ორი კვირის წინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შვედეთის ეროვნული გუნდისა და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზულ კლუბს დატოვებდა და კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებდა.
კულუარული ცნობით, ტურინულმა გუნდმა იბრაჰიმოვიჩს ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა და სკანდინავიელი შემტევი ახალ გუნდში გადასვლაზე თანახმა გახლდათ.
დღეს დილით გამოცემას „Football.fr” ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ესაუბრა. „კარლიტოს“ მტკიცებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონში კვლავ „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს.
„იტალიელებს ზლატანის გადაბირება ნამდვილად სურდათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდათ. შვედი თავდამსხმელი პარიზში თავს შესანიშნავად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.
ვისარგებლებ შემთხვევით და გაცნობებთ, რომ მადრიდის „რეალის „ხელმძღვანელობა“ ნამდვილად დამიკავშირდა. ბატონ ფლორენტინო პერესს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს შემცვლელად ვესახები. ესპანელების სამწუხაროდ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ჩემს პასუხს უახლოეს მომავალში გაიგებთ.“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.