მსოფლიოში უხუცესი კუ ჯონათანი იუბილარია - ის 190 წლის გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჯონათანი სეიშელის გიგანტური კუების სახეობას მიეკუთვნება და გინესის რეკორდების წიგნში უკვე რეგისტრირებულია, როგორც ხმელეთზე მობინადრე ყველაზე ასაკოვანი არსება. თუმცა ახლა ის ოფიციალურად უხუცესი კუ გახდა, რომლის შესახებაც კაცობრიობამ იცის.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჯონათან 1832 წელს დაიბადა, წელს კი მადაგასკარის კუ ტუი მალილუს რეკორდი გააუმჯობესა - 1965 წელს დაღუპულმა კუმ სულ მცირე 188 წელი იცოცხლა.
ჯონათანი ატლანტის ოკეანეს სამხრეთით, წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს და ადგილობრივი ვარსკვლავია. ლონდონის ბრიტანული მუზეუმის მონაცემებით, კუ კუნძულზე 1882 წლიდან ბინადრობს. მისი ფოტო, რომელიც 1882-1886 წლებშია გადაღებული, ადასტურებს რომ იმ მომენტისთვის ის უკვე მოზრდილი იყო და სავარაუდოდ სულ მცირე 50 წლისა იყო.