფს მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკული კულტურა ფემინური გახდა. არ ვფიქრობ, რომ უხეშობა ან ქალების მიმართ უგრძნობლობა და უპატივცემულობა მასკულინობას უკავშირდება ან უკავშირდებოდა. მაგრამ არც იმას ვთვლი, რომ ქალებთან თანასწორობისთვის ჩვენც ქალებად უნდა ვიქცეთ", — განაცხადა მსახიობმა.

ცოტა ხნის წინ შონ პენი შვილთან ერთად Flag Day-ის შესახებ გამოცემა Independent-თანაც ისაუბრა. საუბრისას ჟურნალისტმა აღნიშნული ფრაზის შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხა, რის შემდეგაც მსახიობმა ფემინურობისა და მასკულინობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ დააზუსტა:

"ვფიქრობ, კაცები ფემინურები გახდნენ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძლიერი ქალია, რომელიც მასკულინობას ჩაგვრად არ აღიქვამს. ვფიქრობ, მშიშარა გენები აიძულებს კაცებს, რომ ჯინსები დათმონ და კაბები ჩაიცვან", — განმარტა შონ პენმა.

Flag Day შონ პენის ნამუშევარია, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ფილმში მამა-შვილის როლს შონ პენი და მისი შვილი ასრულებენ.